მცდარია, რომ უკრაინის მიერ კონსტიტუციიდან ნეიტრალიტეტის მუხლის ამოღების შემდეგ გამწვავდა ვითარება დონბასში და რომ ბორის ჯონსონმა ჩაშალა 2022 წლის შეთანხმება, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს ითვალისწინებდა
სოციალურ მედიასა და პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ვრცელდება მცდარი მტკიცება, რომ უკრაინა თავდაპირველად კონსტიტუციით ნეიტრალური სახელმწიფო იყო, შემდეგ ეს ნორმა კონსტიტუციიდან ამოიღო, რის გამოც დონბასში ომი გამწვავდა, ხოლო 2022 წლის აპრილში უკრაინა ნეიტრალიტეტს ისევ დათანხმდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეთანხმება ჩაშალა.
გავრცელებული მტკიცების საწინააღმდეგოდ, უკრაინის 1996 წლის კონსტიტუცია არასოდეს შეიცავდა მუხლს, რომელიც უკრაინას ნეიტრალურ ან სამხედრო ბლოკებს მიღმა მდგომ სახელმწიფოდ აცხადებდა. კონსტიტუციის მე-17 მუხლი მხოლოდ იმას ადგენს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება დაუშვებელია. ეს ნორმა ნეიტრალიტეტის ან არაბლოკური სტატუსის გამოცხადებას არ ნიშნავს. გარდა ამისა, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებით უკვე არსებული ბაზების დროებითი გამოყენება დაიშვებოდა. სწორედ ამ დებულებით რჩებოდა სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი.
ხშირად დაბნეულობას იწვევს 1990 წლის 16 ივლისის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია, რომელიც მართლაც აცხადებდა, რომ უკრაინა მიზნად ისახავდა მომავალში მუდმივად ნეიტრალური და არაბლოკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თუმცა ეს იყო პოლიტიკური დეკლარაცია, მიღებული ჯერ კიდევ საბჭოთა უკრაინის უზენაესი საბჭოს მიერ, სსრკ-ის დაშლამდე, და არა კონსტიტუციური ნორმა. მოგვიანებით მიღებულ 1996 წლის კონსტიტუციაში ასეთი დებულება აღარ აისახა.
უკრაინის არაბლოკური სტატუსი პირველად კონსტიტუციით კი არა, ჩვეულებრივი კანონით განისაზღვრა. 2010 წლის 1 ივლისს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების პერიოდში, უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი „საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“, რომელმაც ქვეყანას არაბლოკური (non-aligned) სტატუსი მიანიჭა (არქივი). ამ კანონით საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან ამოიღეს ნატოში გაწევრიანების მიზანი, რომელიც უკრაინის კანონმდებლობაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას დროიდან, იყო ჩაწერილი. ეს გადაწყვეტილება არ ცვლიდა კონსტიტუციას.
2014 წლის 23 დეკემბერს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში რუსეთის მხარდაჭერილი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინის პარლამენტმა 303 ხმით გააუქმა არაბლოკური სტატუსი და ის კანონიდან "საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ" ამოიღო. ამ ცვლილებით წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების მისაღწევად ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება დაისახა მიზნად. 2017 წლის ივნისში კი პარლამენტმა ნატოში გაწევრიანება კანონით საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.
2019 წელს უკრაინამ მართლაც შეცვალა კონსტიტუცია, თუმცა არა იმიტომ, რომ იქ არსებული ნეიტრალიტეტის ნორმა გაეუქმებინა. 2019 წლის 7 თებერვალს პარლამენტმა 334 ხმით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებითაც პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას დაეკისრათ ვალდებულება, ემოქმედათ უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიული კურსის განსახორციელებლად. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის პრეამბულას და 85-ე, 102-ე და 116-ე მუხლებს. ანუ, 2019 წელს კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი. მანამდე კონსტიტუცია არც ნეიტრალიტეტს და არც ნატოს წევრობის მისწრაფებას არ შეიცავდა.
ამ ცვლილებებს არანაირი კავშირი არ აქვს ყირიმსა და დონბასში “სიტუაციის გამწვავებასთან,” როგორც ეს სოციალურ მედიაში აღინიშნება ხოლმე. დონბასში რუსეთის მიერ ინსპირირებული შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ ყირიმის ანექსია და დონბასის ომი იმ დროს დაიწყო, როდესაც უკრაინას კანონით ჯერ კიდევ არაბლოკური სტატუსი ჰქონდა.
შესაბამისად, 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილება ვერ იქნებოდა იმ სამხედრო ესკალაციის მიზეზი, რომელიც უკვე ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ნეიტრალიტეტის თემის მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებას 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ეს სიმართლეა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის აგრესიიდან დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც კიევზე რუსეთის შეტევა წარუმატებელი გამოდგა, 29 მარტს სტამბულში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა დელეგაციამ მართლაც წარადგინა წინადადება (ე.წ. სტამბულის კომუნიკე), რომლის მიხედვითაც უკრაინა მზად იყო მუდმივი ნეიტრალიტეტი მიეღო. თუმცა, სანაცვლოდ უკრაინა მოითხოვდა:
- საერთაშორისო, სამართლებრივად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს;
- გარანტიებს, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმით იმუშავებდა;
- ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შენარჩუნებას.
შეთავაზება ასევე ითვალისწინებდა, რომ უკრაინა არ გაწევრიანდებოდა სამხედრო ალიანსებში და მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები არ განთავსდებოდა. ყირიმის სტატუსი შეთანხმების მოქმედების სფეროდან გამოირიცხებოდა და მასზე მოლაპარაკება 10-15 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ამ თემაზე უკრაინა 2022 წლის შემდეგაც საუბრობდა და კონკრეტული დისკუსიები მიმდინარეობდა ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებთან, რომ ასეთი გარანტიების უზრუნველყოფა სწორედ მათი მხრიდან მომხდარიყო.
ბუჩასა და ირპინში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენამ, რაც 2022 წლის აპრილის დასაწყისში, რუსული ჯარების კიევის ოლქიდან გასვლის შემდეგ მოხდა, მოლაპარაკებებს მძიმე დარტყმა მიაყენა. 4 აპრილს ბუჩაში ვიზიტისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დანაშაულების შემდეგ მოსკოვთან მოლაპარაკება „ძალიან რთული“ იქნებოდა. თუმცა კონტაქტები მაშინვე არ შეწყვეტილა: მხარეები პროექტებს აპრილის შუა რიცხვებამდე ცვლიდნენ, ბოლო ცნობილი პროექტი 15 აპრილით თარიღდება, ხოლო 17 მაისს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს.
ასევე, არასწორია მტკიცება, რომ რუსეთი მზად იყო სტამბოლის შეთანხმების მისაღებად და მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის გამო ჩაიშალა. რუსეთი სიტყვიერად ეთანხმებოდა უსაფრთხოების გარანტიების იდეას. თუმცა შემდგომ პროექტებში მოითხოვდა, რომ გარანტორ ქვეყნებს შორის თავად რუსეთიც ყოფილიყო და ნებისმიერი რეაგირება ყველა გარანტორის თანხმობით მომხდარიყო. ეს რუსეთს ვეტოს უფლებას აძლევდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად განმეორებით თავს დაესხმოდა უკრაინას. ასეთი პირობებით გარანტიები პრაქტიკულად აზრს კარგავდა.
როგორც წესი, რუსეთის პროპაგანდა 2022 წლის აპრილის ხელშეკრულებების ჩაშლას ბორის ჯონსონს აბრალებს, თუმცა მტკიცებულებები, რომ სწორედ ჯონსონმა ჩაშალა მზა შეთანხმება, არ არსებობს. აღნიშნულ საკითხზე ჯეოფაქტსი აქამდეც წერდა.
სტამბულის მოლაპარაკებების ჩაშლის საკითხზე შემდგომში გამოქვეყნებული დოკუმენტები (მათ შორის 15 აპრილის პროექტი, რომელიც The Wall Street Journal-მა და The New York Times-მა 2024 წელს გამოაქვეყნეს) და მოლაპარაკებების მონაწილეთა ინტერვიუები აჩვენებს, რომ მხარეებს შორის კვლავ არსებობდა ფუნდამენტური უთანხმოება. ამავე დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები სამუელ ჩარაპი და სერგეი რადჩენკო, რომლებმაც ეს მოლაპარაკებები დეტალურად შეისწავლეს.
ყველაზე პრობლემურ და მოუგვარებელ საკითხებს შორის იყო:
- უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმი, მათ შორის რუსეთის მოთხოვნა, გარანტორების გადაწყვეტილებები მისი თანხმობით მიეღოთ;
- რუსეთის მოთხოვნები უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე: მოსკოვი 85 000 ჯარისკაცსა და 342 ტანკს ითხოვდა, კიევი 250 000 ჯარისკაცსა და 800 ტანკს;
- ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი;
- გარანტორ სახელმწიფოებს შორის გადაწყვეტილებების მიღების წესი;
- რუსეთის დამატებითი მოთხოვნები რუსული ენის სტატუსსა და სანქციების მოხსნაზე, რომელთა განხილვაზეც უკრაინამ უარი თქვა.
შესაბამისად, ამ საკითხებზე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. უკრაინის ლიდერების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ბუჩას დანაშაულების გამოვლენის შემდეგ მოსკოვთან მოლაპარაკება პოლიტიკურად და მორალურად უკიდურესად გართულდა.