სოციალურ ქსელში პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის გაყალბებული ფოტო ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ციხიდან ახალ-გათავისუფლებული პროფესორის, გოგი ჩახუნაშვილის ფოტო, რომელშიც მას ხელში დიდი მაცივარი უჭირავს.
იმ ვიდეოს თავდაპირველი ვერსიის შესწავლა, საიდანაც აღებულია ფოტო, გვიჩვენებს, რომ ფოტო გრაფიკულად დამუშავებულია და სინამდვილეში ჩახუნაშვილს ხელში არაფერი მსგავსი არ უჭირავს.
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომელსაც თან ერთვის ექიმის, პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის ფოტო, რომელშიც მას ხელში მოზრდილი მაცივარი უჭირავს (დაარქივებული ბმული). ფოტოდან აშკარაა, რომ ის აღებულია ტვ პირველის 17 საათის საინფორმაციო გამოშვების პირდაპირი ეთერიდან და ასახავს გოგი ჩახუნაშვილის ციხიდან გათავისუფლების კადრებს. გამავრცელებლი კომენტარის სახით ფოტოს თან ურთავს, რომ "ჩახუნაშვილმა მოინანია".
იქიდან გამომდინარე, რომ პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი სიახლე იყო და ფართოდ გაშუქდა მედიის, მათ შორის ტელეკომპანია პირველის მიერ, ფოტოს წყაროდ გამოყენებული პირდაპირი ეთერის მიკვლევა რთული არ ყოფილა. აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება ეთერში 2026 წლის 18 სექტემბერს გავიდა და მისი შესაბამის დროზე გადახვევის შემთხვევაში აშკარა ხდება, რომ გოგი ჩახუნაშვილს ხელში არაფერი უჭირავს და კადრში ჩანს, თუ როგორ მოაბიჯებს ის ქუჩაში შვილთან, კონსტანტინე ჩახუნაშვილთან ერთად. შესაბამისად აშკარა ხდება, რომ ვიდეოდან მოჭრილი რეალური ფოტო გრაფიკულად ან ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულია სასურველი ირონიული ეფექტის მისაღწევად.
ხელისუფლების მხარდამჭერი აქტორების მიერ ოპოზიციური ძალებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პიროვნებების ციხიდან გათავისუფლებისას მათი დიდი ზომის ნივთებით ხელში წარმოჩენა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2025 წლის ნოემბერში ციხიდან გათავისუფლებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა ციხეში პირადი მოხმარებისთვის შეძენილი მცირე ზომის მაცივარი ციხიდან გამოიტანა. მას შემდეგ პროსახელისუფლებო აქტორებმა არაერთხელ შექმნეს ციხიდან გათავისუფლებული პირების გასაშარჟებლად მომზადებული დამუშავებული ფოტოები, რომლებშიც მათ ციხიდან დიდი ზომის სხვადასხვა ნივთები გამოაქვთ. Geofacts-ს ამ საკითხის შესახებ ადრეც დაუწერია.