სოციალურ ქსელში ტელეფონზე სავარაუდო მიყურადების გამოვლენისთვის შეცდომაში შემყვანი რჩევა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მოცემულია რჩევა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი სატელეფონო საუბრები და მიმოწერა ფარული მიყურადებისგან.
ვიდეოს ავტორი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა უსმენდნენ, კონკრეტულ რჩევას აძლევს. მისი თქმით, მესამე პირებს შეუძლიათ, მომხმარებლის ცოდნის გარეშე, ტელეფონით განხორციელებულ ზარებსა და შეტყობინებებზე წვდომა მიიღონ, მოუსმინონ საუბარს და წაიკითხონ შეტყობინებები. ამის შემდეგ ავტორი მაყურებლებს ურჩევს, ტელეფონზე აკრიფონ *#21# და შეამოწმონ მიღებული პასუხი. მისი მტკიცებით, თუ ეკრანზე ტელეფონის ნომერი გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ზარები და შეტყობინებები ამ ნომერზეა გადამისამართებული, ხოლო თუ წერია „არ არის გადამისამართებული“ (not forwarded), მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მისი კომუნიკაცია უსაფრთხოა.
სინამდვილეში, ზარის გადამისამართება და კომუნიკაციის თვალთვალი ან ჩარევა ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქციებია. *#21# კოდი დაკავშირებულია ზარის გადამისამართების პარამეტრებთან და მისი საშუალებით ვერ დადგინდება, მიმდინარეობს თუ არა ტელეფონის მონიტორინგი.
ზარის გადამისამართება სატელეკომუნიკაციო სერვისია, რომლის დროსაც შემომავალი ზარი სხვა ნომერზე გადაიგზავნება. უპირობო გადამისამართების შემთხვევაში შემომავალი ზარი პირდაპირ გადამისამართდება მითითებულ ნომერზე. პირობითი გადამისამართების შემთხვევაში კი ზარი შეიძლება სხვა ნომერზე გადაიგზავნოს, მაგალითად, მაშინ, როდესაც მომხმარებელი დაკავებულია, ზარს არ პასუხობს ან მიუწვდომელია.
თუ ზარი გადამისამართებულია, დანიშნულების ნომრის მფლობელს შეუძლია გადამისამართებულ ზარს უპასუხოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ასევე მოუსმინოს ზარს, რომელსაც ზარის თავდაპირველმა მიმღებმა უპასუხა. ჩვეულებრივი ზარის გადამისამართების შემთხვევაში კომუნიკაცია სხვა ნომერზე გადამისამართდება და არ ხდება მისი პარალელურად მესამე პირთან გაზიარება.
ზარის გადამისამართების ფუნქცია შესაძლოა თაღლითებმა ან სხვა მავნე აქტორებმა ბოროტად გამოიყენონ. მაგალითად, უნებართვო გადამისამართების შემთხვევაში შემომავალი ზარები შეიძლება სხვა პირის მიერ კონტროლირებად ნომერზე გადაიგზავნოს, რის შედეგადაც მას მსხვერპლისთვის განკუთვნილ ზარებზე წვდომა ექნება არა იმ ფუნქციით, რომ მან მსხვერპლის ზარებს მოუსმინოს, არამედ ის ზარებს მსხვერპლის ნაცვლად მიიღებს. მსხვერპლი ამ კომუნიკაციაში არ მონაწილეობს. ზარის გადამისამართების ჩვეულებრივი ფუნქციით სარგებლობისას მესამე პირი კომუნიკაციაში არ მონაწილეობს.
კომუნიკაციის ჩარევა, საუბრის მიყურადების მიზნით, სხვა მეთოდებით ხდება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელის დონეზე კანონით გათვალისწინებული მიყურადებით, ტრადიციული მოსმენით, მოწყობილობაში მავნე პროგრამის დაყენებით ან ტელეფონზე სხვა სახის არასანქცირებული წვდომით. ზარის გადამისამართების პარამეტრების შემოწმება ასეთი ტიპის მეთვალყურეობას ვერ გამოავლენს.
ზარის გადამისამართების ფუნქცია მობილური ოპერატორების ჩვეულებრივი, კანონიერად არსებული სერვისია. ამ ფუნქციის გამოყენება სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით შეიძლება, მაგალითად, ბიზნეს ოპერაციებისთვის ან როდესაც მნიშვნელოვან ზარს ელოდებით და იცით, რომ იმ დროს ტელეფონთან არ იქნებით, შეგიძლიათ ზარი სანდო მესამე პირზე გადაამისამართოთ. თქვენი მობილური ოპერატორის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პირობები, რომლითაც ამ ფუნქციის გამოყენებას შეძლებთ (მაგალითად ბმული 1; ბმული 2).
შესაბამისად, *#21# კოდის აკრეფის შემდეგ ზარის გადამისამართების აქტიური პარამეტრის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ადამიანს უთვალთვალებენ. ამავდროულად, თუ აღმოჩნდება, რომ ზარები არ არის გადამისამართებული, ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაციის სხვა გზებით მიყურადება არ მიმდინარეობს. აღნიშნული კოდი გამოიყენება ზარის გადამისამართების გარკვეული პარამეტრების შესამოწმებლად და არა იმის დასადგენად, მიმდინარეობს თუ არა ტელეფონის მონიტორინგი.