სოციალურ ქსელში თორნიკე რაზმაძის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მონაკვეთი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თორნიკე რაზმაძეს ევროკავშირი არ მოსწონს.
ინტერვიუს სრული ვერსია ცხადყოფს, რომ მონაკვეთი კონტექსტის გარეშეა გავრცელებული.
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მოკლე (9 წამიანი) ვიდეო, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი და სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელი, თორნიკე რაზმაძე თითქოს ამბობს, რომ ევროპა თვითმიზანი არ არის და მათი ვარსკვლავებიანი ლურჯი დროშა არ მოსწონს (დაარქივებული ბმული). მონაკვეთს თან მოსდევს ვიდეო-ჭრა ქართული კომედიური ფილმიდან "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", თითქოსდა რიტორიკული შეკითხვით, რომელიც უწმაწური სიტყვებით სრულდება.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ინტერვიუს სრული ვერსიის მოძებნამდეც კი, წინადადების წყობა, რომელსაც თორნიკე რაზმაძე იყენებს, მიგვითითებს, რომ მას აზრი არ დაუსრულებია და სავარაუდოდ ვიდეოში ასახულ სიტყვებს გაგრძელება მოჰყვება. რაზმაძე ამბობს: "ევროპა თვითმიზანი კი არ არის და კი არ მომწონს მაინცდამაინც იმათი ვარსკვლავებიანი ლურჯი დროშა ხო...". მსგავსი წყობის წინადადებები, როგორც წესი, უკვე ნათქვამ სიტყვებთან შეპირისპირებული აზრით მთავრდება ხოლმე.
რაც შეეხება ვიდეოს სრულ ვერსიას, გავრცელებული მონაკვეთი აღებულია ტვ "პირველის" 2026 წლის 19 ივნისის გადაცემიდან თეა ადეიშვილის "დღის ამბები", სადაც თორნიკე რაზმაძე სტუმრად იყო მიწვეული. ჩვენი ანალიზისთვის რელევანტური მონაკვეთი მიახლოებით 38:00-დან იწყება. თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ მას ევროპა კი არ უნდა, როგორც თვითმიზანი, არამედ ევროპაში არსებული სიკეთეების ნახვა სურს საქართველოში, რისი მიღწევის გზაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ამ კონტექსტში იყენებს რაზმაძე ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში არსებულ წინადადებას.
შესაბამისად, თორნიკე რაზმაძე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგოდ არ გამოდის, ის ევროკავშირზე როგორც საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შექმნის ინსტრუმენტზე საუბრობს.