Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება

ივნისს 12, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ეჭვქვეშაა დაყენებული უკრაინაში ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები. იდენტური ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე და TikTok-ზე (არქივირებული ბმული).

ბუჩაში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი დახოცვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კიევის ოლქის რუსებისგან გათავისუფლდა და 2022 წლის 2 აპრილს ირპენში, ბუჩაში, გოსტომელსა და ოლქის სხვა ქალაქებში უკრაინული ჯარები შევიდნენ. გათავისუფლების შემდეგ ბუჩაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს, ქალაქის მერის თქმით, "რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს" (არქივი).

ბუჩაში მასობრივი ხოცვის შესახებ ინფორმაცია მაშინვე უარყო რუსულმა მხარემ. 2022 წლის 4 მარტს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და დადგმული სცენა უწოდეს. მტკიცებულებად მოჰყავდა ის ფაქტი, რომ რუსულმა ჯარებმა ბუჩა 30 მარტს დატოვეს, ხოლო 31 მარტს და 2 აპრილს გაკეთებულ განცხადებებში უკრაინული მხარე გარდაცვლილებზე არაფერს ამბობდა. გარდა ამისა რუსეთი ამტკიცებდა, რომ სულ მცირე 4 დღის შემდეგ, გარდაცვლილების სხეულები არ იყო გამაგრებული, არ ჰქონდათ დამახასიათებელი გვამური ლაქები და დაგროვებული სისხლის კვალი.

სინამდვილეში როგორც სატელიტური მასალით, ისე გაეროსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციების დამოუკიდებელი გამოძიებებით დასტურდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ოკუპაციის დროს რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს.

რა მტკიცებულებები მოიპოვა The New York Times-მა?

მომხდარის გასაჯაროვებიდან მალევე, The New York Times-მა ბუჩას სატელიტური ფოტოები გააანალიზა და დაადგინა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ მოკლეს, ანუ მაშინ, როდესაც ქალაქს რუსული სამხედროები აკონტროლებდნენ.

ვიდეოში, რომელიც ადგილობრივი საბჭოს წევრმა 1 აპრილს ბუჩაში გადაიღო, ჩანს, რომ იაბლონსკას ქუჩის გასწვრივ მრავალი ცხედარია მიმოფანტული. Maxar Technologies-ის მიერ The New York Timess-ისთვის მიწოდებული სატელიტური ფოტოები ამტკიცებს, რომ მათგან მინიმუმ 11 სხეული ქუჩაში 11 მარტიდან იყო, იმ დროიდან, როცა რუსულმა სამხედროებმა ქალაქის ოკუპაცია მოახდინეს.

იმის დასადასტურებლად, თუ როდის მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და როდის გამოჩნდა მათი სხეულები ქუჩებში, The New York Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფმა ჩაატარა სატელიტური გამოსახულების წინასწარი და შემდგომი ანალიზი. სურათებზე ნაჩვენებია ადამიანის სხეულის ზომის მუქი ობიექტები, რომლებიც იაბლონსკას ქუჩაზე 9 მარტიდან 11 მარტამდე ჩნდება. ობიექტების პოზიციები ზუსტად ემთხვევა იმ პოზიციებს, რომლებშიც სხეულები 1 აპრილის კადრებში ჩანს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ობიექტები ამავე პოზიციაში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გარდაცვლილების სხეულები სხვადასხვა ადგილასაა ნაპოვნი. მეორე ვიდეოში, რომელიც იაბლონსკას ქუჩაზეა გადაღებული ჩანს 3 სხეული. ერთ-ერთი ველოსიპედის გვერდით, მეორე კი მიტოვებული მანქანის სიახლოვესაა. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ აღნიშნული მიტოვებული მანქანები და მასთან ახლოს მდებარე სხეულები 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.

წყარო: The New York Timess

რუსეთი თავის მტკიცებას, რომ გარდაცვლილების სხეულები არ არის გამაგრებული, არ აქვს დამახასიათებელი გვამური ლაქები და დაგროვებული სისხლის კვალი, რაც არაბუნებრივია, მანიპულაციის საშუალებად იყენებს. BBC-ისთან ინტერვიუში სასამართლო პათოლოგისტმა, რომელიც რუანდასა და კოსოვოში ომის დანაშაულებს იძიებდა, განაცხადა, რომ 4 დღის შემდეგ სხეულის გამაგრება „ჩვეულებრივ მცირდება“. რაც შეეხება გვამურ ლაქებს, პათოლოგისტი აღნიშნავს, რომ ადამიანის გარეგნობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იარაღია გამოყენებული, რა მანძილიდან გაისროლეს და ა.შ.

ასევე რუსეთის მტკიცება, რომ გარდაცვლილებს სისხლის კვალი არ ეტყობათ და ამიტომ სცენები დადგმულია, ყალბია. სასამართლო პათოლოგისტის თქმით, გარდაცვლილის სხეულზე სისხლი ყოველთვის ხილული არაა. ამის მიზეზი სისხლის სხვადასხვა ადგილას დაგროვებაა - ის შეიძლება სხეულის ქვეშ ჩაიღვაროს ან სქელმა ტანსაცმელმა შეიწოვოს. ამასთან, თუ სხეული დაწოლილ მდგომარეობაშია, სისხლის დაგროვების ადგილი შესაძლოა ფოტოდან ხილული არ იყოს.

რუსეთის კიდევ ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, უკრაინის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გარდაცვლილებად წარმოჩენილი სხეულები მოძრაობენ. ვიდეოს კარგი ხარისხი არ აქვს, თუმცა მისი დაკვირვებით ანალიზი აჩვენებს, რომ ე.წ. „მოძრავი მკლავი“, სინამდვილეში, მანქანის საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნიშანია - ლაქა ან წვიმის წვეთი.

კიევის რეგიონი რუსებისგან სრულად 2 აპრილს გათავისუფლდა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას, თანახმად, კიევის რეგიონიდან 410 მოკლული მოქალაქის სხეული გაიტანეს. რეგიონში, ბუჩას ჩათვლით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოებიც იპოვეს. Maxar Technologies-ის სატელიტურმა გამოსახულებებმა დაადასტურა, რომ მასობრივი სასაფლაოების პირველი ნიშნები церкви Андрея Первозванного и Всех Святых в Буче-ის მახლობლად, 10 მარტს იყო.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2022 წლის 24 თებერვალსა და 6 აპრილს შორის პერიოდში უკრაინაში კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის რეგიონებში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შეისწავლა (არქივი). მისიამ კონკრეტულად ბუჩაში 70 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა და ანგარიშის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ გამოძიება დამატებით 105 მკვლელობაზე მიმდინარეობდა. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მათ მიერ დადასტურებული (არქივი).

ბუჩაში მომხდარ მასობრივ ხოცვაზე გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ:

"ბუჩა არის ქალაქი, რომლის მოსახლეობა ომამდე, სავარაუდოდ, 40 000 ადამიანს შეადგენდა და რომელიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმის პირველივე დღეებიდან, ბუჩა გახდა საომარი მოქმედებების მოწმე, რაც მოიცავდა მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და ქუჩის ბრძოლების ეპიზოდებს, რომლებმაც პიკს 2022 წლის 3 და 4 მარტს მიაღწია. რუსულმა ძალებმა ქალაქზე სრული კონტროლი 5 მარტისთვის დაამყარეს და იქ 30 მარტამდე დარჩნენ. ამ დროისთვის ქალაქში, სავარაუდოდ, 5 000 მცხოვრები იყო დარჩენილი. 2 აპრილს ქალაქში შესულმა უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა, ასევე უკრაინელმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა ათობით ცხედარი ნახეს — თავდაპირველად ქუჩებში, შემდეგ კი მრავალ სხვა ადგილას: ეზოებში, ბინებში, სარდაფებში, ავტომობილებში, ტყიან ადგილებსა და ექსპრომტად მოწყობილ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ საფლავებში. ბევრ ცხედარს ეტყობოდა სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ნიშნები, როგორებიცაა: ჩაქცევები, ჭრილობები, ნატყვიარები, შეკრული ხელები და დამწვრობა. ქალაქის ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს ორი კოლექტიური საფლავი, რომლებიც 100-ზე მეტ ცხედარს შეიცავდა, ხოლო მთელ ქალაქში ათობით თვითნაკეთი საფლავის ექსჰუმაცია განხორციელდა. 7 აპრილისთვის ნაპოვნი იყო 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი; 13 სექტემბრისთვის მათმა რაოდენობამ 422-ს მიაღწია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ბუჩას პირველად 9 აპრილს ეწვია, ხოლო შემდეგ, 2022 წლის ოქტომბრამდე, კიდევ 11 დამატებითი ვიზიტი განახორციელა. ბუჩაში საქმეებზე მუშაობისას, OHCHR-მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ნათესავების, გადარჩენილებისა და მოწმეების რეტრავმატიზაცია, და სათანადოდ გაითვალისწინა სხვა აქტორების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ წარმოებული დოკუმენტირებისა და გამოძიების პროცესები.

2022 წლის 31 ოქტომბრისთვის OHCHR-მა ბუჩაში, 2022 წლის 4-დან 30 მარტამდე პერიოდში, 73 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაადოკუმენტა (54 მამაკაცი, 16 ქალი, 2 ბიჭი და 1 გოგონა). ამ შემთხვევებიდან 24 მკვლელობა დეტალურად არის წარმოდგენილი ამ ანგარიშში. 2022 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, OHCHR ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების კიდევ 105 სავარაუდო მკვლელობის გადამოწმების პროცესში იყო (85 მამაკაცი, 11 ქალი და 9 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია).

ბუჩაში მკვლელობების უმეტესობა თავმოყრილი იყო რამდენიმე ქუჩის გარშემო: ნოვოიაბლონსკა, სკლოზავოდსკა, ტარასივსკა, ცენტრალნა, ვოდოპროვიდნა, ვოკზალნა და განსაკუთრებით იაბლუნსკა. ეს ქუჩები მეზობელ ქალაქ ირპინს ესაზღვრებოდა, რომელზეც რუსული ჯარები მარტში კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ და სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებით დიდი კონცენტრაცია იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები მხოლოდ ქუჩაში გამოჩენის გამოც კი დახვრეტის რისკის ქვეშ დგებოდნენ. სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე (10 მამაკაცი, 3 ქალი და 1 გოგონა) მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით და დატოვეს იქ, სადაც დაეცნენ, იაბლუნსკას ქუჩის 150-მეტრიან მონაკვეთზე.

პირებს, რომლებიც ქალაქში ან მის მახლობლად ავტომობილებს მართავდნენ, და მათ, ვინც ბუჩას დატოვებას ცდილობდა, რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს და ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე ხოცავდნენ. მცხოვრებლებს (იარაღის მუქარითა და სიტყვიერი დაშინებით) მოუწოდებდნენ, დარჩენილიყვნენ სარდაფებსა და თავიანთ სახლებში. სარდაფებსა და საცხოვრებელ სახლებში რეგულარულად ატარებდნენ რეიდებს, ხოლო „საეჭვო“ პირებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, დაკითხვას უწყობდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან სავარაუდო (მიმდინარე ან წარსული) კავშირების შესახებ, ასევე სავარაუდო „ჯაშუშობაზე“, კერძოდ, რუსული ჯარების პოზიციების შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე. ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზევე მოკლეს, სხვები კი დააკავეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. როგორც ბუჩაში ნამყოფმა ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა თქვა: „თუ ადგილობრივები ჩვენს პოზიციებთან მოდიოდნენ, მათ აკავებდნენ, კითხავდნენ და თითქმის მაშინვე კლავდნენ“. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ზოგიერთი მკვლელობა სრულიად თვითნებური და უმიზეზო ჩანდა."

ანგარიში ასევე დეტალურად აღწერს მკვლელობათა ნაწილს და გადარჩენილების მონაყოლს. "ჯეოფაქტსი" ერთ-ერთ დადასტურებულ მკვლელობაზე გაეროს ანგარიშის (გვ. 13) ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბუჩაში, სკლოზავოდსკას ქუჩაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) დაადასტურა მკვლელობის შემთხვევა, როდესაც ბუჩაში, სკლოზავოდსკას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი მამაკაცი მოკლეს. ერთ-ერთმა მსხვერპლმა, 55 წლის მამაკაცმა, გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად დარჩენილიყო სკლოზავოდსკას ქუჩაზე მდებარე მათ ბინაში, რათა არ მიეტოვებინათ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცისთვის. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს რუსული ჯარები სკლოზავოდსკას ქუჩაზე შევიდნენ, მათ იგი მცირე ხნით დააკავეს და გამოკითხეს.

ბუჩაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან ერთად, მან და მისმა მეგობარმა, 57 წლის მამაკაცმა, გადაწყვიტეს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას წყლისა და საკვების მიწოდებით დახმარებოდნენ. თავდაპირველად მათ პროდუქტები ფეხით დაჰქონდათ, მოგვიანებით კი თეთრი ფურგონის გამოყენებაზე გადავიდნენ, რაც ბევრად უფრო დიდი წყლის ავზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა. 2022 წლის 28 მარტს, დაახლოებით დილის 08:30 საათზე, მამაკაცები სკლოზავოდსკას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეშას ჩეხავდნენ, საჭმელს ამზადებდნენ და წყლის დასარიგებლად ემზადებოდნენ.

ამ დროს ეზოში რუსი ჯარისკაცების ჯგუფი შევიდა. ერთ-ერთი მსხვერპლი კოცონთან დარჩა, ხოლო მეორე ფურგონისკენ გაიქცა. ჯარისკაცებმა პირველ მამაკაცს ახლო მანძილიდან ესროლეს, შემდეგ კი ცეცხლი ფურგონს გაუხსნეს. გასროლის ხმის გაგონებაზე, მეორე მსხვერპლის მეუღლემ დაახლოებით ხუთი წუთი დაიცადა და შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან გარეთ გავიდა. მან დაინახა თავისი ქმრის მეგობარი, რომელიც მიწაზე გარდაცვლილი იწვა და თავის არეში ნატყვიარი ჭრილობა ჰქონდა. საკუთარი ქმარი კი მან იქვე გაჩერებულ ფურგონში იპოვა გარდაცვლილი, გულმკერდის არეში მიყენებული ნატყვიარი ჭრილობით. მეუღლემ ორივე მსხვერპლი იმავე დღეს ეზოში დაკრძალა. ცხედრების ექსჰუმაცია 2022 წლის აპრილში განხორციელდა."

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოძიების შედეგები

Human Rights Watch-მა ორგანიზაცია ასევე შეისწავლა ბუჩაში მომხდარი მასობრივი ხოცვის შემთხვევები (არქივი). კერძოდ, მკვლევრებმა, რომლებიც ბუჩაში 4-დან 10 აპრილამდე, რუსული ძალების გასვლიდან რამდენიმე დღეში მუშაობდნენ, აღმოაჩინეს სიკვდილით დასჯის, სხვა უკანონო მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებებისა და წამების მრავალი მტკიცებულება.

ორგანიზაციამ პირისპირ გამოკითხა ბუჩას 32 მცხოვრები, ხოლო 5-ს ტელეფონით ესაუბრა, მათ შორის მსხვერპლებსა და მოწმეებს, პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებს, მორგის თანამშრომლებს, ექიმებს, მედდასა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. „Human Rights Watch“-მა გააანალიზა ქალაქში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმეებისა და მსხვერპლების მიერ მიწოდებული ორიგინალი ფოტო- და ვიდეომასალა, ისევე როგორც თანამგზავრული ფოტოები. ორგანიზაციის თქმით, შეგროვებული მასალები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ აშკარა სამხედრო დანაშაულებისა, რომლებიც რუსულმა ძალებმა ბუჩაში, ქალაქის ოკუპაციის დროს ჩაიდინეს.

Amnesty International-ის გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის, 4 აპრილს გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ბუჩადან მიღებული მასალები ომის დანაშაულების უფრო ფართო ნიმუშებს გვაჩვენებს, რომლებიც მოიცავს სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯასა და წამებას უკრაინის სხვადასხვა ოკუპირებული ადგილებიდან. ვშიშობთ, რომ რუსი ჯარისკაცების მხრიდან ბუჩაში მოქალაქეებზე ძალადობა არ არის ერთადერთი შემთხვევა. აღნიშნული ინციდენტები უნდა იქნა გამოძიებული, როგორც ომის დანაშაულები“.

მოგვიანებით, 2022 წლის 2 მაისს Amnesty International-მა ასევე გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში უკრაინაში და მათ შორის, ბუჩაში მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ. ორგანიზაციამ რუსული ძალების მიერ უკანონო მკვლელობების 22 შემთხვევა დაადასტურა ბუჩასა და კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მახლობლად მდებარე რაიონებში, რომელთა უმეტესობაც, აშკარად, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას წარმოადგენდა (არქივი).

მკვლევრებმა 2022 წლის აპრილში 12 დღე გაატარეს ბუჩაში, ბოროდიანკაში, ნოვი კოროჰოდში, ანდრიივკაში, ზდვიჟივკაში, ვორზელში, მაკარივსა და დმიტრივკაში მკვლელობების გამოსაძიებლად. საერთო ჯამში, მათ შეაგროვეს ჩვენებები 45 ადამიანისგან, რომლებიც შეესწრნენ ან პირველწყაროდან ფლობდნენ ინფორმაციას რუსი ჯარისკაცების მიერ მათი ნათესავებისა და მეზობლების მკვლელობის შესახებ, ასევე 39 სხვა ადამიანისგან, რომლებიც შეესწრნენ ან პირველწყაროდან ფლობდნენ ინფორმაციას დიდ საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული ავიადარტყმების შესახებ. მკვლევრებმა ასევე შეაგროვეს და გააანალიზეს ნივთიერი მტკიცებულებები იმ ადგილებიდან, სადაც დარტყმები და მკვლელობები მოხდა, ისევე როგორც ციფრული საგამოძიებო მასალების მთელი რიგი. მაგალითად, ბუჩაში ორგანიზაციის შეიარაღების მკვლევარმა დაადგინა, რომ ტყვიები იყო 9x39 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ვაზნები, რომელთა გასროლაც მხოლოდ იმ იარაღიდან არის შესაძლებელი, რომელსაც რუსეთის რამდენიმე სპეციალიზებული ქვედანაყოფი იყენებს — მაგალითად, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები (VDV) და სპეცდანიშნულების რაზმები (Spetsnaz), რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ბუჩაში მოქმედებდნენ (არქივი).

ამრიგად, ნებისმიერი მტკიცება, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსი ჯარისკაცების მიერ განხორციელებულ მკვლელობას უარყოფს, ტყუილია. როგორც სატელიტური ფოტო-მასალით, ისე გაეროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბუჩაში მკვლელობები რუსეთის ოკუპაციის დროს, მათი ჯარისკაცების მიერ განხორციელდა.


See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.