Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მცდარია მტკიცება, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ახალი წევრების სოფლის მეურნეობას განადგურება ელის

მცდარია მტკიცება, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ახალი წევრების სოფლის მეურნეობას განადგურება ელის

მაისს 29, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Economy

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მტკიცებები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოს სოფლის მეურნეობას დააზიანებს. აღნიშნული მტკიცებების მხარდასაჭერად, როგორც წესი, სიყალბის შემცველი, მანიპულაციური და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია გამოიყენება.

სინამდვილეში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება საპირისპირო სურათს აჩვენებს. ევროკავშირს არასოდეს მოუთხოვია სოფლის მეურნეობის განადგურება რომელიმე ახალი წევრებისთვის. პირიქით, სწორედ სოფლის მეურნეობის სექტორში მიიღეს ახალმა წევრებმა ყველაზე მასშტაბური ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.

მტკიცება 1: ევროკავშირის სუბსიდიები მხოლოდ ვენახის გასაჩეხად იქნება გამოყოფილი: აღნიშნული განცხადებების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი მტკიცება ეხება იმას, თითქოს ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ ვენახების გაჩეხვისთვის მისცემენ აგრარულ სუბსიდიას. ეს განცხადება, როგორც ჩანს, ევროკავშირის თხუთმეტი წლის წინანდელი დროებითი ზომის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ევროკავშირს მართლაც ჰქონდა ე.წ. “ვენახების შემცირების სქემა,” თუმცა ეს სქემა არ წარმოადგენდა წევრი ქვეყნებისთვის დაწესებულ მოთხოვნას. სინამდვილეში, ეს იყო 2008/09–2010/11 წლებში მოქმედი დროებითი საბაზრო ინტერვენცია, რომლის მიზანი იყო ამ პერიოდში ღვინის დიდი რაოდენობის მწარმოებელ რამდენიმე ქვეყანაში (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია) ღვინის ქრონიკული ჭარბწარმოების პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, ევროკავშირის მიზანს წარმოადგენდა არა ამ ქვეყნების ღვინის წარმოების და მევენახეობის მიზანმიმართული განადგურება, არამედ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის დაბალხარისხიანი ღვინის რაოდენობის შემცირება. ამ დროებით პროგრამაში ფერმერებს შეეძლოთ ნებაყოფლობით მიეღოთ მონაწილეობა, რა შემთხვევაშიც ევროკავშირი კომპენსაციას უხდიდა იმ მწარმოებლებს, რომლებიც თავად გადაწყვეტდნენ ვენახების შემცირებას. 2008/09 წლებში ამ პროგრამისთვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 464 მილიონი ევრო, 2009/10 წლებში — 334 მილიონი, ხოლო 2010/11 წლებში — 276 მილიონი ევრო.

ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის თანამედროვე მიდგომა ღვინის სექტორში მთლიანად ორიენტირებულია მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და არა ჭარბწარმოების აღმოფხვრაზე. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია რუმინეთი, რომელიც ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა. გაწევრების შემდეგ რუმინეთის ღვინის სექტორი ასეულობით მილიონი ევროს დახმარება მიიღო ვენახების გასაახლებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად, სარწყავი სისტემების გასაუმჯობესებლად და საექსპორტო მარკეტინგისა და წარმოების ხარისხის ასამაღლებლად. მხოლოდ 2007-2013 წლებში რუმინელმა მეღვინეებმა დაახლოებით 252 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, საიდანაც დაახლოებით 249 მილიონი უშუალოდ ვენახების რესტრუქტურიზაციასა და განახლებაზე დაიხარჯა. ამ პერიოდში 22,000 ჰექტარზე მეტი ვენახი გადაირგო და გაშენდა ახალი, უფრო პროდუქტიული და კონკურენტუნარიანი ჯიშები.

მტკიცება 2: გაწევრიანების შემდეგ ქვეყანა ვეღარ შეძლებს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების ეროვნული სახსრებით სუბსიდირებას. კიდევ ერთი დაუსაბუთებელი მტკიცების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრების შემდეგ ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საკუთარი პრიორიტეტული აგრარული დარგების სუბსიდირებას. ეს განცხადება ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა ის უგულებელყოფს მნიშვნელოვან ნიუანსებს. ევროკავშირში მართლაც არსებობს კონკურენციის საერთო წესები და სახელმწიფო დახმარების რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს უკონტროლო ეროვნულ სუბსიდირებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები საკუთარი პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში შესვლის შემდეგ. რეალურად, ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკა წევრ ქვეყნებს საკმაოდ ფართო მოქნილობას ანიჭებს. ქვეყნები თავად ადგენენ ე.წ. სტრატეგიულ გეგმებს და განსაზღვრავენ, რომელი სექტორები მიიღებენ დამატებით მხარდაჭერას. არსებობს ე.წ. დაწყვილებული დახმარების (coupled support) მექანიზმიც, რომელიც კონკრეტული სექტორების პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. ასეთ სფეროებს შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხშირად ასახელებენ ხოლმე მეცხოველეობას, რძის წარმოებას, მარცვლეულს, ღვინოს, შაქრს, ცილის შემცველ კულტურებს და სხვა დარგებს.

იმ არგუმენტს, რომ ევროკავშირის წევრები ვეღარ ახორციელებენ საკუთარი ფერმერების დახმარებას აბათილებს ე.წ. de minimis დახმარების კონცეფცია. ამ მიდგომის მიხედვით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია დახმარების მცირე მოცულობის გაცემა საკუთარ ბიზნესზე, ოღონდ თუ ეს დახმარება მცირე გავლენას ახდენს კონკურენციასა და ვაჭრობაზე. ასეთ შემთხევაში ამ დახმარებას ევროკომისიის წინასწარი ნებართვა არ სჭირდება. De minimis დახმარების სამართლებრივი საფუძველი სოფლის მეურნეობისთვის თავდაპირველად ჩამოყალიბდა კომისიის რეგულაციით No 1408/2013, ხოლო 2024 წლის დეკემბერში ის განახლდა რეგულაციით 2024/3118. სოფლის მეურნეობაში ასეთი მოქნილი ეროვნული სახსრების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფერმერებს ხშირად სწრაფი დახმარება სჭირდებათ გვალვის, ფასების ვარდნის, საწვავისა და სასუქის გაძვირების, ცხოველთა დაავადებების, ბაზრის დროებითი კრიზისის ან ლიკვიდობის პრობლემების დროს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აძლევს საშუალებას, შედარებით მცირე მოცულობის მხარდაჭერა სწრაფად და ნაკლები ბიუროკრატიით გასცენ.

2024 წლის ცვლილებამდე სოფლის მეურნეობის სექტორში de minimis დახმარების ზღვარი ერთი ბენეფიციარისთვის სამწლიან პერიოდში 25,000 ევრო იყო, ხოლო მანამდე, 2013 წლიდან მოყოლებული - 15,000 ევრო. 2024 წლის 10 დეკემბერს ევროკომისიამ ეს ზღვარი 50,000 ევრომდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ერთ ფერმერს ან ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სამწლიანი პერიოდის განმავლობაში 50,000 ევრომდე დახმარება მისცეს ისე, რომ წინასწარ არ მიმართოს ევროკომისიას ინდივიდუალური ნებართვისთვის. ამავე ცვლილებით, ეროვნული ჯამური ზღვარი გაიზარდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის წლიური პროდუქციის ღირებულების 2%-მდე. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ზღვარის გაზრდა 2024 წლის აპრილში გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, ხორვატიის, რუმინეთის, უნგრეთის, კვიპროსის, სლოვენიის, ლატვიის, ლუქსემბურგის, მალტის, სლოვაკეთის, ესტონეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრების მიერ გაკეთებული მოთხოვნის შემდეგ მოხდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაფინანსების გაზრდის ინიციატორებს შორის იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნები, ანუ სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში შედარებით გვიან გაწევრიანდნენ და აგრარული სექტორის მხარდაჭერა ეროვნულ პრიორიტეტად შეინარჩუნეს.

ევროკავშირში სოფლის მეურნეობის ეროვნული სახსრებით დაფინანსების de minimis მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ არგუმენტის გასაბათილებლად, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სახელმწიფოებს აღარ შეუძლიათ საკუთარი ფერმერების დახმარება. სინამდვილეში, de minimis არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აძლევს სწრაფი და მიზნობრივი დახმარების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დახმარება შეიძლება გაიცეს გრანტის, შეღავათიანი სესხის, გარანტიის, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების, გადასახადის შეღავათის ან სხვა ფინანსური ფორმით, თუ დაცულია ზღვარი და გამჭვირვალობის მოთხოვნები. De minimis დახმარებით სარგებლობენ არა მხოლოდ დიდი აგრობიზნესები, არამედ მცირე და საშუალო ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და პირველადი წარმოების სექტორში მოქმედი კომპანიები. ევროკომისიის განმარტებით, ამ ტიპის დახმარება შექმნილია იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა სწრაფად უპასუხონ ფერმერების მოკლევადიან პრობლემებს ისე, რომ ყოველი მცირე ზომის დახმარება არ გადაიქცეს ევროკომისიასთან ხანგრძლივ ნებართვის პროცედურად. 2024 წლის ცვლილების დროს ევროკომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ზღვრის გაზრდა უკავშირდებოდა ბოლო წლებში დაგროვილ გამოცდილებას, ბაზრის ცვლილებებს, აგრარულ სექტორში ინფლაციას და ფერმერებზე გაზრდილ ზეწოლას.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება პირდაპირ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ მათ ეროვნული სოფლის მეურნეობის დაფინანსების ინსტრუმენტები არ წაართვა. პოლონეთი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სახელმწიფოდ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსების პარალელურად ეროვნულ აგროსუბსიდიებს იყენებს. მხოლოდ 2021-2022 წლებში პოლონეთმა დაახლოებით 1.88 მილიარდი ევროს ეროვნული აგრარული დახმარება გასცა. უკრაინის მარცვლეულის კრიზისის დროს ევროკავშირმა ასევე მისცა ნებართვა პოლონეთს დამატებითი ეროვნული რესურსების გამოყენებაზე. უნგრეთიც დიდი ხანია მიზანმიმართულად აფინანსებს ეროვნული სახსრებიდან სოიოს და სხვა კულტურების წარმოებას. რუმინეთმა 2024 წელს მიიღო ევროკომისიის თანხმობა დაახლოებით 164 მილიონი ევროს ეროვნული დახმარების სქემაზე საკუთარი ფერმერების მხარდასაჭერად. სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და ბალტიის ქვეყნებმაც შეინარჩუნეს დამატებითი ეროვნული პროგრამები.

მტკიცება 3: ევროკავშირი ახალ წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში არ ეხმარება და სურს მათი აგრარული წარმოების განადგურება, რისი მაგალითიც არის ბულგარეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. განსაკუთრებით მცდარია მტკიცება, თითქოს ევროკავშირი ახალ წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში არ ეხმარება. სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის ხარჯები წარმოადგენს ევროკავშირის ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მესამედს. ახალი წევრების შემთხვევაში საერთო აგრარული პოლიტიკის მიზანია ფერმერთა შემოსავლების სტაბილიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, სურსათის უსაფრთხოება და სოფლის ეკონომიკის გაძლიერება. ამის საუკეთესო მაგალითებია ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირს მძიმე პოსტსაბჭოთა ეკონომიკური მემკვიდრეობით შეუერთდნენ. ლატვიამ ევროკავშირში გაწევრიანებიდან დღემდე დაახლოებით 8.2 მილიარდი ევროს აგრარული დახმარება მიიღო. მხოლოდ მიმდინარე 2023-2027 წლების ციკლში ლატვია დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს აიღებს, საიდანაც 1.7 მილიარდზე მეტი პირდაპირ ფერმერებზე ნაწილდება.

ლიეტუვაში ევროკავშირის აგრარულმა სუბსიდიებმა ფერმერებს მისცა შესაძლებლობა აეღოთ საბანკო სესხები, შეეძინათ თანამედროვე ტექნიკა, გაეფართოებინათ მეურნეობები და გასულიყვნენ ევროპულ ბაზრებზე. ესტონეთმა ევროკავშირის დაფინანსება გამოიყენა ორგანული მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

რაც შეეხება ბულგარეთთან დაკავშირებულ მტკიცებას, რომ ევროკავშირმა ბულგარეთს აგრარული წარმოების შემცირება მოთხოვა, ის არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ CAP-ის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი გახდა. ქვეყანამ მილიარდობით ევროს აგრარული დაფინანსება მიიღო პირდაპირი გადახდების, სოფლის განვითარების პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ევროკავშირის ანგარიშები და ბულგარეთის სრტატეგიული გეგმა ადასტურებს, რომ მხარდაჭერა მიმართული იყო არა წარმოების შემცირებისკენ, არამედ კონკურენტუნარიანობის ზრდის, ტექნოლოგიური მოდერნიზაციის, სარწყავი სისტემების გაუმჯობესებისა და სოფლის რეგიონების განვითარებისკენ.

მტკიცება 4. საქართველოს ევროკავშირში უბაჟოდ მხოლოდ 220 ტონა ნივრის გატანა შეუძლია. სრულიად მცდარია მტკიცება, თითქოს საქართველოდან ევროკავშირში უბაჟოდ მხოლოდ 220 ტონა ნიორის გატანაა შესაძლებელი. რეალურად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) თითქმის მთლიანად საპირისპირო პრინციპზეა აგებული. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ევროკავშირმა გააუქმა საბაჟო ტარიფები პრაქტიკულად ყველა ქართული პროდუქციისთვის. ხოლო ნიორი წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს, რომელზეც არსებობს კონკრეტული რაოდენობრივი უბაჟო კვოტა (220 ტონა). შესაბამისად, რეალობა მტკიცებისგან სრულიად საპირისპიროა, რადგან ნიორის შეტანა ევროკავშირში შეზღუდულია, ხოლო სხვა პროდუქტები (ღვინო, მინერალური წყალი, თხილი, ფეროშენადნობები, ტექსტილი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია) ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების გარეშე შედის, თუ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებსა და ევროკავშირის სტანდარტებს.

მტკიცება 5. საქართველოს ევროკავშირთან ძალიან მცირე ვაჭრობა აქვს, ხოლო პიკურ 2017 წელს ეს რიცხვი 2.7% შეადგენდა. ასევე არასწორია მტკიცება, თითქოს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის წილი მხოლოდ მთლიანი ექსპორტის 2.7% იყო. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 23.7% მოდიოდა, ხოლო 2016 წელს — 27.1%. შემდგომ წლებში ექსპორტში ევროკავშირის წილი მართლაც შემცირდა, თუმცა ეს ძირითადად დაკავშირებული იყო საქართველოს მთლიანი ექსპორტის სწრაფ ზრდასთან, განსაკუთრებით ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით ცენტრალურ აზიასა და მეზობელ ბაზრებზე, და არა ევროკავშირთან ვაჭრობის შემცირებასთან.


See all posts

Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.