2025 წლის კორეული და იტალიური კვლევებით არ დასტურდება, რომ COVID ვაქცინები კიბოს რიცხვის ზრდას იწვევს
მოკლედ საკითხავი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი იტალიური და კორეული კვლევებით დგინდება, რომ COVID-19-ის ვაქცინები 7 სახის კიბოს რისკს ზრდიან.
2025 წელს გამოქვეყნებული კვლევები მეთოდოლოგიურად შეზღუდულია და მსგავსი დასკვნების გამოსატანად დამატებით მონაცემებს საჭიროებს.
ზოგადად, იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კიბოს რიცხვის ზრდას იწვევს, არ არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი იტალიური და კორეული კვლევები აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინები ზრდის შვიდი ძირითადი სახის კიბოს, მათ შორის, კუჭის, ფარისებრი ჯირკვლისა და მკერდის კიბოს, განვითარების რისკს (დაარქივებული ბმული).
პირველი კვლევა რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალ EXCLI-ში 2025 წლის 1 ივლისს გამოქვეყნდა. ავტორებმა შეისწავლეს იტალიის ერთ-ერთი პროვინციიდან აღებული მონაცემები და დაასკვნეს, რომ არავაქცინირებულებთან შედარებით, ვაქცინების დოზის მიმღებ პირებს სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად დაბალი და კიბოთი ჰოსპიტალიზაციის შედარებით მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ. თუმცა, კვლევაში იქვე აღნიშნულია, რომ დასკვნები წინასწარია და დამატებით მონაცემებს საჭიროებს.
მტკიცება, რომ იტალიური კვლევა COVID-19 ის ვაქცინებსა და კიბოს რიცხვის ზრდას შორის კავშირებს ადგენდა, თავდაპირველად The Gateway Pundit-ის მიერ 2025 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნდა. მედია წერდა, რომ ეს იყო რეცენზირებული კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ COVID-19-ის „ვაქცინები“ კიბოს განვითარების რისკს ზრდის, რაც თავის მხრივ, „ტურბო კიბოს“ ეპიდემიის შიშს ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ The Gateway Pundit, ამერიკული გამოცემაა, რომელიც შეთქმულებისა და ყალბი ამბების გავრცელებითაა ცნობილი. ამას ადასტურებს პლატფორმა Mediabias/factcheck-ი, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება (იხილეთ ფოტო). ამასთანავე, Gateway Pundit-ის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ამბები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, PolitiFact-ს, Factcheck.org-სა და Snopes არა ერთხელ გამოუვლენიათ.

წყარო: Mediabias/FactCheck
აღნიშნულ მტკიცებას ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაცია "Lead Stories" გამოეხმაურა. ორგანიზაცია კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ბოლონიის უნივერსიტეტის სამედიცინო და ქირურგიული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორ ლამბერტო მანზოლის დაუკავშირდა და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს Gateway-ის სტატიაში წარმოდგენილი მტკიცებები. მანზოლიმ აღნიშნა, რომ სტატია „აშკარა შეცდომებს“ შეიცავდა: "ეს წინასწარი შედეგებია, კვლევის დროის მონაკვეთიც გაურკვევლობას აჩენს. შედეგები შეიცვალა კიდევაც, როდესაც დროის სხვა წერტილი აირჩიეს. დაკვირვება ხანმოკლე იყო და დასკვნების დასადასტურებლად ნამდვილად გვჭირდება მეტი მონაცემი", -განმარტა მანზოლიმ.
„Lead Stories“ ასევე დაუკავშირდა დოქტორ უილიამ შაფნერს, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების მედიცინის პროფესორს და ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების ექსპერტს. მან დაადასტურა, რომ კვლევაში არ არის ნათქვამი, რომ COVID-19-ის „ვაქცინები“ კიბოს განვითარების რისკს ზრდის. შაფნერმა აღნიშნა, რომ კვლევის ავტორები სიფრთხილეს იჩენდნენ შედეგების აღწერისას, არ წერდნენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და დამატებითი კვლევების აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
მეორე კორეული კვლევა, რომელსაც სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტი ეყრდნობა, აკადემიურ ჟურნალ Biomarker Research-ში გასულ წელს გამოქვეყნდა. კვლევაში გამოყენებული იყო სამხრეთ კორეის ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემთა ბაზის სტატისტიკა და აღმოჩენილ იქნა კანონზომიერება: ვაქცინაციის მიმღებ პირებს ერთი წლის განმავლობაში, უფრო დიდი ალბათობით ემართებოდათ კიბოს გარკვეული ტიპები. ეს სტატისტიკური კორელაცია არასწორად იქნა წარმოდგენილი, როგორც პირდაპირი დასაბუთება იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები კიბოს იწვევს.
კვლევასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიაში, რომელიც კვლევაზე დაყრდნობით, კონკრეტული და საგანგაშო ციფრების გავრცელებაზე იყო ფოკუსირებული, გავლენიანი ფიგურები ჩაერთნენ. მაგალითად, ნიკოლას ჰულშერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, რომელიც საკუთარ თავს „ეპიდემიოლოგად“ წარმოაჩენს, კვლევაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ვაქცინები „შვიდი სახეობის კიბოს“ რისკს ზრდიდა.
„ალ ჯაზირას“ ფაქტების გადამმოწმებელმა სააგენტო „სანადმა“ აღნიშნული კვლევა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები კვლევაში საკვანძო ფრაზას „ეპიდემიოლოგიური ასოციაციები მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე“ უგულებელყოფენ. მეცნიერული თვალსაზრისით, „ეპიდემიოლოგიური კავშირი“ გულისხმობს მაგალითად სტატისტიკურ კავშირს ორ მოვლენას შორის, იმის მტკიცების გარეშე, რომ ერთი მეორეს იწვევს. მაგალითად, თუ ზაფხულში ნაყინის გაყიდვები იზრდება და ასევე იზრდება ადამიანების დახრჩობის შემთხვევებიც ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ნაყინი იწვევს დახრჩობას; საერთო მიზეზი არის თბილი ამინდი, რომელიც აიძულებს ადამიანებს მიირთვან ნაყინი და საცურაოდ წავიდნენ. თანაც, საგულისხმოა, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციას მიმართავდნენ, უფრო ხშირად იტარებდნენ სამედიცინო შემოწმებებსა და რეგულარულ სკრინინგს, შესაბამისად, კიბო მათ შემხთვევაში უფრო ხშირად დიაგნოზირებადი იყო.
გავრცელებული მტკიცებების საპირისპიროდ, კორეელმა მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს მათი დასკვნების შეზღუდვებს და მსგავსი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა უარყვეს. კვლევაში ავტორები მიუთითებენ, რომ მათი კვლევა შეზღუდულია და დამატებით მონაცემებს საჭიროებს. „რეალური მონაცემების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამხრეთ კორეის ქალაქ სეულში ჩატარებულმა ჩვენმა პოპულაციურმა კოჰორტულმა კვლევამ აჩვენა ეპიდემიოლოგიური კავშირი კიბოს კუმულაციურ შემთხვევებსა და COVID-19 ვაქცინაციას შორის, რომელიც განსხვავდებოდა სქესის, ასაკისა და ვაქცინის ტიპის მიხედვით. თუმცა, საჭიროა შემდგომი კვლევები პოტენციური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გასარკვევად".
კვლევაზე კომენტარისთვის "Al Jazeera" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელს დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს კვლევა "დაკვირვებითი კვლევაა", რაც შესაძლოა სასარგებლო იყოს ჰიპოთეზების ჩამოყალიბებისა და შემდგომი კვლევის წარმართვისთვის, მაგრამ ის არ ადგენს ან ადასტურებს მიზეზშედეგობრივობას. გარდა ამისა, მისი თქმით, ერთი კვლევა იზოლირებულად არასდროს არ უნდა იქნას განხილული და დასკვნები ყველა შესაბამისი მტკიცებულების განხილვის შემდეგ უნდა იქნას გამოტანილი.
ზოგადად, იმის მტკიცებულება, რომ COVID ვაქცინები კიბოს იწვევს, არ არსებობს. საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო ორგანოები ცალსახად ადასტურებენ ვაქცინების უსაფრთხოებას და მათ კიბოსთან ნებისმიერ კავშირს უარყოფენ. მაგალითად, სამედიცინო ჟურნალ BMJ-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ mRNA ვაქცინები კიბოს შემთხვების ზრდას იწვევს.
გლობალური ვაქცინის მონაცემთა ქსელი (GVDN) ვაქცინებით გამოწვეული „კიბოს ეპიდემიის" იდეას მითად აფასებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც mRNA ვაქცინებს კიბოს გამოწვევა შეუძლია, რადგან ეს ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსებს და უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს.
ამდენად, მტკიცება, რომ კორეული და იტალიური კვლევებით დგინდება, რომ COVID-19-ის ვაქცინები კიბოს რისკს ზრდიან, არ დასტურდება. 2025 წელს გამოქვეყნებული კვლევები მეთოდოლოგიურად შეზღუდულია და მსგავსი დასკვნების გამოსატანად საკმარის მონაცემებს არ წარმოადგენს.