Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა

ავტომობილების რეექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა

იანვარს 22, 2026 · Verified Facts · Economy

მოკლედ საკითხავი

  • 2025 წელს ექსპორტი 11%-ით 7.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

  • ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38.6%-ს მიაღწია

  • ავტოექსპორტმა თანხობრივად 2012 წლის მთლიან ექსპორტს გადააჭარბა

 

2025 წელს ექსპორტი 11%-ით – 7.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. წინა წლების მსგავსად, გამოკვეთილი პირველი ადგილი ისევ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და მისი წილი მთლიან ექსპორტში 38.6%-მდე გაიზარდა. 2025 წელს თანხობრივად ავტოექსპორტმა 2.8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2012 წლის მთლიან ექსპორტზე მეტია.

მსუბუქ ავტომობილებს ექსპორტში ბოლო 16 წელია მნიშვნელოვანი წილი უკავიათ და რუსეთ უკრაინის ომის დაწყებამდეც, პერიოდულად პირველ ადგილსაც იკავებდნენ. ომის დაწყების შემდეგ, ისედაც მაღალი წილი კიდევ უფრო გაიზარდა. 2010-2021 წლებში მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტში საშუალოდ 15.1%-ს შეადგენდა, 2022-2025 წლებში კი 31.7%-ს. 2025 წელს ექსპორტიდან მიღებული ყოველი 5 დოლარიდან თითქმის 2 დოლარი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდიოდა.

გრაფიკი 1: ავტოექსპორტი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თანხობრივი და წილობრივი ზრდის გარდა, შეიცვალა საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურაც. ომამდე ძირითად ბაზარს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, სომხეთი კი ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის, მეორე ადგილს იკავებდა. 2013 წელს აზერბაიჯანისა და სომხეთის წილმა ავტოექსპორტში 74% შეადგინა (704 მლნ-დან 401 მლნ აზერბაიჯანში, 121 მლნ – სომხეთში), 2019 წელს 67% (733 მლნ-დან 259 მლნ აზერბაიჯანში, 235 მლნ – სომხეთში). 2021 წელს 248 მლნ-ით პირველ ადგილს ისევ აზერბაიჯანი იკავებდა, თუმცა სომხეთი 6 მლნ-ით მეათე ადგილზე იყო გადასული, მეორე ადგილზე 88 მლნ-ით უკრაინა იმყოფებოდა.

2022 წლიდან შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა იწყება, 2023 წლიდან კი რეგიონი ავტოექსპორტში დომინანტი ხდება. 2021 წელს ყირგიზეთისა და ყაზახეთის წილი ავტოექსპორტში 9%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი უკვე 80%-ს.

ომამდე ყირგიზეთი საექსპორტო პარტნიორებში ათეულშიც კი ვერ ხვდებოდა. 2024-2025 წლებში კი პირველი ადგილი დაიკავა. როგორც 2024 ასევე 2025 წელს, მთლიანი ექსპორტის მესამედი ყირგიზეთსა და ყაზახეთზე გადანაწილდა. 2025 წელს ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ბაზრებიც გააქტიურდა, ამ სამ სახელმწიფოში ავტოექსპორტი ჯამურად 6.8-ჯერ 40-დან 270 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 2: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ავტოექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში უზბეკეთში 35%-ს, თურქმენეთში 47%-სა და ტაჯიკეთში 90%-ს აღწევს. სამივე შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს იკავებს.

თუ ავტოექსპორტს, ქვეყნების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომამდელ მაჩვენებელს შევადარებთ, რადიკალურ სხვაობას მივიღებთ. 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს ყაზახეთში ავტოექსპორტი – 9-ჯერ, უზბეკეთში – 20-ჯერ, ტაჯიკეთში – 23-ჯერ და ყირგიზეთში 79-ჯერაა გაზრდილი.

გრაფიკი 3: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ავტოექსპორტის ხსენებისას, როგორც წესი, ჩნდება კითხვა: არღვევს, თუ – არა საქართველო სანქციებს, პასუხია არა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით, შუა აზიის ქვეყნებში გაყიდული ავტომობილების ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია, საქართველო მაინც ვერ იქნება სანქციების დამრღვევი სახელმწიფო, რადგან ექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა ყირგიზეთში („ჯეოფაქტსი“ არ ამტკიცებს, რომ ყირგიზეთიდან ან შუა აზიის რომელიმე სხვა ქვეყნიდან საქართველოდან ნაყიდი ავტომობილები აუცილებლად რუსეთში გადადის. მოყვანილი მაგალითი საილუსტრაციოა). რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, 2024 წლიდან პირდაპირი ექსპორტი პრაქტიკულად განულდა. ორ წელიწადში რუსეთში პირდაპირი ექსპორტის გზით სულ 300 ათასი დოლარის ღირებულების 17 ავტომობილი გაიყიდა, რაც, როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობრივად 0.01%-ზე ნაკლებია.

საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს და მთლიანი ექსპორტი რეალურად რეექსპორტია. 2025 წელს საქართველომ 2.8 მლრდ-ის ღირებულების 111 ათასი ავტომობილი გაყიდა, თუმცა ამავე დროს 3.9 მლრდ-ის ღირებულების 234 ათასი ავტომობილი შეიძინა. 2.3 მლრდ-ით იმპორტში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს, 661 მლნ-ით მეორე ადგილზე გერმანიაა, 330 მლნ-ით სამეულს იაპონია ასრულებს, 59 მლნ-ით ჩინეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა და კორეას გადაუსწრო.

ბოლო სამი წელია, რაც რეექსპორტის მაჩვენებელი 53%-55%-ის ფარგლებში მერყეობს და 2025 წელსაც მან 53.8% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით – 3.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წლის მაჩვენებელს ის მაინც 360 მლნ დოლარით ჩამორჩება. ჩამორჩენის მიზეზი ძირითადად სპილენძის მადნებია, სპილენძის მადნების ექსპორტმა 2022 წელს – 1 მლრდ, ხოლო 2025 წელს 92 მლნ დოლარი შეადგინა.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.