მარსელსა და სევილიაში გამართული მსვლელობების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების თანახმად, საფრანგეთსა და ესპანეთში, კერძოდ კი, მარსელსა და სევილიაში იმართება გაფიცვები და დემონსტრაციები „კაცების გათხოვების” მოთხოვნით. ორივე ქალაქში მართლაც გაიმართა LGBTQ+ თემის მხარდამჭერი მსვლელობები, თუმცა ისინი გაფიცვები არ ყოფილა, ხოლო ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების დაწესება მათ მოთხოვნებში არ შედიოდა. ერთნაირქსესიანთა ქორწინება ესპანეთში 2005 წლიდან, საფრანგეთში კი 2013 წლიდან არის ნებადართული (არქივირებული ბმული).
2026 წლის 4 ივლისს მარსელში „ღირსების მარშის“ (Marche des Fiertés) 33-ე ღონისძიება ჩატარდა. მარსელის მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის თანახმად, ღონისძიება მოიცავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეკრებას, ქუჩის მსვლელობას, კონცერტსა და საღამოს ღონისძიებას. მსვლელობა კასტელანის მოედნიდან დაიწყო და ქალაქის მერიის შენობასთან დასრულდა.
მერია ღონისძიებას აღწერს როგორც LGBTQIA+ თემების გამაერთიანებელ, უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ კულტურულ, სადღესასწაულო და მოთხოვნებზე დაფუძნებულ ღონისძიებას.
შესაბამისად, მარსელში ნამდვილად გაიმართა ქუჩის მსვლელობა, თუმცა ოფიციალურ პროგრამასა და ორგანიზატორების განცხადებებში ის „გაფიცვად“ არ არის მოხსენიებული. გაფიცვა, როგორც წესი, გულისხმობს დასაქმებულთა მიერ სამუშაოს ორგანიზებულ შეწყვეტას შრომითი ან სოციალური მოთხოვნების დასაყენებლად. მარსელის შემთხვევაში საუბარია Pride-ის მსვლელობაზე და არა სამუშაო პროცესის შეწყვეტაზე.
მარსელის Pride-ის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს 2026 წლის მანიფესტი და მოთხოვნების ჩამონათვალიც. მოთხოვნები მოიცავს თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებს, ჯანდაცვაზე წვდომას, სამოქალაქო უფლებებს, განათლებას, დასაქმებას, სამოქალაქო მდგომარეობის დოკუმენტებს, მშობლების უფლებებსა და LGBTQIA+ ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვას (არქივი).
ორგანიზატორების განმარტებით, 2026 წლის მსვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკვე მოპოვებული უფლებების შესაძლო შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლა იყო. მანიფესტში აღნიშნულია ძალადობა, ჰომოფობიური თავდასხმები და სხვადასხვა ქვეყანაში LGBTQ+ ადამიანების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები. ამ მოთხოვნებს შორის საფრანგეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების დაწესება არ გვხვდება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან საფრანგეთში ეს უფლება 2013 წლიდან მოქმედებს. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 143-ე მუხლი, რომელიც 2013 წლის 17 მაისის კანონით შეიცვალა, ადგენს, რომ ქორწინება შეიძლება გაფორმდეს სხვადასხვა ან ერთი და იმავე სქესის ორ ადამიანს შორის.
რაც შეეხება სევილიას, იქ LGBTQ+ თემის მხარდამჭერი მთავარი მსვლელობა 2026 წლის 27 ივნისს გაიმართა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ორგანიზატორთა შეფასებით 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა Andalucía Pride-ის ფარგლებში ჩატარდა და მას „Desde el campo a la ciudad, ¡Orgullo, Lucha y Libertad!“ (სოფლიდან ქალაქამდე — სიამაყე, ბრძოლა და თავისუფლება!) ერქვა.
ეს ღონისძიებაც დემონსტრაცია და სადღესასწაულო მსვლელობა იყო და არა გაფიცვა. მონაწილეებს სამუშაოს ორგანიზებულად შეწყვეტის შესახებ არ განუცხადებიათ. ოფიციალური და ორგანიზატორებთან დაკავშირებული წყაროები ღონისძიებას აღწერენ როგორც LGBTQ+ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ მანიფესტაციას.
სევილიის მსვლელობის მანიფესტი 23-მა ორგანიზაციამ შეათანხმა. მათ გამოაქვეყნეს მოთხოვნები, რომლითაც ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ (არქივი):
- დევნისგან გაქცეული LGBTQ+ მიგრანტებისთვის ლეგალიზაციის პროცესის გამარტივებას;
- ანდალუსიის ტრანს და LGBTQ+ კანონების რეალურად შესრულებას;
- ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სფეროებში თანასწორობის უზრუნველყოფას;
- სოფლებში და მცირე დასახლებებში შესაბამისი სერვისებისა და რესურსების გაზრდას;
- ინტერსექსი ადამიანებისა და მათი ოჯახების უფლებების დამცავი კანონის მიღებას;
- LGBTQ+ ადამიანებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
მოთხოვნების ჩამონათვალში ესპანეთში ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების შემოღება არ ყოფილა. ისევე როგორც საფრანგეთში, ესპანეთშიც ერთნაირსქესიანთა ქორწინება უკვე არსებობს (2005 წლიდან). ესპანეთის კანონი 13/2005 სამოქალაქო კოდექსის 44-ე მუხლში პირდაპირ ადგენს, რომ ქორწინებას ერთნაირი მოთხოვნები და სამართლებრივი შედეგები აქვს, მიუხედავად იმისა, მომავალი მეუღლეები ერთი და იმავე სქესის არიან თუ სხვადასხვა სქესის.