Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
პოლ ტომასის ნაშრომი მასში დაშვებული მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო გაიწვიეს

პოლ ტომასის ნაშრომი მასში დაშვებული მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო გაიწვიეს

октябрь 8, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · Здравоохранение
Поделиться

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინტერვიუს ფრაგმენტი ამერიკელ პედიატრთან პოლ ტომასთან. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომელშიც აღნიშნულია: "ამერიკელი პედიატრი, დოქტორი პოლ ტომასი, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა პრაქტიკას ორეგონის შტატში. მან გადაწყვიტა საკუთარ კლინიკაში დაგროვილი ჩანაწერები გაეანალიზებინა და ერთმანეთისთვის შეედარებინა აცრილი და სრულიად აუცრელი ბავშვების ჯანმრთელობის მაჩვენებლები. 2020 წელს გამოქვეყნებულმა RIOV-კვლევამ აჩვენა, რომ აცრილ ჯგუფში საგრძნობლად მაღალი იყო ნეიროგანვითარებითი დარღვევები (აუტიზმი/ASD, ADHD, მეტყველების შეფერხება), ალერგიული დაავადებები (ასთმა, ეგზემა, რინიტი) და ქრონიკული თუ ინფექციური პრობლემები. კვლევის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ხუთ დღეში ორეგონის სამედიცინო საბჭომ მას ლიცენზია გადაუდებელი წესით შეუჩერა." (არქივირებული ბმული).

ვინ არის პოლ ტომასი?

პოლ ტომასი ამერიკელი პედიატრია, რომელსაც საექიმო ლიცენზია 1988 წელს მიენიჭა. აშშ-ის ორეგონის შტატის სამედიცინო საბჭოს (Oregon Medical Board) ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით (არქივი), პედიატრ პოლ თომასს 2020 წლის დეკემბერში სამედიცინო ლიცენზია დროებით, გადაუდებელი წესით შეუჩერეს. გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს თანახმად, შეჩერების მიზეზი გახდა ის დაუყოვნებლივი რისკები იყო, რომლებსაც ექიმი სამედიცინო პრაქტიკის ფარგლებში პაციენტებს უქმნიდა.

საბჭოს შეფასებით, ტომასი იყენებდა ვაქცინაციის არასტანდარტულ გრაფიკს, მშობლებს ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირის შესახებ მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიდა, არასათანადოდ მართავდა ზოგიერთი ბავშვის ვაქცინაციას და რიგ შემთხვევებში ბავშვებს რეკომენდებული ვაქცინების მიღებას არ ურჩევდა. გამოძიებაში განხილული იყო იმ ბავშვების შემთხვევებიც, რომლებსაც ექიმის ქმედებებით ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებები, მათ შორის ტეტანუსი და ყივანახველა, განუვითარდათ. 

მოგვიანებით, 2021 წელს საბჭომ 2020 წლის გადაუდებელი შეჩერება გააუქმა და საქმე ხელახლა განიხილა; იმავე დღეს კი პედიატრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც მას მუშაობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა: მხოლოდ მძიმე პაციენტებთან მუშაობა შეეძლო, ეკრძალებოდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა ან კლინიკის პერსონალის ხელმძღვანელობა და პაციენტების მოვლასთან დაკავშირებული კვლევის ჩატარება. საბოლოოდ, ორეგონის სამედიცინო საბჭოს თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში, გამოძიების დასრულების შემდეგ, ტომასმა ორეგონის სამედიცინო ლიცენზია დათმო და დათანხმდა, რომ მომავალში ორეგონში ლიცენზიის ხელახლა აღებას აღარ მოითხოვდა.

პოლ ტომასის ნაშრომი მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო უკან გაიწვიეს

გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ პოლ ტომასს ლიცენზია გამოქვეყნებული კვლევის გამო შეუჩერეს, თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური ინფორმაციით აღნიშნული არ დასტურდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ორეგონის შტატის სამეციდინო საბჭო შეჩერების მიზეზების შორის აღნიშნავს, რომ ტომასს ლიცენზია შეუჩერდა: 

  • არაპროფესიული ან არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის;
  • ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოყენებული მკურნალობის მეთოდების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ცრუ ან შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებისთვის;
  • სამედიცინო პრაქტიკის განხორციელებისას განმეორებითი და უხეში დაუდევრობისთვის;
  • ORS-ის 677-ე თავის დებულების განზრახ დარღვევისთვის;
  • საბჭოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის;
  • და მიღებული არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

რაც შეეხება კვლევით ნაშრომს, რომელიც პოსტშია ნახსენები. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის (NLM) სამეცნიერო პუბლიკაციების ციფრულ არქივში (PubMed Central) ხელმისაწვდომია ნაშრომი, რომელსაც ტომასი მისი ლიცენზიის შეჩერების მიზეზად ასახელებს. ნაშრომი სახელწოდებით: „ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით ექიმის კაბინეტში ვიზიტების შეფარდებითი სიხშირე და დარიცხული დიაგნოზების კუმულაციური მაჩვენებლები“ გარემოსდაცვითი კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალში 2020 წელს გამოქვეყნდა. სტატიას მითითება აქვს გაკეთებული, რომ ის უკან გაწვეულია, მიზეზად კი ჟურნალი შემდეგ განმარტებას ურთავს (არქივი):

"ჟურნალი ზემოთ მითითებულ სტატიას — „ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით ექიმთან ვიზიტების შეფარდებითი სიხშირე და დარიცხული დიაგნოზების კუმულაციური მაჩვენებლები“ — უკან იწვევს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სარედაქციო სამსახურს გამოქვეყნებული კვლევის დასკვნების სანდოობასთან დაკავშირებით მიმართეს. ჟურნალის საჩივრების განხილვის პროცედურის შესაბამისად, ჩატარდა მოკვლევა, რომელმაც რამდენიმე მეთოდოლოგიური პრობლემა გამოავლინა და დაადასტურა, რომ კვლევის დასკვნები სათანადოდ არ იყო გამყარებული ძლიერი სამეცნიერო მტკიცებულებებით. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სტატიის უკან გაწვევის შესახებ.

სტატიის უკან გაწვევას ჟურნალის მთავარი რედაქტორი დაეთანხმა."

ამდენად, კვლევამ ვერ გაუძლო შემდგომ სამეცნიერო/სარედაქციო გადამოწმებას და მისი დასკვნები ჟურნალმა არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.

რა ვიცით ვაქცინაციასა და აუტიზმთან დაკავშირებით?

შიში, რომ ვაქცინები ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის 1997 წლის ბრიტანელი ქირურგის, ენდრიუ უეიკფილდის კვლევასთან არის დაკავშირებული, რომელიც პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ წითელას, წითურას, ყბაყურის (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინები, ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი დისკრედიტირებულ იქნა სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსური ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო. ენდრიუ უეიკფილდმა  სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს.

მოგვიანებით ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმა კი მსგავსი კავშირი ვერ დაადგინა.
მაგალითად, 2019 წელს Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნებულმა დანიურმა ეროვნულმა კოჰორტულმა კვლევამ MMR (წითელა-ყბაყურა-წითურა) ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირი შეისწავლა.

მკვლევრებმა დანიის ეროვნული რეესტრების მონაცემებით 1999–2010 წლებში დაბადებული 657 461 ბავშვი შეისწავლეს და ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკი შეადარეს, მათ შორის აუტიზმის მაღალი რისკის მქონე ბავშვების ქვეჯგუფებში და ვაქცინაციის შემდეგ სხვადასხვა პერიოდში. 5 მილიონზე მეტი person-years (ადამიანების რაოდენობას და თითოეულ მათგანზე დაკვირვების ხანგრძლივობას) დაკვირვების პერიოდში აუტიზმის 6517 შემთხვევა გამოვლინდა; MMR-ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის აუტიზმის რისკის სრულად კორექტირებული რისკის თანაფარდობა 0.93 იყო, რაც გაზრდილ რისკზე არ მიუთითებს. ავტორებმა ასევე ვერ აღმოაჩინეს გაზრდილი რისკი აუტიზმისადმი მაღალი წინასწარი რისკის მქონე ბავშვებში, მათ შორის აუტიზმის მქონე და-ძმის მქონე ბავშვებში, ან ვაქცინაციის შემდეგ კონკრეტულ პერიოდებში. 

Все посты

В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
В социальных сетях распространяется очередная дезинформация о европейских лидерах
май 12, 2025
В социальных сетях распространяется недостоверная информация о Буче
В социальных сетях распространяется недостоверная информация о Буче
авг 24, 2026
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
Дезинформация: Владимир Зеленский купил у певца Стинга винодельческое хозяйство в Италии
авг 15, 2024
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
Дезинформация: Елена Зеленская купила последнюю модель Bugatti за €4,5 млн
июл 02, 2024
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
Дезинформация: Датских учеников заставляют посещать мечети и изучать Коран
авг 06, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.