მცდარია მტკიცება, თითქოს როკფელერის ფონდმა წინასწარ კოვიდ-პანდემიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
მოკლედ საკითხავი
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ პანდემია როკფელერების მიერ დაიგეგმა და ამას მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სახელწოდებით "ლოქ სტეპი" ადასტურებს.
სინამდვილეში, როკფელერების მიერ 2010 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული ანგარიში "ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო განვითარების მომავლის სცენარები" კორონავირუსის პანდემიას საერთოდ არ ახსენებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული ტექსტი ამ ანგარიშთან კავშირში არაა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი (არქივირებული ბმული), რომელშიც აღნიშნულია: "ეს არის ამონარიდი წიგნიდან „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელიც რალფ ეპსონმა 1989 წელს გამოსცა. ამ წიგნის ერთ გვერდზე ნახსენებია 5G და ვაქცინა. თავადვე იფიქრეთ რა დროიდან გეგმავდნენ ყველა ამ სიბოროტეს". პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელშიც ჩანს წიგნის სახელწოდებით "ახალი მსოფლიო წესრიგი" ყდა და ფოტოანაბეჭდი, რომელიც დასათაურებულია "ოპერაცია ლოქ სტეპი" როკფელერების სამოქმედო გეგმა.
წიგნი სახელწოდებით "ახალი მსოფლიო წესრიგი" Amazon-ზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, დგინდება, 1990 წელს არის გამოცემული (არქივი). წიგნის ტექსტის ნაწილი ხელმისაწვდომია ინტერნეტ არქივის ვებგვერდზე.
გავრცელებულ პოსტში მოცემული ფოტოანაბეჭდი სათაურით "ოპერაცია ლოქ სტეპი - როკფელერების სამოქმედო გეგმა", სავარაუდოდ, როკფერელერის ფონდის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის "ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო განვითარების მომავლის სცენარები“ უკავშირდება, თუმცა ფოტოანაბეჭში მოცემული ტექსტი ანგარიშში არ გვხვდება.
აღნიშნული დოკუმენტი რეალურად ოთხი სცენარის აღწერას მოიცავს. მათგან მხოლოდ ერთი, სახელწოდებით „ლოქ სტეპი“ (Lock Step), ეხება გლობალურ პანდემიას. ზემოთ ნაჩვენებ სურათზე გამოსახული ტექსტი: „პირველი ფაზა: ჩვეულებრივი გაციება/გრიპი. მაქსიმუმ მსუბუქი სიმპტომები. მედიის მხარდაჭერა მასობრივი პარანოიისა და შიშის გაღვივებაში. გამოიყენება ხარვეზიანი ტესტირების სისტემა, რომელიც ორგანიზმში არსებულ ნებისმიერ გენეტიკურ მასალას აფიქსირებს და დადებით შედეგს იძლევა. COVID-ის შემთხვევების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა, სიკვდილის მოწმობების შეცვლის, შემთხვევების ორჯერ დათვლისა და ყველა გარდაცვალების, მათ შორის სხვა დაავადებით ან ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის, COVID-19-ით გარდაცვალებად კლასიფიცირების გზით. ლოქდაუნი მოგვაჩვევს დრაკონულ კანონებთან ცხოვრებას, ხელს შეუშლის პროტესტებს და გამოავლენს საზოგადოების წინააღმდეგობას“ და ა.შ. ამ დოკუმენტში არსად გვხვდება.
ამის ნაცვლად, დოკუმენტი, სადაც წარმოსახვითი სცენარია აღწერილი, გარეულ ბატებში წარმოშობილი გრიპის შტამს ეხება, რომელიც, სცენარის მიხედვით, 2012 წელს ვრცელდება და შვიდი თვის განმავლობაში 8 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს. სცენარის მიხედვით, გარდაცვლილთა უმრავლესობა „ჯანმრთელი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანები“ არიან (რაც კორონავირუსის 2020 წლის პანდემიისგან განსხვავებული სურათია, რადგან ამ შემთხვევაში, პანდემიას ყველაზე მეტად ასაკიანი ადამიანები ემხვერპლა, მაგალითისთვის იხილეთ აშშ-ის მონაცემები).
როკფელერების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემულ ანგარიშში, ფონდის ხელმძღვანელის წინასიტყვაობაა მოცემული, რომელშიც დასტურდება რომ ფონდი შესაძლო სცენარებზე საუბრობს და არა "სამოქმედო გეგმაზე", როგორც ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ამტკიცებს:
"ჩვენი სტრატეგიული ინსტრუმენტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამასთან, ახალი კომპონენტია სცენარების დაგეგმვა — პროცესი, რომლის დროსაც მომავლის შესახებ ნარატივები იქმნება იმ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ კონკრეტულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ჩვენ გვჯერა, რომ სცენარების დაგეგმვას ფილანტროპიის სფეროში გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. მისი დახმარებით შესაძლებელია უნიკალური ჩარევების გამოვლენა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სიმულაცია და წინასწარ გამოცდა — განსაკუთრებით ისეთი გადაწყვეტილებების, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი და შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს. ამასთან, სცენარების დაგეგმვა ხელს უწყობს მანამდე შეუმჩნეველი კავშირებისა და ურთიერთგადაკვეთის წერტილების აღმოჩენას. რაც მთავარია, მეთოდოლოგიური ჩარჩოს შექმნით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ჯერ არ ვიცით და არა იმაზე, რაც უკვე ვიცით, სცენარების დაგეგმვა შესაძლებლობას გვაძლევს, სასურველ შედეგზე უფრო ეფექტიანად გავიდეთ.
სცენარების დაგეგმვის ფარგლებში ჩატარებული ჩვენი პირველი სავარჯიშოს შედეგად მომზადდა ტექნოლოგიების როლისა და გლობალიზაციის მომავლის საინტერესო და არაერთმნიშვნელოვანი ხედვა, რომელსაც მომდევნო გვერდებზე გაეცნობით. ეს ანგარიში განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, შემოქმედებითად განიხილოს ის მრავალი და ერთმანეთისგან განსხვავებული გზა, რომლითაც შესაძლოა ჩვენი სამყარო განვითარდეს."
დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ასევე მცდარად აცხადებს, თითქოს "ოპერაცია ლოქ სტეპი" წიგნის "ახალი მსოფლიო წესრიგი" ნაწილია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა ეს უკანასკნელი 1990 წელს გამოიცა, ხოლო როკფელერის ფონდის მიერ დაფინანსებული ანგარიში 2010 წელს, რაც ლოგიკურად შეუძლებელს ხდის, რომ ეს უკანასკნელი 90-იან წლებში გამოცემული წიგნის ნაწილი იყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონსპირაცია თითქოს როკფელერების ფონდის მიერ დაფინანსებული ანგარიში "ადასტურებს", რომ პანდემია დაგეგმილი იყო და ის როკფელერებმა შეიმუშავეს, ამერიკულ და ბრიტანულ სოციალურ ქსელებშიც არა ერთხელ გავრცელდა, რასაც ამერიკელი და ბრიტანელი ფაქტების გადამმოწმებლები გამოეხმაურნენ (Snopes, FullFact).