Geo Facts
Отправьте факт для проверки
  • Главная
    • О Нас
    • Редакция «Джеофактс»
    • Политика внесения исправлений
    • Защита персональных данных
  • Вердикты
    • Правда
    • В Основном Неправда
    • В Основном Правда
    • Неправда
    • Полуправда
    • Позиция не изменилась
    • Позиция частично изменилась
    • Позиция изменилась
    • Сатира
    • Ложь
    • Отсутствует контекст
    • Отредактировано
    • Не Bыполнено
  • Газетная статья
  • Проверенные факты
    • Пребанкинг
  • Темы
    • Образование
    • Экономика
    • Политика
    • Закон
    • Здравоохранение
    • Изменение климата
  • Принципы IFCN
Russian
ქართული ENGLISH
Вы можете искать новости - ID
или во имя новизны
გამოგონილი ისტორია სტალინის, დე გოლის და თარჯიმან ანდრონიკაშვილის შესახებ

გამოგონილი ისტორია სტალინის, დე გოლის და თარჯიმან ანდრონიკაშვილის შესახებ

сентябрь 29, 2026 · Проверенные факты · Вердикт: Газетная статья · История
Поделиться

სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება პოსტი, (ბმული 1, 2, 3) რომელიც შარლ დე გოლის პირადი თარჯიმნისა და მრჩევლის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, „მოგონებებს“ ეყრდნობა. მსგავსი შინაარსის პოსტი ადრეც გავრცელებულა (ბმული 1) (არქივირებული ბმული 1, 2).

ამ პოსტების თანახმად, 1944 წლის 2 დეკემბერს ანდრონიკაშვილი დე გოლს საფრანგეთის დროებითი მთავრობის დელეგაციის წევრად ახლდა მოსკოვში. სტალინმა თითქოს სტუმრები თარჯიმნის შეუთანხმებლად, მარტო მიიღო. როდესაც დე გოლმა ხუმრობით თქვა, „ჩვენ აქ ორი ერთზე ვართ“, სტალინმა მას თითქოს უპასუხა, რომ ოთახში „ერთი ფრანგი და ორი ქართველი“ იყო. ამის შემდეგ მან თარჯიმანს ქართულად მიმართა და მისი მამა, „თავადი იასე ანდრონიკაშვილი“, მოიხსენია, დე გოლმა კი თითქოს აღიარა, რომ მანამდე ქართველი ერის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

პოსტის მეორე ნაწილი სტალინის დაცვის უფროსის, გენერალ ნიკოლაი ვლასიკის, „მემუარებს“ ციტირებს. პოსტის მიხედვით, 1944 წლის 8 დეკემბერს სტალინმა დე გოლი ბოროდინოს ბრძოლის პანორამის მუზეუმში წაიყვანა და პეტრე ბაგრატიონის პორტრეტთან აუხსნა, რომ ბაგრატიონი ქართველი იყო. აღფრთოვანებულ დე გოლს თითქოს პირობა მიუცია, რომ ქართველებით დაინტერესდებოდა.

"ჯეოფაქტსმა" აღნიშნული ამბავი ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ქართულ წყაროებზე დაყრდნობით გადავამოწმა. აღმოჩნდა, რომ პოსტის ორივე ნაწილი და „მოგონება“ გამოგონილია. ტექსტი ეწინააღმდეგება დოკუმენტურად დადასტურებულ ბიოგრაფიულ ფაქტებს, ვიზიტის ოფიციალურ ქრონოლოგიას და თავად ვლასიკის ჩანაწერებს.

ანდრონიკაშვილი 1944 წლის დეკემბერში მოსკოვში არ იმყოფებოდა

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი (Constantin Andronikof, 1916–1997) ნამდვილად იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური თარჯიმანი, თუმცა ეს თანამდებობა მან მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, 1944–1945 წლებში იგი პარიზში თეოლოგიას ასწავლიდა, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1945 წლის დეკემბერში დაიწყო (არქივი). სხვა წყაროს მიხედვით, მისი პირველი დიპლომატიური გამოცდილება 1946 წლის პარიზის საზავო კონფერენციას უკავშირდება (არქივი). საფრანგეთის მოქალაქეობა ანდრონიკაშილმა მხოლოდ 1947 წელს მიიღო, ხოლო პრეზიდენტის ოფიციალური თარჯიმანი 1958 წლიდან გახდა (არქივი). შესაბამისად, 1944 წელს იგი დროებითი მთავრობის დელეგაციის წევრი ვერ იქნებოდა. თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, ფაქტია, რომ არ არსებობს ღია წყაროები, რომელიც ამას დაადასტურებს.

1944 წელს შარლ დე გოლის მოსკოვში ვიზიტის დროს ფრანგულ მხარეს თარჯიმნობას უწევდა დიპლომატი ჟან ლალუა (Jean Laloy, არქივი)). თავად დე გოლი სამხედრო მემუარებში აღნიშნავს (არქივი), რომ ლალუა „კარგად ლაპარაკობდა რუსულად“. ლალუამ შემდგომში ამ შეხვედრების შესახებ საკუთარი ჩანაწერები გამოაქვეყნა სათაურით „მოსკოვში: სტალინსა და დე გოლს შორის, 1944 წლის დეკემბერი. “დე გოლის მემუარებში საბჭოთა მხარის თარჯიმანი პოდზეროვიც არის ნახსენები. არც ერთ ამ მემუარში არ დასტურდება პოსტში მოყვანილი ფაქტები, ან დისკუსია საქართველოს შესახებ.

ყალბია ასევე პოსტის მტკიცება, რომ სტალინის კაბინეტში „მხოლოდ სამნი“ იყვნენ. ფრანგულ დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჟორჟ ბიდო, გენერალი ჟუენი, გასტონ პალევსკი და მორის დეჟანი, ხოლო საბჭოთა მხარეს, თარჯიმანის გარდა, სტალინთან ერთად მოლოტოვი მონაწილეობდა (არქივი). ამასთან, შეხვედრის თარიღი (2 დეკემბრის საღამო) სწორადაა მოცემული. ასეთი ხერხი ხშირად გვხვდება გამოგონილ ისტორიებში, რათა თხრობის ჩარჩო რეალურს მაქსიმალურად იყოს მიმსგავსებული.

ბიოგრაფიული შეცდომები

პოსტში სტალინი თითქოს ანდრონიკაშვილს ეუბნება, ის “თავად იასე ანდრონიკაშვილის ვაჟია” და რომ მისი ოჯახი 1921 წელს წავიდა საფრანგეთში, როდესაც ბავშვი ექვსი წლის იყო. რეალურად ანდრონიკაშვილი 1916 წლის 16 ივლისს პეტროგრადში დაიბადა და საფრანგეთში 1920 წელს, ოთხი წლის ასაკში, მხოლოდ დედასთან ერთად გადავიდა, მამა კი საბჭოთა რუსეთში დარჩა.

განსაკუთრებით მნიშნელოვანია მამის, თავად იასე (იესე) ანდრონიკაშვილის (1893–1937), ბედი. იგი 1926 და 1931 წლებში დააპატიმრეს, სასჯელს ყარლაგსა და სოლოვკის ბანაკებში იხდიდა, ხოლო 1937 წლის 27 ოქტომბერს სანდარმოხში, კარელიაში დახვრიტეს. ანუ, პოსტის მიხედვით გამოდის, რომ 1944 წელს სტალინი თბილად იხსენებდა ადამიანს, რომელიც შვიდი წლით ადრე მისივე რეჟიმმა დახვრიტა. ეს დეტალები, ასევე სტალინის მიერ სიტყვა “თავადის” გამოყენება, კიდევ უფრო ეჭვის ქვეშ აყენებს ისტორიის ნამდვილობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანდრონიკაშვილის მემუარები, რომელიც მის დიპლომატიურ საქმიანობას აღწერდა, ღია წყაროებში არ იძებნება არც ერთ ენაზე. ანდრონიკაშვილის ნამუშევრებში წამყვანი ადგილი მართლმადიდებლურ თეოლოგიას უჭირავს: იგი ლიტურგიკულ თეოლოგიას ასწავლიდა, 1965 წლიდან კი ტელეგადაცემა „Orthodoxie“-ს უძღვებოდა. თარჯიმნობის შესახებ მოგონებების წიგნი, რომელშიც ასეთი ეპიზოდი იქნებოდა, შესაბამისად, არსად გამოქვეყნებულა. ანდრონიკაშვილის თეოლოგიური და ლიტურგიკული ნაშრომებია - „დღესასწაულთა არსი: ტომი I, უძრავი ციკლი“ (Le Sens des Fêtes: Tome I, Le Cycle Fixe, 1970); „სააღდგომო ციკლი: დღესასწაულთა არსი II“ (Le Cycle Pascal: Le Sens des Fêtes II, 1985); „ლიტურგიის არსი: ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის“ (Le Sens de la Liturgie: La Relation Entre Dieu et l'Homme, 1988); „გნოსეოლოგია და მეთოდოლოგია: რა ვიცი, რატომ და როგორ?“ (Gnoséologie et Méthodologie: Que Sais-je, Pourquoi et Comment?, 1990); „საიდუმლოებათა შესახებ“ (Des Mystères Sacramentels, 1998). ანდრონიკაშვილს ასევე ეკუთვნის 1946 წელს გამოცემული დეტექტიური ჟანრის რომანი „სიკვდილი ვარსკვლავებთან“ (La Mort aux Étoiles), რომელიც ფსევდონიმით ანდრე კომნენის სახელით გამოაქვეყნა. არც ერთ ამ ნაშრომში არ არის ნახსენები მისი, შარლ დე გოლის და სტალინის შეხვედრა.

რაც შეეხება, ანდრონიკაშვილის შესახებ გამოცემულ ბიოგრაციულ კრებულებს, ასეთი არის  მისი შვილის, მარკ ანდრონიკოფის მიერ გამოქვეყნებული ბიოგრაფია ლოგოსის ყური, („L’Oreille du Logos“ (1999). პოსტში მოყვანილი ბიოგრაფიული ეპიზოდი, არც ამ ნაშრომში გვხვდება. შესაბამისად, არ იძებნება არც ერთი ბიოგრაფიული წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ანდრონიკაშვილს თავის მოგონებებში მსგავსი ისტორია აქვს აღწერილი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პოსტში მოყვანილი ფოტო, რომელზეც დე გოლი, ანდრონიკაშვილი და ჯონ კენედი არიან გამოსახულნი, სავარაუდოდ კენედის 1961 წლის ივნისის პარიზულ ვიზიტს ასახავს, როდესაც ანდრონიკაშვილი უკვე პრეზიდენტის თარჯიმანი იყო. ფოტო თავისთავად 1944 წლის მოვლენებს არ ადასტურებს და მხოლოდ ცრუ სანდოობის შთაბეჭდილებას ქმნის.

ბოროდინოს პანორამა და ვლასიკის მოგონებები

პოსტის მეორე ნაწილი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს პოსტის სანდოობასთან დაკავშირებით. ფრანც რუბოს პანორამული ტილო “ბოროდინოს ბრძოლა” 1912 წელს იქნა გადაცემული მხატვრის მიერ რუსეთის იმპერიისთვის და მისი პრეზენტაცია 1912 წელს, ბოროდინოს ბრძოლის 100 წლისთავან დაკავშირებით ჩატარდა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის თანდასწრებით. 1918 წლის შემდეგ კომპოზიცია დაშალეს და ისტორიული წყაროების მიხედვით ის სხვადასხვა საწყობსა და სარდაფში ინახებოდა. ამ ნაშრომის რესტავრაცია 1948–1950 წლებში ჩატარდა, ხოლო კუტუზოვის გამზირზე დღეს არსებული შენობა და პანორამის საჯარო ექსპოზიცია მხოლოდ 1962 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა. შესაბამისად, 1944 წლის დეკემბერში მოსკოვში არ არსებობდა პანორამის მუზეუმი, სადაც სტალინს დე გოლისთვის გიდობა შეეძლო. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის გამოფენა დე გოლისთვის სახელდახელოდ იქნა მოწყობილი, თუმცა არც ერთ დოკუმენტურ მასალაში მსგავსი ვიზიტი და გასვლა არ ჩანს. დე გოლი მოსკოვში ვიზიტის დროს იმყოფებოდა სტალინგრადში, 9 დეკემბერს „ნორმანდია-ნიემენის“ მფრინავებს დააჯილდოვა, ხოლო 10 დეკემბრის დილის 4 საათზე კრემლში საფრანგეთ-საბჭოთა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. დე გოლის სამხედრო მემუარებში მოსკოვში ვიზიტისადმი მიძღვნილი თავი ბოროდინოს, პეტრე ბაგრატიონს და ანდრონიკაშვილს საერთოდ არ ახსენებს. სტალინის მიერ დე გოლისთვის სახელდახელოდ მომზადებულ მუზეუმში პირადად ჩატარებული ექსკურსია უჩვეულო მოვლენა იქნებოდა და საბჭოთა თუ ფრანგულ წყაროებში აუცილებლად ასახული იქნებოდა, სინამდვილეში რომ მომხდარიყო.

ცალკე აღსანიშნავია ვლასიკის ციტატების უსაფუძვლობაც. სტალინის დაცვის ყოფილმა უფროსმა ნიკოლაი ვლასიკმა მხოლოდ მოკლე ჩანაწერები დატოვა, რომლებიც რუსულად რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნდა. "ჯეოფაქტსმა" გადაამოწმა მისი კრებული - „სტალინი. პირადი ცხოვრება“, რომელშიც ვლასიკისა და რიბინის ტექსტებია გაერთიანებული (არქივი), ასევე შევამოწმეთ კრებული „სტალინის გვერდით. ბელადის სამსახურში“, რომელშიც ვლასიკის ჩანაწერებია მოყვანილი (არქივი), ვლადიმირ ლოგინოვის წიგნი „ცოცხალი სტალინი“, სადაც ვლასიკის ჩანაწერები ცალკე ნაწილად არის გამოტანილი (არქივი), და ფედერალური დაცვის სამსახურის არქივიდან გამოქვეყნებული ჩანაწერები, რომლებიც „კომსომოლსკაია პრავდამა“ 2011 წლის 4 მარტს დაბეჭდა (არქივი). არც ერთ ამ მემუარში არ გვხვდება ეპიზოდი დე გოლის შესახებ და არ არის ნახსენები არც ანდრონიკაშვილი, ბოროდინო ან პეტრე ბაგრატიონი. ვლასიკი თეირანის, იალტის და პოტსდამის კონფერენციებს მხოლოდ საკუთარი ჯილდოების კონტექსტში ახსენებს, ხოლო ფრანგებიდან მხოლოდ 1930-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებული პირები ჩანს. ინტერნეტში ვლასიკის სახელის და „დე გოლის“ ერთობლივი ძიებაც არ იძლევა შედეგს.

დე გოლი და საქართველო

პოსტის ცენტრალური იდეა, თითქოს დე გოლმა 1944 წლამდე ქართველი ერის არსებობა არ იცოდა, ასევე მოკლებულია დამაჯერებლობას. თავისუფალი საფრანგეთის რიგებში მებრძოლი ქართველი ოფიცერი, უცხოეთის ლეგიონის სახელოვანი მეთაური დიმიტრი ამილახვარი, 1942 წელს ელ-ალამეინთან დაიღუპა, დე გოლმა კი მას განთავისუფლების ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა. დე გოლისა და ამილახვარის ურთიერთობას ქართული სამეცნიერო ლიტერატურაც ცალკე იკვლევს. ამასთან, სტალინის ქართული წარმოშობა იმ დროშიც ფართოდ ცნობილი ფაქტი იყო.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ნამდვილობა არ დასტურდება.

 

Все посты

В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
В социальных сетях распространяется поддельная обложка Charlie Hebdo
июн 02, 2025
В социальных сетях распространяется видео, на  котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
В социальных сетях распространяется видео, на котором президент Франции Эммануэль Макрон якобы держит в руках перевернутую карту Украины
ноя 27, 2025
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
Дезинформация: В Украине убили женщину, поднявшую российский флаг в Одессе
окт 18, 2024
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
Дезинформация: В США сгорел дом Олафа Шольца
янв 28, 2025
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
Дезинформация: Дональд Трамп сфотографировался в футболке с изображением Путина и надписью «СССР»
сен 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.