პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტია მოცემული (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2). ვიდეოში მეგრელიშვილი ამბობს: "სააკაშვილს რაც შეეხება, ის დღეს არის პატარა, დასველებული, გაპუტული წიწილა".
სინამდვილეში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და ორიგინალ ინტერვიუში მეგრელიშვილი სიტყვებით "პატარა დასველებული გაპუტული წიწილა" მიხეილ სააკაშვილს არ მოიხსენიებს.
2022 წლის 1 ოქტომბერს „TV პირველის“ ეთერში გასული ინტერვიუ ორ ნაწილად არის დაყოფილი. გადაცემის პირველ ნაწილში ნათია მეგრელიშვილი საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომზე, მის მიერ გამოწვეულ შესაძლო გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ძალთა ბალანსის პოტენციურ ცვლილებაზე. ამ კონტექსტში იგი ამბობს, რომ იმ მნიშვნელოვანი პროცესების ფონზე, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, ქართული პოლიტიკა „პატარა, სველ და გაპუტულ წიწილს“ წარმოადგენს (13:20 წთ).
გადაცემის მეორე ნაწილში (16:29) პუბლიცისტი საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებებზე, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ამ ყველაფრის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებებსა და გამოცდილებაზე; სწორედ ამ კონტექსტში იგი მიხეილ სააკაშვილს ახსენებს.
Tiktok-ზე გავრცელებულ რედაქტირებულ ვიდეოში კი, ინტერვიუს ეს ორი ეპიზოდი მანიპულაციურად არის ერთმანეთთან შეერთებული, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მეგრელიშვილმა მიხეილ სააკაშვილს „გაპუტული წიწილი“ უწოდა.