თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი ვრცელდება, სადაც ის ამბობს: "ბიძინასთან დაპირისპირებას ვინ გაბედავს? ორი თავი ვის აქვს?". ვიდეო კონტექსტის გარეშეა მოჭრილი და მომხმარებლებს მცდარად აფიქრებინებს, თითქოს ბოკუჩავა აღიარებს, რომ ოპოზიცია ივანიშვილთან დაპირისპირებას ვერ ბედავს (არქივირებული ბმული).
გავრცელებული ფრაგმენტი ამოჭრილია თინა ბოკუჩავას ინტერვიუდან გადაცემაში "ანა ახალაიას დღის ამბები", რომელიც ტვ პირველზე 2026 წლის 1 სექტემბერს გავიდა ეთერში. 42 წუთზე ჟურნალისტი შემდეგ შეკითხვას უსვამს ბოკუჩავას: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი რეალურად კობახიძის ებრძვის ციხიდან და ეს არ არის ბიძინასთან დაპირისპირება?". სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხად, ბოკუჩავა ამბობს: "ბიძინასთან დაპირისპირებას ვინ გაბედავს, აი ხო რა ვიცი, ორი თავი ვის აქვს? ღარიბაშვილმა გადასარევად იცის, მათ შორის, იმიტომ რომ ის ასრულებდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისი ბატონის ბინძურ დავალებებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებზე ზეწოლის დავალებებს. სიცილკისკისით, ტრიტრითი და ასე შემდეგ ასრულებდა თავად ღარიბაშვილი. ამიტომ მან შესანიშნავად იცის, ყველას ჯვარის წერია, ყველას შვილი ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოდ და ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ, მიუხედავად ხელისუფლების და პოლიტიკური შეხედულებისა ყველა ბავშვის არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ კეთილდღეობა და ბედნიერი მომავლის უფლება ამ ქვეყანაში. მაგრამ ღარიბაშვილმა გადასარევად იცის, რომ შესაძლოა მის ოჯახის წევრებსაც შეეხონ და შეეხება".
ამდენად, ინტერვიუს სრულ ვერსიაში ცხადია, რომ ბოკუჩავა "ქართული ოცნების" შიგნით ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების კონტექსტში საუბრობს და არა ოპოზიციის შიშზე, დაუპირისპირდეს ივანიშვილს.