სოციალურ ქსელებში ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ ყალბი ფოტოები ვრცელდება
ქართველი ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბერში პროტესტის დროს "ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო 2026 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტმა საპატიმრო 22 მაისს დატოვა. იზოლატორიდან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების ამსახველი ყალბი მულტიმედია მასალა სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). მასალაზე, რომელიც ჟურნალისტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ნანუკა ჟორჟოლიანი სხვადასხვა ნივთითაა გამოსახული.
სინამდვილეში, აღნიშნული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის ან ვიდეო/ფოტო მანიპულაციის სხვა პროგრამული საშუალებით არის რედაქტირებული. ნანუკა ჟორჟოლიანს იზოლატორის დატოვებისას ხელში მხოლოდ წყლის ბოთლი ეჭირა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოზე წიგნების გამოსახვა მის მიმართ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია. მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დედამისი ჯერ ადვოკატს არ შეხვედრია, თუმცა წიგნების შეგზავნა მოახერხეს. ჟურნალისტის მისამართით წიგნების კითხვასთან დაკავშირებით მადისკრედიტირებელი კამპანია მალევე დაიწყო. გარდა აღნიშნული ფოტომანიპულაციისა, ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მიზნით ასევე მანიპულაციურად ვრცელდებოდა მისი ციტატა წიგნების კითხვაზე. აღნიშნულს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ გამოეხმაურა.