ჰანტავირუსი კორონავირუსის ვაქცინის გვერდითი მოვლენა არ არის
Oceanwide Expeditions-ის მიერ მართულ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე მაისის დასაწყისში ჰანტავირუსის აფეთქება მოხდა. კრუიზზე 23 სხვადასხვა ქვეყნიდან 146 მგზავრი იმყოფებოდა. 27 მაისის მდგომარეობით, გემზე მყოფთაგან 13 ადამიანს დაუდასტურდა ჰანტავირუსი, მათგან 3 გარდაიცვალა.
ვირუსის აფეთქებას სოციალურ ქსელებში მცდარი და კონსპირაციული მტკიცებების გავრცელება მოჰყვა. მაგალითად, გავრცელდა მტკიცება, თითქოს ჰანტავირუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა (არქივირებული ბმული). მტკიცების მხარდასაჭერად კი, მოყვანილია დოკუმენტის ფოტო-ანაბეჭდი, სადაც უამრავ დაავადებასთან ერთად წერია "ჰანტავირუსის პულმონალური ინფექცია".
აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ (ბმული 1, 2).
ფოტოანაბეჭდი აღებულია ფაიზერის ანგარიშიდან, რომელიც არასამთავრობო ჯგუფის "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინის პროფესიონალები გამჭვირვალობისთვუს" ვებგვერდზე (არქივირებული ბმული). როგორც AFP იტყობინება, ორგანიზაციამ ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას 2021 წელს მიმართა, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებში გამოქვეყნებულიყო ის მონაცემები, რის საფუძველზეც ფაიზერის ვაქცინას ნებართვა მიეცა.
სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში 33-ე გვერდზე "განსაკუთრებული ინტერესის გვერდით მოვლენებში" მართლაც იძებნება ჰანტავირუსის პულმონალური ინფექცია. ფაიზერის წარმომადგენლის თანახმად, აღნიშნული დანართი იმ სამედიცინო მოვლენების წინასწარ განსაზღვრულ სიას წარმოადგენს, რომელიც რეგულატორმა ორგანოებმა და ექსპერტთა ჯგუფების მონიტორინგისთვის განსაზღვრეს.
დამატებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო-ანაბეჭდში გამოტოვებული ანგარიშში მოცემული მითითება, რომ ეს სია "აუცილებლად არ გულისხმობს", რომ ვაქცინამ რომელიმე მათგანი გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, „შესაძლოა, ჩამოთვლილი მოვლენები გამოწვეული იყოს ფონური დაავადებით ან სხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: წარსული სამედიცინო ისტორია ან თანმხლები მედიკამენტები.“ ამდენად, სია სინამდვილეში მოიცავს ყველა იმ პოტენციურ სამედიცინო მოვლენას, რომელსაც Pfizer განსაკუთრებული ინტერესის საგნად მიიჩნევდა, თუ ისინი კვლევის პერიოდში დაფიქსირდებოდა.
AFP-სთან ინტერვიუში ჰონგ-კონგის ინფექციური დაავადებების პრეზიდენტმა, ვილსონ ლამ ვაიშუნმა განაცხადა, COVID-ის წინააღმდეგ Pfizer-ის mRNA ვაქცინები „არ შეიცავს არც ცოცხალ და არც ინაქტივირებულ ვირუსებს და, შესაბამისად, ვერ გადასცემს რაიმე ტიპის ვირუსულ ინფექციას,“.
გერმანიის ფედერალური სამედიცინო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით კი, ის „არ ფლობს ინფორმაციას რაიმე მექანიზმის შესახებ, რომლის საშუალებითაც დამტკიცებულ mRNA ვაქცინებს ჰანტავირუსული ინფექციის გამოწვევა შეეძლებოდათ.“