სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელდა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძეა გამოსახული და მას შემდეგ ციტატა მიეწერება: "მივესალმები პირველი ივნისიდან ახალი კანონების ამოქმედებას, ვისაც არ ეზარებოდა სოც. ქსელებში ყველა დედის ** გვაგინებდა. აბა კიდევ შეგვაგინეთ" (არქივირებული ბმული). მეტი დამაჯერებლობისთვის გავრცელებულ საინფორმაციო ბარათს ტელეკომპანია "მთავარის" ლოგო და მათი გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათების მიმსგავსებული ვიზუალი აქვს.
აღნიშნული ციტატა ტელეკომპანია "მთავარის" Facebook გვერდზე არ იძებნება. მსგავსი ციტატა სხვა ქართულ მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ (ბმული 1, 2, 3).
მსგავსი ვიზუალით ტელეკომპანია "მთავარის" Facebook გვერდზე იძებნება საინფორმაციო ბარათი, სადაც გიორგი ვაშაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს პასუხობს და შესაბამისად, მის მარჯვენა ზედა კუთხეშიც კახა კალაძის ციტატაა მოცემული. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ბარათი რედაქტირებით შეიქმნა გაყალბებული ქარდი.
გაყალბებული საინფორმაციო ბარათზე ორიგინალისგან განსხვავებული ფონტია გამოყენებული, რაც დამატებით მიუთითებს ციტატის სიყალბეზე. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა გამოგონილია.