შვედეთის მეფის უკრაინაში ვიზიტიდან ზელენსკისთან მისალმების კადრი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო (ბმული 1, 2, 3, 4, 5), რომელშიც უკრაინაში ვიზიტით ჩასული შვედეთის მეფის, კარლ XVI-ისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მისალმება ჩანს. ვიდეოებს თან ახლავს აღწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ შვედეთის მეფემ ზელენსკის ხელის ჩამორთვაზე (დემონსტრაციულად) უარი უთხრა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტს შვედეთის მეფემ ხელი არ ჩამოართვა თავდაპირველად რუსულმა სამთავრობო არხმა RT-მ გაავრცელა. RT-ის შემდეგ, იდენტური მასალა კოორნირებულად გაავრცელეს სხვა რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმაც, მათ შორის, СОЛОВЬЁВ LIVE-მა. ვიდეო მცდარი აღწერით რუსულენოვანმა ანგარიშებმა ვირუსულად გამოაქვეყნეს სხვადასხვა პლატფორმაზე: Facebook-ზე (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10), Instagram-ზე (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6), X-ზე (ბმული 1, 2, 3, 4, 5), Telegram-სა (ბმული 1, 2, 3) და რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე (ბმული 1).
შვედეთის მეფე კარლ XVI უკრაინაში 2026 წლის 17 აპრილს ჩავიდა. მეფე კარლისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრის უწყვეტი კადრებით დასტურდება, რომ ისინი ერთმანეთს ხელს შეხვედრიდან მალევე ართმევენ (0:26). ამდენად, RT-მ მიზანმიმართულად ამოჭრა შეხვედრის დასაწყისი, სადაც არ ჩანს ხელის ჩამორთმევის ეპიზოდი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მეფემ დემონსტრაციულად უარი განაცხადა ზელენსკისთან მისალმებაზე.
გარდა ამისა, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკრაინისა და შვედეთის ოფიციალურმა წყაროებმა გამოაქვეყნეს. ოფიციალური წყაროების მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-მასალაში მკაფიოდ ჩანს, რომ შვედეთის მეფემ და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი ერთმანეთს არაერთხელ ჩამოართვეს (იხ. ფოტოები). მეფე კარლისა და პრეზიდენტ ზელენსკის ხელის ჩამორთმევის ფოტოები ასევე ხელმისაწვდომია Reuters-ის ვებგევრდზე.
წყარო: შვედეთის მეფის ვებგვერდი; ფოტოს ავტორი:Henrik Montgomery/TT
წყარო: უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი
გავრცელებულ დეზინფორმაციას შვედეთის სამეფო კარის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. მარგარეტა თორგრენმა მახინჯი და არასწორი უწოდა, თუ როგორ გაშუქდა ვიზიტი რუსეთში და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, მეფის ვიზიტი შვედეთის უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატულება იყო. მომხდარზე კომენტარი ასევე გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა: "უკრაინისადმი შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ჩანს, იმდენად დიდი სტრესი აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ მათ ვერ გაუძლეს ცდუნებას და დაამახინჯეს რეალობა. მოდით, გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა და შევაკავოთ ბრძოლის ხაზი რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ".