თორნიკე რაზმაძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელშიც ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ პოსტის აღწერასთან ერთად მთლიანობაში, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თორნიკე რაზმაძე "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს აგინებს და ემუქრება. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, თორნიკე რაზმაძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადამიანებს ანგარიშსწორებით ემუქრება, ხოლო პოსტს მომხმარებელმა დაურთო აღწერა, რომლითაც თითქოს თორნიკე რაზმაძემ "მილიონ ორასიათას კაცს" აგინა.
სინამდვილეში, ვიდეოს სრულ ვერსიაში, რომელიც თორნიკე რაზმაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, ავტორი ეხმაურება წინა დღით გავრცელებულ ამბავს, რომ სავარაუდოდ, გორის ერთ-ერთ თავშესაფარში ძაღლებს წვავენ. თორნიკე რაზმაძე ვიდეოში ნამდვილად იყენებს არანორმატიულ ლექსიკას და ემუქრება "ძაღლების დაწვაზე" პასუხისმგებელ პირებს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თვითონ ყველაფერს იღონებს, რომ თითოეულმა მათგანმა "კანონის სრული სიმკაცრით" აგოს პასუხი.
ძაღლების სავარაუდო დაწვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა". პოსტში ვკითხულობთ:
"ეს წუთია გორიდან მივიღე ვიდეო. გორის სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც იშვიათად თუ ჩართავდნენ კრემატორიუმის ღუმელს, მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამოდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ეხლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს. კატეგორიულად მოვითხოვთ გორის სახელმწიფო თავშესაფარისაგან პასუხს:
რა ხდება თქვენთან? დღევანდელ დღემდე ასე აგუგუნებული არასდროს ყოფილა კრემატორიუმის ღუმელი და სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანების თქვენთან შემოსვლის შემდეგ რატო ააგუგუნეთ ღუმელი?
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia"
გავრცელებულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და ტყუილი უწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვიდეოს ნახვის შემდეგ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. მათი თქმით, გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. სეს-ის განცხადებაში დამატებით აღნიშნულია, რომ ე.წ. კრემატორიუმი სხვა დანიშნულებით გამოიყენება. "ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია,"- წერია განცხადებაში.
საკითხს თბილისის მერიც გამოეხმაურა და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია," - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, აქტივისტები, რომლებიც ძაღლების შესაძლო დაწვას აპროტესტებენ, შესაბამისი უწყებებისგან დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ. მაგალითად, თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს. "ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, გაასაჯაროვეთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ღუმელთან უნდა ეყენოს. რას წვავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, ეს ღუმელი იმისთვის არის იქ, რომ დაწვან მკვდარი ძაღლის ლეში. თუმცა, ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, 6 საათის განმავლობაში რა იწვებოდა. ამას ვითხოვ, მეტს არაფერს. რატომ დაემთხვა ის, რომ შევიდა სურსათის მანქანები და ნახევარ საათში ჩაირთო ღუმელი და დილამდე ხდებოდა ლეშის წვა,"- აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
ამდენად, თორნიკე რაზმაძის ვიდეო მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ რედაქტირებულ ვიდეოში არ ჩანს, რომ აქტივისტი ძაღლების შესაძლო კრემაციის საკითხს ეხმაურება და, მათ შორის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენებით, ამ კონკრეტულ შესაძლო დანაშაულში მოქმედ პირებს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის დადგომით ემუქრება.