„რადიო ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „რეალური აქცენტები“ პაატა ლომთათიძემ და მხატვარმა ეკა მუხაძემ განაცხადეს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია და ამაზე დაყრდნობით, გამოთქვეს მოსაზრება, რომ მისი ფონდი სწორედ უცხოეთიდან ფინანსდება და მას კონკრეტული ვალდებულებები აქვს, მათ შორის – აქციის მონაწილეების ჯარიმების დაფინანსება (დაარქივებული ვიდეო).
გადაცემაში გაჟღერდა ისეთი მტკიცებები, როგორიცაა „თვითონ ნანუკა NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებს. როგორც ჩანს მისი ფონდის დაფინანსებას და გაწეული სამუშაოც უცხო ქვეყნის დაფინანსებით ხორციელდება“, „ის აკეთებს შემოწირულებებს აგროვებს, რომელიც ისევ ხალხის არის და რაღაც დარაზმვის ტიპის შეგროვებაა, რომელიც, ალბათ, ვხვდები, რომ იმ NATO-ს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომაა იქიდან აქვს… ვალდებულებაც ექნება“.
გადაცემის აღწერაში კი ვკითხულობთ ეკა მუხაძის ციტატას: „როგორ შეიძლება არ იცოდეს საზოგადოებამ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის უფროსია. ის დღეს მოქალაქეებს ეუბნება, რომ მდიდარი მამის შვილია, არის ბლოგერი და აქედანაც აქვს შემოსავალი. სინამდვილეში, თურმე, მას ნატო აფინანსებს და კონკრეტულ დავალებას აძლევს. იცის ეს ვინმემ?”
„ჯეოფაქტსმა“ გაჟღერებული მტკიცებები გადაამოწმა.
არსებობს, თუ – არა NATO საინფორმაციო ცენტრი და ვინ არის მისი დირექტორი?
NATO-ს საინფორმაციო ცენტრი ნამდვილად არსებობდა და ის 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულებით შეიქმნა. მისი მიზანი იყო, აემაღლებინა მოსახლეობის ცნობიერება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან ინტეგრაციის საკითხებზე და შედეგად მოსახლეობისგან გაცნობიერებული მხარდაჭერა მიეღო. 2013 წელს ცენტრს ევროკავშირში მიმართულება დაემატა და დღეს მას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ეწოდება. ის 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.
ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას ნამდვილად იკავებდა. მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდი 2007-08 წლებს მოიცავდა.
ამ პერიოდში ასევე იძებნება სხვადასხვა შინაარსის სტატია და პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ნატოს საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა. მაგალითად, „ამერიკის ხმის“ 2007 წლის სტატიაში აღნიშნულია NATO-ს კვირეულის გასამართად არსებული სამზადისის შესახებ, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანმა კვირეულის ჩასატარებლად NATO-ს სათავო ოფისის მიერ 10 000 ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა (დაარქივებული ბმული).
NATO-ს საინფორმაციო ცენტრმა 2008 წელს გამოსცა პუბლიკაცია, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანის, როგორც „ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის წინასიტყვაობა არის დართული.
დღეს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი თამარა წულეისკირია, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს.
ამდენად მტკიცება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი „ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორია, სიმართლეს არ შეესაბამება.
აფინანსებს, თუ – არა ნანუკას ფონდს NATO?
აღსანიშნავია, რომ პაატა ლომთათიძისა და ეკა მუხაძის მტკიცება, რომ ნანუკას ფონდს NATO აფინანსებს, იმ მცდარი ფაქტიდან გამომდინარეობს, თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანი ამჟამადაც NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორია. ვინაიდან ირკვევა, რომ ჟორჟოლიანი აღარ იკავებს ცენტრის დირექტორის თანამდებობას, მტკიცება, რომ NATO „ნანუკას ფონდს“ აფინანსებს, საფუძველს კარგავს.
„ნანუკას ფონდის“ დაფინანსების წყაროებზე ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook-ანგარიშზე პერიოდულად აქვეყნებდა ფონდის ანგარიშებსა და ინფორმაციას როგორც „ნანუკას ფონდში“ შესული, ისე ფონდიდან გასული თანხების შესახებ.
მაგალითად, მის Facebook-ანგარიშზე ვხვდებით პოსტებს, სადაც ის ფონდის ფინანსური რესურსების ამოწურვის შესახებ იტყობინებოდა. ასევე – პოსტებს, სადაც სხვადასხვა კომპანიის თუ პირის მიერ ფონდში თანხის გადარიცხვის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10).
ცნობისთვის, 2025 წლის 17 მარტს ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი „ნანუკას ფონდიც“ იყოს. ფონდებს ყადაღა „საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში დაედო, რაც თავის მხრივ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, არსად ვხვდებით მითითებას იმის შესახებ, რომ ფონდების ნაწილი, მათ შორის „ნანუკას ფონდი“ NATO-დან ფინანსდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ NATO-ს სამოკავშირეო ოფისი საქართველოში სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სახის გრანტებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლაზე, ნატოს ღირებულებების (ინდივიდუალური თავდაცვა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა) დაცვაზე, NATO-ს სამხრეთ სამეზობლოში თანამშრომლობით უსაფრთხოებაზე, მშვიდობის ხელშეწყობაში ჩართული ქალების გაძლიერებასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე კონცენტრირდება.
საჯაროდ მოცემული ინფორმაციით, NATO-ს სამოკავშირეო ოფისი საქველმოქმედო ფონდებს არ აფინანსებს.
ამდენად, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დირექტორია, ყალბია. ხოლო მასზე დაფუძნებული მტკიცება, რომ ის თანხებს NATO-სგან იღებს, საჯარო წყაროებით არ დასტურდება.