Home » სოციალურ ქსელში „სკრინინგ პროგრამის“ გამოყენებით საქართველოში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები მეტწილად მცდარი

სოციალურ ქსელში „სკრინინგ პროგრამის“ გამოყენებით საქართველოში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით კონსპირაციული მტკიცება ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ზაზა დავითაია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, არსებული „სკრინინგ-პროგრამით“ ციხეში ჯანმრთელ ადამიანებს ორგანოებს აჭრიდნენ და შავ ბაზარზე ყიდდნენ: „სკრინინგ პროგრამა შემოიღეს, ფაქტობრივად ჯანმრთელი ქალები, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ შენ გაქ საშვილოსნოს კიბო, შენ გაქ სხვადასხვა, მკერდის კიბო და ა.შ და ა.შ. აყავდათ საოპერაციო მაგიდაზე, წარმოიდგინეთ რა, ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს 8-10 წელი მანდილოსანზეა ლაპარაკი და არა აქვს არანაირი პერსპექტივა რომ თავს დაიძვრენს ამ საშინელებისგან, რასაც ჰქვია რეჟიმის ციხე და თავს ვერ გრძნობს კომფორტულად და უცებ შემოდის ეს რაღაც სკრინინგ პროგრამა, რომელიც ჯანმრთელობას უმოწმებს. მართლაც ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, უფასოდ შეუმოწმეს ჯანმრთელობა და დაუდგინეს უცებ, რომ შენ საშვილოსნოს ყელის კიბო გაქვს, მაქსიმუმ გიწერია 7-8 თვე სიცოცხლე. გაიკეთე ოპერაცია და ამ ოპერაციის შედეგად შენ დიდი შანსი გაქვს რომ გადარჩე და ა.შ. ჯანმრთელი ქალები, ფერტილური ასაკის ქალები აიყვანს საოპერაციო მაგიდაზე დააჭრეს გამრავლების ორგანოები.“ ვიდეოს ნაწყვეტი ცალკეც გავრცელდა, რომლის აღწერის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობის არალეგალურ საქმეში იყო ჩართული.

საგულისხმოა, რომ სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მსგავსი კონსპირაციული მტკიცებები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითად, 2021 წელს პრორუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „საქინფორმი“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოაჩინეს ჭა, რომელიც „სავსეა პაკეტებში მოთავსებული ადამიანთა სხეულების ნაწილებითა და შინაგანი ორგანოებით“. გამოცემა 2016 წელს გამოქვეყნებულ სხვადასხვა რუსულენოვან მასალას ეყრდნობოდა, სადაც ეწერა, რომ „კიევში მარტოხელა ადამიანებს იჭერენ, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდ მარხავენ“. სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ცხედრებით სავსე ჭა იპოვეს, არც ერთი სანდო წყაროთი არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, „საქინფორმი“ რუსულენოვანი წყაროების მიერ გავრცელებულ ამ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისას ასკვნიდა, რომ მომხდართან სანდრა რულოვსს ჰქონდა კავშირი.

„საქინფორმის“ სტატია ინტერნეტში პირველად 2016 წელს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იღებდა. 2021 წლის ბოლოს კი „საქინფორმის“ იგივე სტატია სოციალურ ქსელში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით ხელახლა გამოჩნდა. „საქინფორმამდე“ სანდრა რულოვსის დისკრედიტაციის მიზნით, პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ 2011 წელს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე წერდა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გამორიცხული არაფერია“.

რას გულისხმობს სინამდვილეში საქართველოში მოქმედი „სკრინინგ პროგრამა“?

2008 წლის მაისში საქართველოში თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით და საქართველოს მაშინდელი პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა. საქართველოში უფასო სკრინინგ პროგრამები, რომელიც სხვებთან ერთად აგრეთვე მოიცავს ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს, ამჟამადაც გრძელდება.

სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შემცირებას. პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ვებგვერდზე, ბოლოს გამოქვეყნებულ 2021 წლისა და  2022 წლის წლიური ანგარიშების შედარებისას ჩანს, რომ  2022 წელს 2021 წელთან შედარებით სკრინინგ პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა:

ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 2021 წელს. (წყარო NCDC)

ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 2022 წელს. (წყარო NCDC)

აღსანიშნავია, რომ არც 2012 წლამდე მოქმედ სკრინინგ პროგრამის და არც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საგამოძიებო სამსახურებს გამოძიება არ დაუწყიათ. ამდენად, გაჟღერებული ბრალდებები ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგადაც მტკიცებულებების გარეშეა

ზაზა დავითაია აგრძელებს საუბარს ორგანოების უკანონო ბიზნესზე და ამბობს, რომ ეს ძირითადად არასტაბილურ ქვეყნებში ხდება, სადაც ტოტალიტარული რეჟიმია ან/და ქვეყანა ომშია ჩართული: „სწორედ ამიტომ უნდა მსოფლიო წესრიგს თუ „დიფ სთეითს“, რომ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტი ომის კერა იყოს“ – ამბობს ის. ომზე საუბრისას უკრაინასაც ახსენებს. საგულისხმოა, რომ ორგანოებით ვაჭრობის თემა რუსული პროპაგანდისთვის უცხო არაა. არასასურველი პირების დისკრედიტაციის მიზნით, ადამიანების მიმართ მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2011 წელს რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, უკრაინა ევროპაში ორგანოებით ვაჭრობის ცენტრი გახდა, ხოლო 2014 წელს, ტელეკომპანია Russia 24 ამტკიცებდა, რომ იულია ტიმოშენკოს ადვოკატი დაჭრილი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული.

მსგავსი მტკიცებები 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრის შემდეგაც ვრცელდებოდა. გავრცელებულ დეზინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) პროექტი, EuvsDisinfo გამოეხმაურა, სადაც გამოცემა „ამერიკელების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის“ შესახებ გავრცელებული შეთქმულების შესახებ წერს. EUvsDisinfo-ს მიხედვით, მტკიცება, ჯარისკაცების სხეულიდან ორგანოების ამოღებისა და გაყიდვის შესახებ, აბსურდულია, რადგან ამისთვის აუცილებელია, რომ დაშავებული ადამიანის სხეულს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდეს. ორგანოების სპონტანურად ამოღებისა და გაყიდვის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ჰქონდა, თუ – არა დონორს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება. გარდა ამისა, თუ გარდაცვალება მიღებული ტრავმის ან ფიზიკური დაზიანების შედეგად დადგა, როგორც ეს გარდაცვლილი ჯარისკაცების უმრავლესობაში ხდება, არსებობს ორგანოთა დაზიანების მაღალი რისკი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ორგანო ჯანმრთელია, ორგანიზმში არსებული დაზიანებებით გამოწვეული პრობლემები ხშირად ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის გამოუსადეგარს ხდის.

ამასთან, გარდაცვლილი ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია შესაძლებელი. ორგანოების დონორად დარეგისტრირებული 1000 ადამიანიდან, საშუალოდ მხოლოდ 3-ს შეუძლია, რეალურად გაიღოს თავისი ორგანოები გარდაცვალების შემდეგ. იმისთვის, რომ ორგანო გადანერგვისთვის ვარგისი იყოს, აუცილებელია, გარდაცვალება სპეციფიკურ ვითარებაში დადგეს, რათა ორგანო უცხო ორგანიზმთან შეთავსებადი იყოს. ამასთან, გარდაცვალების დროს მნიშვნელოვანია, რომ გვამი ტრანსპლანტაციის პროფესიონალების მიერ „კლინიკური შეფასების, სამედიცინო ისტორიისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე“ შეფასდეს და დადგინდეს შესაძლებელია, თუ – არა გარდაცვლილი სხეულიდან კონკრეტული ორგანოს ან ქსოვილის გამოყენება.

ამასთან, ორგანოები გვამიდან ამოკვეთის შემდეგ მხოლოდ მცირე დროის ინტერვალშია ვარგისი – მნიშვნელოვანია წუთებიც. ორგანოს შენახვის დრო ძირითადად 2-დან 48 საათამდე მერყეობს და დამოკიდებულია შესანახი ორგანოს ტიპზე. ამის გამო, ორგანოების ტრანსპორტირება წინასწარ დაგეგმილად, სასწრაფო დახმარების მანქანით, ვერტმფრენით ან კომერციული თვითმფრინავით ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორგანო ამოკვეთის შემდგომ განსაკუთრებული მეთოდებით მოვლას საჭიროებს. კერძოდ, დონორის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელია გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა, ხოლო კონსერვაციისთვის – სხვა საშუალებებთან ერთად, სპეციალური ხსნარები და ცივი შემნახველები.

რა ვიცით 90-იან წლებში მოლდოვაში, სოფელ მინჟირში მოქალაქეების მიერ ორგანოების გაყიდვის შესახებ?

მესამე მტკიცება, რასაც დავითაია ვიდეოში აჟღერებს, მოლდოვას ეხება. ჟურნალისტი ამბობს: „მოლდავეთში მოხდა 90-იან წლებში, ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ადამიანები, სოფელი აღმოაჩინეს, სადაც ყველას ჰქონდა ცალ მხარეს ნაჭრილობევი. აღმოჩნდა, რომ ვიღაცებს ჩამოუვლიათ, უცხოელებს, პირველი „პერესტროიკის“ მომენტები რომ იყო და რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ მოკლედ მთელ სოფელს ამოკვეთეს თირკმელები.“

აღსანიშნავია, რომ ორგანოების გაყიდვის შესახებ მსგავსი შემთხვევა მოლდოვის ერთ-ერთ სოფელში ნამდვილად მოხდა, თუმცა ზაზა დავითაიას მონათხრობი გაზვიადებულია.

ინფორმაციის ძებნისას The Washington Post-ის მიერ 2000 წელს გამოქვეყნებულ სტატიას მივაგენით. მასში საუბარია მოლდოვის ერთ-ერთ სოფელ მინჟირში მომხდარ შემთხვევაზე. სტატიაში რამდენიმე ადამიანის შემთხვევა იყო განხილული, რომლებიც მოლდოვაში სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, ამ გზით კი საკმარისი რაოდენობის თანხა აიღეს. როგორც WP-ის სტატიაში ვკითხულობთ, მოლდოვის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, იმ პერიოდში მოლდოვის 36-მა მოქალაქემ გაყიდა ორგანო არალეგალურად. სამედიცინო ექსპერტების თქმით, რეალური რიცხვი ბევრად უფრო მაღალი იყო. ამასთან, სოფელ მინჟირის ექიმი ამბობდა, რომ მათ სოფელში, სადაც დაახლოებით 7000 ადამიანი ცხოვრობდა, მინიმუმ 17 ადამიანის შესახებ ჰქონდა ცნობები, რომლებმაც ორგანოები საზღვარგარეთ გაყიდეს.

გარდა ამისა, დავითაიას მტკიცება, რომ ამაში ბრალი უცხოელებს მიუძღოდათ  – მცდარია. WP-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ საქმეს სათავეში მოლდოველები ედგნენ, ერთი ამავე სოფლიდან, ხოლო მეორე კიშინიოვიდან, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]