Home » სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც წერს: „საქართველოს მთავრობა, ჰენრი კისინჯერის ფრაზამ – “ამერიკასთან მტრობა საშიშია, მეგობრობა კი სასიკვდილო” – ჭკუა ვერ გასწავლათ?!“. სინამდვილეში, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჰენრი კისინჯერის ფრაზა კონტექსტის გარეშე ვრცელდება.

სოციალურ ქსელში მანიპულირებულად გავრცელებული ციტატა უილიამ ბაკლის (William F. Buckley Jr.) წიგნში – „გაეროს ჟურნალი: დელეგატის ოდისეა“ (United Nations Journal: A delegate’s Odyssey) გვხვდება. უილიამ ბაკლი აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონის მმართველობის პერიოდში გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ამის შემდეგ მან დაწერა წიგნი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მისი და ჰენრი კისინჯერის ურთიერთობას განიხილავდა.

წიგნში მოცემულია სრული ციტატა: „ნიქსონს უნდა ეცნობოს – თქვა კისინჯერმა, – რომ შესაძლოა კლიფორდის მიზანია ტიუს [Nguyen Van Thieu] გადაყენება ნიქსონის ინაუგურაციამდე. ნიქსონს უნდა მიეწოდოს ცნობა, რომ თუ ტიუს იგივე ბედი ეწევა, როგორც დიემს [Ngo Dinh Diem], მსოფლიოს ხალხებთან მივა გზავნილი, რომ ამერიკის მტრობა შესაძლოა საშიშია, მაგრამ ამერიკის მეგობრობა დამღუპველია“.

ამდენად, წიგნის ამონარიდიდან ჩანს, ჰენრი კისინჯერი ფრაზას „ამერიკასთან მტრობა საშიშია, მეგობრობა კი სასიკვდილო“ არა საკუთარ პოზიციად, არამედ იმ შესაძლო მოსაზრებად წარმოადგენს, რაც სხვა სახელმწიფოებმა შესაძლოა, იფიქრონ ამერიკაზე. კერძოდ, წიგნის თანახმად, კისინჯერმა უილიამ ბაკლის უთხრა, რომ რიჩარდ ნიქსონისთვის თავდაცვის მდივნის შესაძლო მიზნის შესახებ, რომ გადაეყენებინა ნგუენ ვან ტიუ, იმიტომ უნდა ეცნობებინათ, რომ თუ მას ნგო დინ დიემის მსგავსი ბედი ეწეოდა, მსოფლიოში აშშ-ის შესახებ დამკვიდრდებოდა იმგვარი წარმოდგენა, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა დამღუპველია.

ცნობისთვის, ნგო დინ დიემი (Ngo Dinh Diem) იყო სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი, რომელიც 1963 წელს სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს. აშშ-ში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ნგო დინ დიემს მხარი არ დაუჭირეს.

აღნიშნული საუბარი უილიამ ბაკლისა და ჰენრი კისინჯერს შორის 1968 წლის ნოემბერში იმ დღეს შედგა, როცა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კლარკ კლიფორდმა სამხრეთ ვიეტნამის (რომელიც ცივი ომის პერიოდში აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა) პრეზიდენტი ნგუენ ვან ტიუ (Nguyen Van Thieu) პარიზში გამართული მოლაპარაკების მაგიდასთან საჭიროზე მყარი პოზიციის დაკავებისთვის გააკრიტიკა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]