Home » სოციალურ ქსელში „TV პირველის“ ეთერიდან კადრი მანიპულირებულად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში „TV პირველის“ ეთერიდან კადრი მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერიდან მანიპულირებულად ამოჭრილი კადრია ასახული. მოჭრილ ვიდეოში კადრში ვხედავთ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალების მობილიზებას. ვიდეოში ერთ-ერთ პოლიციელთან მისვლისას ჟურნალისტი ამბობს: „არ შეიძლება, რომ სამართალდამცავებს ეკეთოთ იარაღი და მე მინდა, რომ მას ვკითხო ახლა – რატომ გიკეთიათ იარაღი?“. სინამდვილეში, ჟურნალისტის რეპლიკა მანიპულაციურადაა ამოჭრილი, ის აქციებზე იარაღის ტარებაზე საუბრობდა.

17 აპრილის გადაცემა „პირველების“ 5-საათიან გამოშვებაში ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციას აშუქებდა. ერთ-ერთ მონაკვეთში (17:07:51) ჟურნალისტი ამბობს: „პასუხი კულტურის სამინისტროდან ისევ არ ისმის. თქვენ ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც განთავსებულები არიან ამ პერიმეტრზე და ხედავთ პოლიციელს, რომელიც იარაღით არის მოსული აქციაზე და რამდენიმე პოლიციელს უკეთია იარაღი. ეს იცით, რომ არის კანონდარღვევა. საპროტესტო აქციების დროს არ შეიძლება, რომ სამართალდამცავებს ეკეთოთ იარაღი. მე მინდა, რომ მას ვკითხო ახლა, რატომ გიკეთიათ იარაღი, იმიტომ, რომ საპროტესტო აქციების დროს არ გაქვთ უფლება…“
ამრიგად, „TV პირველის“ ჟურნალისტი არა ზოგადად საპოლიციო ეკიპირებაზე, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის საპროტესტო აქციებზე ტარების შესახებ სვამს კითხვას.

აღსანიშნავია, რომ მისი მტკიცებით, სამართალდამცავებს საპროტესტო შეკრებებზე იარაღის ტარების უფლება არ აქვთ. და სწორედ ამ კონტექსტში სვამს იგი კითხვას, რომელიც Facebook-ანგარიშმა მანიპულაციურად გაავრცელა.

ცნობისთვის, საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ არ კრძალავს სამართალდამცველის ეკიპირების, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის, ტარებას საპროტესტო აქციებსა თუ მასობრივი შეკრების ადგილზე. თუმცა, აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის (რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას შეეხება) მე-9 პუნქტის მიხედვით, „პოლიციელს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა“.

დამატებით, „ჯეოფაქტსი“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორ თამარ ონიანს დაუკავშირდა. ონიანის თქმით: „ზოგადად, პოლიციას არ ეკრძალება იარაღის ტარება, მათ შორის – საპროტესტო აქციის ტერიტორიაზეც. თუმცა, როდესაც შეცნობადია, რომ პოლიციის თანამშრომელი საპროტესტო აქციის კონტროლის ოპერაციაში მონაწილეობს, მან შეიძლება არა ცეცხლსასროლი, არამედ ნაკლებად ლეტალური იარაღი ატაროს“.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]