სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ეს ე.წ. ფილანტროპი – ბილ გეითსი ათწლეულების განმავლობაში ატარებს ექსპერიმენტებს როგორც ინდოეთში, ასევე აფრიკაში ადამიანების სიცოცხლეზე. ბილ გეიტსი ფიქრობს, რომ ის ღმერთია, თუმცა სინამდვილეში ის ნამდვილი ბოროტებაა“. ვიდეოში საუბარია ბილ გეითსის მიერ ინდოეთში ჩატარებულ ორალური პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიაზე და გამოთქმულია მტკიცება, რომ აღნიშნული ვაქცინის შედეგად ინდოეთში 490,000-ზე მეტი ბავშვი პარალიზდა. სინამდვილეში, პარალიზების მიზეზად ვაქცინაცია არ დასტურდება.
ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის არაკომერციული ორგანიზაცია „Bill & Melinda Gates Foundation”, რომელიც მან 2000 წელს საკუთარი სახსრებით მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა, ხშირად ხდება ხოლმე დეზინფორმაციული მტკიცებების სამიზნე (მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები 1, 2). ორგანიზაციის მიზანს მსოფლიო მასშტაბით გლობალური ჯანდაცვის, განვითარების, განათლებაზე წვდომისა და თანასწორობის მიღწევა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული მიზნების ფარგლებში ორგანიზაციამ ინდოეთშიც დაიწყო მუშაობა 2003 წელს. თავდაპირველად ფონდმა ინდოეთში ავაჰანის ინიციატივაზე დაიწყო მუშაობა, რაც აივ-ინფექციის პრევენციის კამპანიას წარმოადგენდა და შედეგად 600,000 ახალი ინფექციის წარმოშობის პრევენცია მოახდინეს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სხვა პარტნიორებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ინდოეთის ხელისუფლების დახმარების კამპანიაში პოლიომიელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. კამპანია 2.3 მილიონ მოხალისე ვაქცინატორს მოიცავდა, რომელთაც მიზანიც 170 მილიონ ბავშვამდე მიღწევა და 2014 წლისთვის ინდოეთის პოლიომიელიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება წარმოადგენდა. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინდოეთში მთავარ ფოკუსს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების მხარდაჭერა წარმოადგენს კვების, სანიტარიის, გენდერული თანასწორობის, აგრარული განვითარებისა და სხვა თვალსაზრისით.
სწორედ პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიის შესახებ გავრცელდა სოციალურ ქსელში მტკიცებები, თითქოს აცრის შედეგად 490,000-ზე მეტი ბავშვი პარალიზდა. მსგავსი დეზინფორმაცია თავდაპირველად უცხოენოვან სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ 2020 წელს გავრცელდა ვირუსულად. მტკიცების მიხედვით, ინდოეთში 47,000 ბავშვი ვაქცინის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ იქცა. მალევე გავრცელდა მტკიცება, რომ ფონდმა 2000-2017 წლებში პოლიომიელიტის ვაქცინით 496,000 ბავშვის პარალიზების პროვოცირება მოახდინა. ვიდეოში გამოთქმული მტკიცება დაფუძნებულია 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2000-2017 წლებში ბავშვებში დამატებით 491,000 პარალიზების შემთხვევა დადგინდა NPAFP-პაციენტებში (პოლიომიელიტის გარდა, სხვა ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული პარალიზება), ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. რეალურად, სიმართლეა, რომ გვიან 2000-იანი წლებიდან ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეული პარალიზების შემთხვევები გაიზარდა, თუმცა ამაში პოლიომიელიტის ვაქცინის ბრალეულობა არ დასტურდება. 2013 წელს BBC-ის რეპორტაჟში აღნიშნული სტატისტიკის შესახებ განაცხადეს, რომ პოლიომიელიტითა თუ სხვა პათოლოგიით გამოწვეული პარალიზების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, იმ ფაქტის შედეგია, რომ წინა ათწლეულებში პარალიზების შემთხვევების მონიტორინგი ნაკლებად პროდუქტიულად მიმდინარეობდა. დამატებით, პოლიომიელიტის მეთვალყურეობის ეროვნული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არა-პოლიომიელიტური პარალიზების შემთხვევები ზრდის მიუხედავად 2000-იან წლებში ბიჰარსა და უტარ პრადეშში (სადაც ვაქცინაციის კამპანიები იყო კონცენტრირებული), პოლიომიელიტური პარალიზების შემთხვევებმა მკვეთრი კლება განიცადა. აღნიშნული მონაცემიც ადასტურებს, რომ პარალიზების რაოდენობის მატება სწორედ მონიტორინგის ზრდის პირდაპირპროპორციულად მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიომიელიტის ვაქცინა თავისთავად შესაძლოა პარალიზების მიზეზი გახდეს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია – 1 შემთხვევა 2.7 მილიონ ვაქცინირებულში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთში პოლიომიელიტის აღმოფხვრის შემდეგ დაბინძურებული ვაქცინების შიში გაჩნდა, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2000-2017 წლებში ვაქცინით გამოწვეული პოლიოვირუსის მხოლოდ 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სტატისტიკური კორელაცია არსებობს ვაქცინაციის დოზებსა და არა-პოლიომიელიტურ პარალიზებას შორის, ამგვარ პარალიზებას იწვევს სხვა ტიპის ვირუსებიცა და ბაქტერიებიც. ეს უკანასკნელი მეცნიერულად დადასტურებულია, ის მტკიცება კი, რომ პოლიომიელიტის ვაქცინა პარალიზებას იწვევს, არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პოლიომიელიტის ვაქცინებით პარალიზების გამოწვევაზე დეზინფორმაცია უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს: Fullfact, Politifact, News18, Lead Stories.