სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Magniti • მაგნიტი თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერის თანახმად „ვინც სწორად გამოიცნობს სურათზე ბატების რაოდენობას, მიიღებს ჩვენგან სპეციალურ პრიზს“. რეალურად, პოსტი სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ არ ეკუთვნის.
პოსტის კომენტარებში გვერდი წერს რომ გამარჯვებულებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან. კომენტარი სტილისტურ ხარვეზებსაც შეიცავს, მაგალითად, ფრაზა „გამარჯვებული გახდომის მოთხოვნები“.
აღნიშნული გვერდი 2025 წლის 16 აპრილსაა შექმნილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად. 2025 წლის 17 აპრილის მონაცემით, გვერდს 19 გამომწერი ჰყავს. სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული.
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რეალური Facebook-გვერდის სახელი ყალბი გვერდის სახელის იდენტურია. თუმცა მათ შორის განსხვავება ბევრია: გამომწერების რაოდენობა, შექმნის თარიღი, აქტივობა, დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია.
რეალური გვერდი 2024 წლის 5 სექტემბერსაა შექმნილი.
როგორც „მაგნიტის“ ოფიციალური Facebook-გვერდიდან ჩანს, მათი სახელით თაღლითური პოსტები წარსულშიც გავრცელებულა, რასაც თავადაც გამოეხმაურნენ.
ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.