Home » სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოანაბეჭდს (დაარქივებული ბმული), რომელზეც პრო-რუსი ექსპერტის, დემურ გიორხელიძის ციტატას ვხედავთ: „საბრალო ფინელი ერი. მეტს არაფერს ვიტყვი. რამდენიმე საათში ფინეთს გადაუფრენს რუსული ბომბდამშენები და ფინეთი, როგორც სახელმწიფო, შეწყვეტს არსებობას სამუდამოდ. დღის ბოლოს ფინეთის ადგილას დარჩება სველი წერტილი, ნახავთ“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და გიორხელიძეს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

რეალურად, დემურ გიორხელიძის  მსგავსი პოსტი მის პირად სოციალური მედიის ანგარიშზე არ იძებნება. დემურ გიორხელიძის განცხადება ფინეთის შესახებ არც მედია საშუალებებს  გაუშუქებიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფოტოანაბეჭდის ხარისხი ეჭვის საფუძველს ქმნის. კერძოდ, ჩანს სახელი და გვარი, პროფილის სურათი, გამოქვეყნების დრო, განსაზღვრული აუდიტორიის სიმბოლო და თავად ტექსტი, მაგრამ არ ჩანს რეაქციების რაოდენობა, კომენტარები და Facebook-ის სხვა დეტალები. ამავდროულად, საყურადღებოა თავად ფოტოანაბეჭდის ხარისხი. ტექსტის გარშემო პიქსელები ჩანს, რაც რედაქტირებულ ფოტომასალას ახასიათებს.

რაც შეეხება ფოტოანაბეჭდზე გამოსახულ პროფილის სურათს, იგი ძველია და გიორხელიძემ 2023 წლის 15 იანვარს გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე მას სხვა სურათი უყენია.

დამატებით, მსგავსი ინფორმაცია ფინეთსა და რუსულ ბომბდამშენებთან დაკავშირებით არ გავრცელებულა არც ერთ ქართულ თუ უცხოენოვან მედიასა და ღია წყაროში.

აღსანიშნავია, რომ დემურ გიორხელიძის ეს ციტატა 2023 წლის 5 აპრილს intermedia.ge-ს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ამავე დღეს დემურ გიორხელიძემ საკუთარ Facebook-ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი: „ინდუსტრია ამუშავდა! ჩემი სახელით სისულელეებს ავრცელებენ! არადა, ერთი სიტყვაც არა მაქვს წაშლილი და არც არასდროს არაფერს წავშლი! აი, რა არის ბოლშევიზმი! საუბედუროდ, ახალგაზრდებია გამოყენებული -იდეოლოგიით განადგურებული ახალგაზრდები, – და ეს არის სამწუხარო!“.

სავარაუდოა, რომ გიორხელიძე სტატიაში განხილულ პოსტსაც მოიაზრებს.

ამრიგად, ციტატა ყალბია.

აღსანიშნავია, რომ „ჯეოფაქტსს“ დემურ გიორხელიძის ყალბი ციტატა წარსულშიც გადაუმოწმებია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]