სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ვირუსულად ავრცელებენ (1, 2, 3, 4) „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტოს. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. ფოტოზე მაკა ბოჭორიშვილს კამერუნისა და გაეროს დროშების ფონზე ვხედავთ. მომხმარებლების მტკიცებით, მაკა ბოჭორიშვილი ფილემონ იენგს სინამდვილეში არ შეხვედრია და კამერუნის დროშის წინ კამერუნის წარმომადგენლის ნაცვლად დადგა ფოტოსთვის: „საქართველოს საგარეო საქმეთა “მინისტრი” საერთაშორისო შეხვედრებს კამერუნის დროშის ქვეშ ატარებს“. რეალურად, კამერუნი გაეროს გენერალური ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის წარმომავლობის ქვეყანაა და მისი დროშა შეხვედრაზე პროტოკოლის დაცვით ეკიდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოებისა და დაცვის დეპარტამენტი გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის (PGA) ოფისს გაეროსა და პრეზიდენტის წარმოშობის ქვეყნის დროშებით უზრუნველყოფს. პრეზიდენტის სესიის განმავლობაში ოფისში ორივე დროშა უნდა იყოს გამოფენილი.
სწორედ აღნიშნული პროტოკოლია დაცული მაკა ბოჭორიშვილისა და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, ფილემონ იენგის შეხვედრაზეც. კერძოდ, ფილემონ იენგი 2024 წლის 6 ივნისს იქნა არჩეული გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად. იგი წარმოშობით კამერუნიდანაა და სწორედ ამიტომ ვხედავთ მაკა ბოჭორიშვილს კამერუნისა და გაეროს დროშების ფონზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ PGA-სთან შეხვედრები გაეროსა და პრეზიდენტის წარმოშობის ქვეყნის დროშების ფონზე იმართებოდა წარსულშიც. მაგალითად, 2021 წლის 20 სექტემბერს გენერალური ასამბლეის მაშინდელმა პრეზიდენტმა აბდულა შაჰიდმა შეხვედრა გამართა ბოგდან აურესკუსთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრის ამსახველ ფოტო-მასალაში აურესკუს არა რუმინეთის, არამედ აბდულა შაჰიდის სამშობლოს, მალდივის რესპუბლიკის დროშის ფონზე ვხედავთ.
2018 წლის 27 სექტემბერს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტი მარია ფერნანდა ესპინოსა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფონსაც გაეროსა და პრეზიდენტის წარმოშობის ქვეყნის, ეკვადორის რესპუბლიკის დროშები წარმოადგენდა და არა – მექსიკის.
დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მაკა ბოჭორიშვილის მასპინძლის, პრეზიდენტ ფილემონ იენგის სხვა შეხვედრებზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაეროსა და კამერუნის დროშები ფონზე იღებენ ოფიციალური ვიზიტის ამსახველ ფოტოებს. მაგალითად, 2024 წლის 22 ნოემბერს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტი ფილემონ იენგი გაეროში ვიეტნამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრაც კამერუნისა და გაეროს დროშის ფონებზე წარიმართა.
ამდენად, მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფოტომასალაში კამერუნის დროშის ფონი პროტოკოლის ნაწილია და შეცდომას არ წარმოადგენს.