Home » მანიპულირება: ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

მანიპულირება: ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“

2025 წლის 2 თებერვალს POS TV-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „გმირი თუ პოლიციელზე მოძალადე?! – ვინ არის მზია ამაღლობელი“ (არქივირებული ბმული). სიუჯეტის მსვლელობისას, ავტორი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას შეეხო. კერძოდ, სიუჟეტის ავტორმა მაგალითად მოიყვანა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშიდან ამოღებული ფრაზები, რომ „საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურია და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“ და რომ „საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნები ეფექტურად ჩაატარა“. აღნიშნულ დასკვნებს ავტორი იყენებს იმის დასტურად,  რომ „არჩევნები არ გაყალბებულა“.

სინამდვილეში, ეს ორი ფრაზა, რომელსაც ანგარიშის ტექსტში გაგრძელება მოჰყვება, ამოღებულია კონტექსტიდან, ხოლო დასკვნის ძირითადი ასპექტები სიუჟეტში უგულებელყოფილია.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო „ზოგადად, ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუმცა უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობის პოლიტიკური სარგებლისთვის პოტენციური გამოყენების გამო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ხარისხს. ცვლილებები, მათ შორის, მოიცავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შეცვლას, რომელიც აუქმებს განმეორებითი კენჭისყრის დროს სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედის მიღწევის აუცილებლობას, ოპოზიციის მიერ დასახელებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას და ცესკოს წევრობის კანდიდატთა არჩევის პროცედურების შეცვლას, რაც ინკლუზიური კონსულტაციებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად საარჩევნო სამზადისი და უშუალოდ არჩევნების დღე პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ის საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობით და ფიზიკური დაპირისპირებით, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებით, ასევე ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებით ხასიათდებოდა. რიგ შემთხვევებში, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (. კარუსელით გაყალბების სქემა). სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.

ანგარიშის მიხედვით, სერიოზული კითხვები არსებობს ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირ კომპრომეტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო. სადამკვირვებლო მისიასთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების თანახმად, ხმის ფარულობის უზრუნველყოფა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რადგან  უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას და არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობას ადასტურებს.

ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის პროცედურული დარღვევები და მარკირების წესის უგულებელყოფა, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ხარისხს, საარჩევნო კამპანიისას გამოყენებული ვიდეო-მასალა და რიტორიკა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე გაკეთებული განცხადებები, არჩევნების შემდგომ სასამართლოების მიერ საჩივრების არასათანადო განხილვა და სხვ.

დასკვნის სახით ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.

საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია. ამავე პრეს-რელიზის თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დამტკიცებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენას, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირდებოდა. ამან, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, მოახდინა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის კომპრომეტირება, ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა“.

PosTV-ის სიუჟეტში ეუთოს დასკვნიდან ცალკეული ციტატები კონტექსტიდან  ამოგლეჯილია და სოციალური ქსელის მომხმარებლებს დასკვნას არასრულად და დამახინჯებულად აწვდის. მეტიც, სიუჟეტის ავტორი ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის „დასკვნის მიხედვით, დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“. სინამდვილეში, მსგავსი ჩანაწერი ანგარიშის ტექსტში არ არსებობს. ის არც მისი შინაარსიდან არ გამომდინარეობს. საპირისპიროდ, სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. ანგარიშის გარდა, აღნიშნულზე ყურადღებას თავად მისიის ხელმძღვანელი ამახვილებს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]