სოციალურ ქსელში გია აბაშიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „დიფ სთეითის“ ამერიკელმა აქტორებმა, „ობამას გუნდმა, მათ შორის ენტონი ბლინკენმა, ვიქტორია ნულანდმა, სიუზან რაისმა და ალექსანდრე ვინდმანმა ზელენსკის ურჩია, რომ უარი ეთქვა ტრამპის შეთანხმებაზე ლოგანის აქტის დარღვევით“. Facebook-პოსტზე თანდართულია პლატფორმა X-ის პოსტის ფოტოანაბეჭდი, რომელსაც გია აბაშიძე ეყრდნობა და რომელიც პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანს, რიჩარდ გრენელს აქვს გადაზიარებული. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გავრცელდა მტკიცება, თავად პირველწყარომ შეაფასა სპეკულაციად. მტკიცებას ასევე არ ახლავს წყარო ან რაიმე, რაც გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა. ფოტოანაბეჭდს პლატფორმა X-დან, რომლის მიხედვითაც
მტკიცების პირველწყაროს წარმოადგენს X-ის ანგარიში @KeenanPeachy. დასახელებულმა ანგარიშმა 28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უკრაინის პრეზიდენტის საერთო პრესკონფერენციის შემდეგ დაწერა: „ბლინკენმა, რაისმა, ნულანდმა და ვინდმანმა ზელენსკის ვაშინგტონისკენ ფრენისას დაურეკეს და ურჩიეს, რომ „მტკიცედ იდგეს“, „იყოს მკაცრი“ და „არ მისცეს უფლება ტრამპს დააშინოს“. როგორც ჩანს, საპირისპირო შედეგი მიიღო“. რამდენიმე წუთში, ავტორმა თავისივე გავრცელებულ ინფორმაციას უწოდა სპეკულაცია და პოსტს შემდეგი წარწერა დაურთო: „ვსპეკულირებ, მაგრამ აშკარად მართალი ვარ. ალბათ, ობამაც ჩართულია“ (I am speculating, but obviously I’m correct. Obama probably on too). მოგვიანებით კი, ერთ-ერთი კომენტარის პასუხად, რომელიც აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია გამოგონილია, ის პასუხობს: „ამას ტვიტინგი ეწოდება, ედ“ (It’s called tweeting, Ed.), რაც ცხადყოფს, რომ ინფორმაცია რეალური მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება.
ბრალდებას უარყოფს სიუზან რაისი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი. მისი პოსტის მიხედვით, მას არათუ რჩევა არ მიუცია ზელენსკისთვის, არასდროს უსაუბრია მასთან – „ცნობისთვის, მე არასოდეს შევხვედრივარ ზელენსკის და არც მილაპარაკია მასთან. არასდროს. ან რჩევა მიმიცია მისთვის ან მისი გარემოცვისთვის“.
იმ ფაქტს, რომ მტკიცებას არ ახლავს არანაირი წყარო ან სამხილი, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას რაიმე სახით დაადასტურებდა, აღნიშნავს BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადე. მსგავსი ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების მიერ მართლაც არ გავრცელებულა და მხოლოდ X-ის პლატფორმაზე, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ანგარიშების მიერ მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება.