Home » Дезинформация: Дональд Трамп закрывает базу НАТО в Александруполисе, Греция
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისში ნატოს ბაზა დახურა

სოციალურ ქსელში „რადიო თბილისი/FM 93.5/ Radio Tbilisi“ (დაარქივებული ბმული) დონალდ ტრამპის მიერ ნატოს სამხედრო ბაზის დახურვასთან დაკავშირებით ბერძნულ გაზეთზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს: „ტრამპმა დახურა ნატოს ბაზა საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლისში, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად მნიშვნელოვანია. – ინფორმაციას ბერძნული გაზეთი „დემოკრატია“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს სამხედრო ბაზა, რომელსაც აშშ და ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გადასაყვანად იყენებდნენ.გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით, ტრამპი თავის მოკავშირეს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს იმედს უცრუებს და იმავდროულად, პუტინისა და ერდოღანის ერთობლივ მოთხოვნას აკმაყოფილებს“. ბაზის დახურვასთან დაკავშირებით „რადიო თბილისის“ ქარდი სხვა ანგარიშის მიერაც გავრცელდა.

რეალურად, მტკიცება, თითქოს აღნიშნული ბაზა დაიხურა, არ დასტურდება. აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, ალექსანდროპოლისში არსებული ბაზა არ წარმოადგენს აშშ-ის, ან NATO-ს საკუთრებას. საბერძნეთსა და აშშ-ს შორის დადებული თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების (MDCA) ფარგლებში, პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ლოგისტიკური კვანძი ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბაზის დახურვის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა როგორც ბერძნული, ასევე რუსული მედიისა თუ ვებგვერდების, მაგალითად, TASS agency ,  gazeta.ru , kp.ru , ria.ru,  მიერაც.  გავრცელებულ ინფორმაციას ბერძნული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „Greece Fact Check“ გამოეხმაურა.

პირველ რიგში, ინფორმაცია  თავდაპირველად ბერძნული გაზეთის „დემოკრატია“ მიერ გავრცელდა. გამოცემა არ უთითებს წყაროს.

2021 წლის 14 ოქტომბერს, აშშ-სა და საბერძნეთს შორის ხელმოწერილი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულება (MDCA), მოიცავს ალექსანდროპოლისის პორტსაც. პორტი გამოიყენება აშშ-სა და ნატოს სამხედრო ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჯარებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის ბულგარეთში, რუმინეთში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. პორტი წარმოადგენს ლოჯისტიკურ კერას და არა „ბაზას“. აშშ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ალექსანდროპოლისში ბაზა არის  ბერძნული ობიექტი. შეერთებული შტატების პერსონალი შეიძლება დროებით იყოს განლაგებული ადგილზე, რათა მართოს აღჭურვილობის ტრანსპორტირება, მაგრამ პორტი არ წარმოადგენს აშშ-ს „ბაზას“, რომელიც შეიძლება აშშ-ის მიერ დაიხუროს.

2020 წელს კონსტანტინოს ჩაციმიჩაილმა, ალექსანდროპოლისის პორტის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა,  აშშ-ს სამხედრო ბაზის პორტში ან მის მახლობლად შექმნა უარყო. მან განმარტა, რომ  აშშ ქირაობს ობიექტებს ლოჯისტიკური ოპერაციებისთვის.

პორტის დახურვის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმაც უარყო. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, გეგმავს, თუ – არა აშშ ალექსანდროპოლისში „სამხედრო ბაზის“ დახურვას, როგორც ამას ბერძნული გაზეთი იუწყებოდა. აშშ-ის პრეზიდენტი საკითხის გარკვევისთვის ოთახში მყოფ პირებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს მიუბრუნდა. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ პუბლიკაცია არაზუსტი იყო, ტრამპმა  აღნიშნა  „ეს არ არის სიმართლე“.

ამდენად, ინფორმაცია, რომ აშშ-მა ალექსანდროპოლისში სამხედრო ბაზა დახურა, სიმართლეს არ შეესაბამება, ინფორმაცია უარყო როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე  თავდაცვის დეპარტამენტმაც. თანაც ალექსანდროპოლისში პორტი  ამერიკის ან ნატოს მფლობელობაში არ არის. საბერძნეთსა და აშშ-ს შორის განახლებული თავდაცვის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების (MDCA) ფარგლებში, პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას აშშ-ს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ კერად.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]