სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ნინო წილოსანის შემდეგ ციტატას ავრცელებს: „თოვლის მოსვლა მარტო ნაციონალებს არ უხარიათ, რა ამბავი ატეხეთ ხალხო მოდის გაზაფხული და დადნება სულ კი არ იქნება ეს თოვლი“. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია (არქივირებული ბმული). აღნიშნული ციტატა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დიდთოვლობის სტიქიის კონტექსტში გავრცელდა.
გავრცელებულ ფოტოს ტელეკომპანია „იმედის“ ლოგო აქვს, თუმცა „იმედის“ საინფორმაციო ბარათებს განსხვავებული დიზაინი აქვს. ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.
გავრცელებულ ციტატას ნინო წილოსანი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ციტატა ყალბია.
2025 წლის 20 თებერვალს, ამავე Facebook-ანგარიშმა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატაც გამოაქვეყნა: „ემიგრანტები ვინც ემიგრაციიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ხელისუფლებას მოვითხოვთ მათ დეპორტაციას რადგან ქართულ ციხეში მოიხადონ სასჯელი 60 დღე“, – ვკითხულობთ ბარათზე. სინამდვილეში, მსგავსი განცხადება მამუკა მდინარაძეს არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).
საინფორმაციო ბარათს „მთავარი არხის“ ლოგო აქვს, თუმცა ტელეკომპანიის Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. საგულისხმოა, რომ ტექსტის შრიფტი „მთავარი არხის“ ბარათებზე განსხვავებულია.
მსგავსი ციტატა მედიასაშუალებების გვერდებზე და ასევე არც მამუკა მდინარაძის ან „ქართული ოცნების“ ოფიციალურ Facebook-გვერდებზე არ იძებნება.
ამგვარად, ზემოაღნიშნული ორივე ციტატა ყალბია.