Home » [შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები დონალდ ტრამპის გამოსვლის ვიდეოს ავრცელებენ (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული). Facebook-ანგარიშები წერენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვიდეოში „ქიმიურ ბილიკებზე“ საუბრობს და სწორედ მას მიაწერს ბავშვებში აუტიზმის რიცხვის ზრდას. პოსტების ბოლოს ასევე მოცემულია ტრამპის გამოსვლის თარგმანი: „ჩვენ ცას ვუყურებთ და რაღაც არასწორია. თქვენ ხედავთ ამ ზოლებს, ისინი ასხურებენ ყველანაირ ნივთიერებას და ისინი ეს არ არის ღრუბლები ან უბრალოდ ორთქლი, როგორც გეუბნებიან, მერწმუნეთ. ეს სხვა რამეა. სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი აქ გვაქვს. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რაზეც არავის სურს ლაპარაკი, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს არასწორია, ეს გავლენას ახდენს ადამიანებზე, ეს გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე. ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ, ვინ დგას ამის უკან და დავასრულოთ ის”. რეალურად, ტრამპის მიმართვის თარგმანი შეცვლილია. აღნიშნული ტექსტის გავრცელებით, რომელსაც ანგარიშები აშშ-ის პრეზიდენტს მიაწერენ, ისინი ცდილობენ აუტიზმის რიცხვის ზრდა ე.წ. „ქიმტრეილების“ კონსპირაციას დაუკავშირონ. მართალია, ტრამპი გამოსვლისას ახსენებს „შესხურებას“ (Spraying), მაგრამ გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნულ ფრაზაში. ხაზგასასმელია, რომ  არ დასტურდება კავშირი კონტრეილებსა  (contrail) და აუტიზმის რიცხვის ზრდას შორის. 

21 თებერვალს თეთრ სახლში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის თემაზეც ისაუბრა. ერთ-ერთ მონაკვეთში, რომელსაც Facebook-ანგარიშები ავრცელებენ,  ტრამპი  აუტიზმის რიცხვის ზრდას შეეხო და აღნიშნა (იხილეთ ბმულზე 18:30 წუთიდან): „ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომელსაც მოვიშველიებ, აუტიზმის სტატისტიკა, შეიძლება განსხვავებული რიცხვები გესმით, მაგრამ საუბარია ათასებზე. ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი 10-დან 20 ათასამდე მერყეობს. 15 წლით უკან თუ დავბრუნდებით, ვნახავთ,რომ ასეთი  შემთხვევები თითქმის არ გვქონდა. მაშინ ეს იყო 1 შემთხვევა 34-36. ასე რომ 34-36 ბავშვს აქვს აუტიზმი.  18 წლის წინანდელ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაშინ ეს 1 იყო 20 ათასზე. ასე რომ, 20 ათასიდან 34-36-მდე ავედით. ეს წარმოუდგენელია! ჩვენ რაღაც შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, ეს ის სპრეია, რომელსაც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ყველგან ვასხამთ. პენსილვანიელი გერმანელები არაფერს იყენებენ, მაგრამ ისინი საოცრად ჯანმრთელები არიან!“.

გამოსვლისას, დონალდ ტრამპი ახსენებს „შესხურებას“ (Spraying), მაგრამ გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნულ ფრაზაში, თანაც, საუბარს განსხვავებულ თემაზე აგრძელებს და დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. შესაძლოა ის მართლაც მიუთითებდეს „ქიმტრეილებსა“ ან გეოინჟინერიაზე[1] და მას მიაწერდეს აუტიზმის რიცხვის ზრდას.  ამავდროულად, პენსილვანიელი გერმანელების ხსენებით, ტრამპი შესაძლოა იმ კონსპირაციაზე მიუთითებდეს, რომ ვაქცინები ხელს უწყობენ აუტიზმს და მოსახლეობა, რომელსაც ვაქცინის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, უფრო ჯანმრთელები არიან.

აუტიზმი იგივე აუტისტური სპექტრის აშლილობა, როგორც წესი, 2 წლის ასაკამდე ვლინდება და კომუნიკაციასა და ქცევაზე ახდენს გავლენას. აუტიზმის დიაგნოზთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ბოლო წლებში აშშ-ს ბავშვებში აუტიზმის გავრცელება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2000 წელს 1000 ბავშვში 6,7-ს აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) დიაგნოზი დაუსვეს, ეს რიცხვი 2020 წლისთვის 1000 ბავშვში 27,6-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად აშშ-ში 36 ბავშვიდან ერთს ეს დიაგნოზი აქვს.

წყარო: CDC.gov

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი გამოსვლისას  პენსილვანიელ გერმანელებს ახსენებს: „პენსილვანიელი გერმანელები არაფერს იყენებენ, მაგრამ ისინი საოცრად ჯანმრთელები არიან!“. საგულისხმოა, რომ პენსილვანიაში მაცხოვრებელ  ხალხში, ემიშებში, ზოგადად ვაქცინაციის, მათ შორის – Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, რიცხვი საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად, მათი შეხედულებები მიიჩნევა. ბევრი ფიქრობდა, რომ არ სჭირდებოდათ COVID-19 ვაქცინა, რადგან უკვე გადატანილი ვირუსის ფონზე, იმუნიტეტიც გამომუშავებული ჰქონდათ. ამავდროულად, აღსანიშნავია მათი რელიგიური შეხედულებები და ტრადიციები. ემიშები ხშირად ეყრდნობიან ოჯახურ ტრადიციას და ეკლესიის ლიდერების რჩევებს.  კერძოდ, მათი ქრისტიანული რწმენის ძირითადი ნაწილი არის ღვთის ნების მიღება ავადმყოფობის ან სიკვდილის დროს.

შესაბამისად, დონალდ ტრამპის მიერ პენსილვანიელი გერმანელების ხსენება ე.წ. „ქიმიური ბილიკების“ კონსპირაციაზე მეტად, სწორედ ვაქცინებს უნდა უკავშირდებოდეს. თანაც, აუტიზმსა და ვაქცინებს შორის კავშირზე კონსპირაცია ტრამპს აქამდეც გაუჟღერებია.

აუტიზმსა და აცრებს შორის კავშირი არ არსებობს

აღსანიშნავია, რომ მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. რეალურად, შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს.

მითი, თითქოს ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella – MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი და მისი მიგნებები სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო უარყვეს. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე მასშტაბური კვლევით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგინდა.

ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა რაიმე კავშირში. აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია წინამორბედ კვლევებთან.

მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა.  MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე). ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკ-ფაქტორი.

ამრიგად, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფთერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

„ქიმტრეილების“ კონსპირაცია და აუტიზმი

რაც შეეხება, Facebook-ანგარიშების მტკიცებას ე.წ „ქიმტრეილების“ შესახებ, რომელსაც ისინი აუტიზმის რიცხვის ზრდას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ „ქიმტრეილები“, რომლებსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები სხვადასხვა დაავადებასა და საფრთხეს აბრალებენ, რეალურად, თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კვამლის ბილიკებია“, იგივე  კონტრეილებია (contrail). ეს უკანასკნელი თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული კონდენსაციის პროდუქტი – „კვამლის ბილიკია“, რომლის ხილვადობაც არეალის ტენიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. ის ჰაერში მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით კრისტალებად გარდაიქმნება. დაბალი ტენიანობის პირობებში, აღნიშნული კრისტალები იშლება, თუმცა მაღალტენიანობის დროს ცაში ნარჩუნდება და თვალისთვისაც ხილული ხდება.

თვითმფრინავის ხილული „კონტრეილები“ არაერთი დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის წყარო გამხდარა. მაგალითად, წარსულში GeoFacts-მა გადაამოწმა კონსპირაციული მტკიცება, რომ „ქიმტრეილის“ გავრცელების მიზანი მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა და ტყუილად შეაფასა.

აღნიშნული თემის აქტუალობის გამო, „კონტრეილების“ ქიმიური საფრთხის შესაფასებლად კვლევაც ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტისა თუ ინსტიტუტის მეცნიერი მონაწილეობდა. 77-ივე მათგანი ატმოსფეროს კვლევებში სპეციალიზდება და მათი კვლევით დადასტურდა, რომ თვითმფრინავების „ქიმტრეილების“, ანუ ქიმიური ნივთიერებების გასავრცელებლად გამოყენება არარეალური მტკიცებაა. 77-დან 76-მა მეცნიერმა დაადასტურა, რომ მათ „ქიმტრეილის“ ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს და თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კონტრეილები“ მარტივი, ფიზიკასა და ქიმიაში კარგად ცნობილი მიზეზებით იხსნება. ის 1 კოლეგა, რომელიც თეორიის სიყალბეს არ დაეთანხმა, არც „ქიმტრეილის“ არსებობას არ ადასტურებდა. მისი თქმით, ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა ნამდვილად დაფიქსირდა, ამავე არეალში კი ხმელეთზე – დაბალი შემცველობა.

გარდა ამისა, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ანგარიშში განაცხადა, რომ „კონტრეილები“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეთ, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, თუმცა „კონტრეილებში“ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების არსებობა არ დასტურდება.

შესაბამისად, თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული კვალი საწვავის წვისაა, აორთქლებული წყლის სახით წარმოიქმნება და ჰაერში მტვრის ნაწილაკებს ერწყმის, რაც კვამლის კრისტალებს  ქმნის. ეს უკანასკნელი თვალისთვის ხილული  სხვადასხვა არეალის ტენიანობის მიხედვით ხდება. ჰაერის ტენიანობას ჰაერის მასების მოძრაობა, ატმოსფერული ტემპერატურის ცვლილება და სხვა მარტივი და ნაცნობი პროცესები განაპირობებს. „კონტრეილებსა“ და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, აუტიზმს შორის, კავშირი არ დასტურდება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია 28 თებერვალს განახლდა. მას დაემატა ტრამპის განცხადებიდან მონაკვეთი: „შესაძლოა, ეს ის სპრეია, რომელსაც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ყველგან ვასხამთ. პენსილვანიელი გერმანელები არაფერს იყენებენ, მაგრამ ისინი საოცრად ჯანმრთელები არიან!“ , სადაც ის შესაძლოა „ქიმტრეილებზეც“ მიუთითებდეს.  მიუხედავად იმისა, რომ სტატია განახლდა, ვერდიქტი არ იცვლება, რადგან არ არ დასტურდება  კავშირი „ქიმტრეილებსა“ და აუტიზმის რიცხვის ზრდას შორის.

[1] გეოინჟინერია დედამიწის კლიმატის სისტემაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად განზრახ განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. გეოინჟინერიის ორი ფართო კატეგორია არსებობს: ნახშირბადის გეოინჟინერია მიზნად ისახავს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებას, ხოლო მზის გეოინჟინერია მიზნად ისახავს დედამიწის ატმოსფეროს მიერ შთანთქმული და გამოთავისუფლებული მზის რადიაციის რაოდენობის შეცვლას. გეოინჟინერიის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მისი გამოყენებით არც ერთი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ან ოპერაცია ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]