Home » USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1; 2; 3; 4), რომლის თანახმადაც „USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის სამანტა პაუერის ქონება 3 წელიწადში $23.3 მილიონით გაიზარდა“. ინფორმაცია imedinews.ge-ის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. საგულისხმოა, რომ პოსტების ნაწილი და „იმედის“ სტატიაც ამერიკელი ბიზნესმენის მარიო ნაუფალის X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ციტირებენ. იგივე პოსტი ასევე გააზიარა შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმაც. რეალურად, გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება.

2025 წლის 12 თებერვალს ილონ მასკმა ოვალურ კაბინეტში საუბრისას დაიცვა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ძალისხმევა ხარჯების მკვეთრად შემცირებისა და ფედერალური მთავრობის თანამშრომლების დათხოვნის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ ამერიკელებმა მნიშვნელოვან ცვლილებებს მისცეს ხმა და ტრამპის ადმინისტრაცია ამ ცვლილებებს ახორციელებს. სხვადასხვა თემაზე საუბრისას მან ასევე ახსენა ინფორმაცია, რომელიც ზემოაღნიშნულის იდენტურ შინაარსს ატარებდა. მართალია, მასკს კონკრეტული სახელი არ უხსენებია, თუმცა, როგორც BBC წერს, იგულისხმებოდა USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება. პრეზიდენტმა ტრამპმა მასკს სთხოვა, „ეხსენებინა ზოგიერთი რამ, რაც მათმა გუნდმა აღმოაჩინა, მათ შორის ის უცნაური ციფრები, რომლებიც უკავშირდება ქალბატონს, რომელმაც დაახლოებით 30 მილიონი წაიღო“. პარალელურად, სოციალურ მედიაში პაუერის USAID-ში მუშაობის პერიოდში ქონების ამ ოდენობამდე გაზრდის შესახებ მტკიცებები გავრცელდა.

აღნიშნული მტკიცებები BBC-ის ფაქტების გადამმოწმებელმა ჯგუფმა და ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Politifact-მა შეისწავლეს.

სამანტა პაუერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში USAID-ს თითქმის ოთხი წლის განმავლობაში (2021 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე) ხელმძღვანელობდა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2013-2017 წლებში, იგი იყო აშშ-ის ელჩი გაერთიანებულ ერებში და 2009-2013 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უფროსი თანამშრომლის პოზიციას იკავებდა.

როგორც BBC წერს, პაუერის კრიტიკოსებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება მისი ქონების „უეცარი ზრდის“ ან იმის შესახებ, რომ მან USAID-ში თავისი პოზიციიდან ხელფასის გარდა სხვა სარგებელი მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, ეს მტკიცება შესაძლოა, მომდინარეობდეს ვებსაიტიდან Inside Biden’s Basement, სადაც აღნიშნულია, რომ სამანტა პაუერის ქონება 10-დან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობს. აღნიშნულ ვებგვერდზე არ არის მოცემული მეთოდოლოგია, თუ როგორ დაიანგარიშეს ეს თანხა, თუმცა იქვე ხელმისაწვდომია პაუერის 2021-22 წლების სამი სამთავრობო ეთიკის დეკლარაცია მიმაგრებული დოკუმენტების სახით.

ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Politifact პაუერის 2021 წლის იანვრის, 2022, 2023 და 2024 წლის მაისის ფინანსური დეკლარაციები გაანალიზა. ზოგადად, ეს მონაცემები,  აქტივებს [1] ან სახელმწიფო შემოსავალს [2] არ შეიცავს. აღნიშნულ დეკლარაციებში ოფიციალურ პირებს საშუალება აქვთ, თავიანთი აქტივები და ვალდებულებები დიაპაზონური მნიშვნელობებით ჩაწერონ და არა ფიქსირებული ოდენობით, რაც მათი ზუსტი ქონებრივი მდგომარეობის დადგენას ართულებს.

გამოთვლისთვის, Politifact-მა პაუერის, მისი მეუღლისა და „სხვა აქტივებისა და შემოსავლის“, რომლებიც მან დეკლარაციაში მიუთითა, მონაცემების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობები შეკრიბა, შემდგომ კი პაუერის მიერ მითითებული ვალდებულებების გამოკლებით, გამოთვალა მისი წმინდა ქონება.

2021 წელს პაუერის აქტივებსა და შემოსავლის წყაროებში შედიოდა კომპენსაცია და ბენეფიტები ჰარვარდის უნივერსიტეტში მისი პედაგოგიური საქმიანობისთვის, კაპიტალის მოგება Social+Capital Partnership LLC-სგან, მრავალჯერადი ჰონორარი წიგნების გაყიდვებიდან და საჯარო გამოსვლებიდან.

„სხვა აქტივებსა და შემოსავალში“ პაუერს მითითებული  აქვს ნაღდი ანგარიშები 12 ამერიკულ ბანკში, რამდენიმე Vanguard-ის ჰოლდინგში არსებული ინვესტიციები და სხვა აქციები.

იმავე წელს, პაუერის მეუღლემ, კას სანსტეინმა, ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორმა და თეთრი სახლის საინფორმაციო და მარეგულირებელი საქმეების ოფისის ყოფილმა ადმინისტრატორმა, პაუერის აქტივებზე ორჯერ მეტი აქტივები დააფიქსირა.

2021 წლის პაუერის ფინანსურ განცხადებაში მითითებული ყველა აქტივის საერთო ღირებულება 11 მილიონიდან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. ვალდებულებებში მან მხოლოდ ერთი ელემენტი – იპოთეკა – მიუთითა, რომლის ღირებულება 500,001-დან 1 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული. ამ დეტალის ჩათვლით, მისი წმინდა ქონება 10 მილიონიდან 29.5 მილიონ დოლარამდე შეადგენდა.  ეს იყო ერთადერთი ვალდებულება, რომელიც პაუერმა ოთხი წლის განმავლობაში მიუთითა.

„ჯეოფაქტსმა“ თავადაც გადათვალა ამ წლის დეკლარაციაში სამანტა პაუერის ქონების სავარაუდო მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებლები. მისი ქონების დიაპაზონი $9-30 მილიონს შორის მერყეობს. შესაბამისად, ჩანს, რომ USAID-ში საქმიანობის დაწყებამდე სამანტა პაუერი უკვე  ფლობდა იმ ქონებას, რაზეც მიუთითებენ რომ USAID-ში მუშაობის დროს დააგროვა.

როგორც შემდგომი წლების დეკლარაციები აჩვენებს, USAID-ში მუშაობის პერიოდში მისი კომბინირებული აქტივები (იგულისხმება პაუერის საკუთარი, მეუღლისა და „სხვა აქტივებისა და შემოსავლის“ ნაწილი) მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 2022 წელს მისი საშუალო წმინდა ქონება 20.9 მილიონი დოლარი იყო, 2023 წელს – 18.2 მილიონი დოლარი, ხოლო 2024 წელს – 20.8 მილიონი დოლარი.

დიაგრამა: სამანტა პაუერის ქონება 2021-2024. წყარო: პოლიტიფაქტი

ფედერალურ სააგენტოში [USAID] მუშაობის პერიოდში მისი პირადი აქტივები შემცირდა. მისი დეკლარაციების მიხედვით, 2022, 2023 და 2024 წლებში მან გაცილებით ნაკლები ჰონორარი მიიღო (მაგალითისთვის, ფოტოები დეკლარაციიდან იხ. ქვემოთ).

ჰონორარები 2021 წლის დეკლარაციიდან: (გრაფა: „დასაქმება, აქტივები, შემოსავალი და საპენსიო ანგარიშები“)

იმავე გრაფის ნაწილი 2024 წლის დეკლარაციიდან, სადაც ჰონორარები აღარ ჩანს:

2021 წლის დეკლარაცია (გრაფა: „კომპენსაციის წყაროები, რომლებიც წელიწადში 5,000 დოლარს აღემატება”).

2024 წლის დეკლარაცია (გრაფა: „კომპენსაციის წყაროები, რომლებიც წელიწადში 5,000 დოლარს აღემატება”).

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის სამანტა პაუერის ქონება 3 წელიწადში $23.3 მილიონით გაიზარდა, არ დასტურდება. ღია წყაროებში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მათ შორის, 2021 წლის დეკლარაციაც  ადასტურებს, რომ პაუერის ქონება USAID-ში მუშაობის დაწყებამდეც $9-30 მლნ -ის დიაპაზონში მერყეობდა.

 

 

[1] აღნიშნული ნაწილი არ მოიცავს აშშ-ის სამთავრობო სამსახურიდან მიღებულ აქტივებს ან შემოსავალს, ან იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილი იქნა განმცხადებლის ბიზნესის, დასაქმების ან სხვა შემოსავლის მომტანი საქმიანობებისგან დამოუკიდებლად (მაგ. საბროკერო ანგარიშის მეშვეობით შეძენილი აქტივები).

[2] ეს ნაწილი არ მოიცავს შემდეგს: (1) პოზიციები რელიგიურ, სოციალურ, საძმო ან პოლიტიკურ ორგანიზაციებში; (2) მხოლოდ საპატიო ხასიათის პოზიციები; (3) პოზიციები, რომლებსაც განმცხადებელი იკავებს აშშ-ის მთავრობაში თავისი ოფიციალური მოვალეობების ფარგლებში; (4) უბრალო წევრობა ორგანიზაციაში; და (5) პასიური საინვესტიციო ინტერესები, როგორც შეზღუდული პარტნიორი ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არამმართველი წევრი.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]