სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც წითელ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახით, სამეჯლისო ცეკვას ასრულებს. რეალურად, ორიგინალ ვიდეოში რუსი მოცეკვავე ვუსალ მეხტიევი ჩანს, რომლის სხეულზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უკრაინის პრეზიდენტის სახე არის დამონტაჟებული.
ყალბი ვიდეო წარსულშიც გავრცელებულა და არაერთ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციას აქვს გადამოწმებული. ორიგინალი ვიდეო თავდაპირველად 2020 წლის 16 ოქტომბერს რუსი მოცეკვავის, ვუსალ მეხტიევის პირად ტიკტოკ ანგარიშზე აიტვირთა. ამჟამად ის წაშლილია, მაგრამ იგივე ვიდეო მეხტიევს 2022 წლის 12 იანვარს აქვს ატვირთული. ვიდეო Telegram-ზე და Instagram-ზეც ხელმისაწვდომია.
ორიგინალი ვიდეოს საშუალებით ნათელი ხდება, რომ მასში ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ასახული და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ყალბია.
Facebook-პოსტში ასევე მითითებულია, რომ ყალბი ვიდეო „ტრამპის შვილმა დადო“, იგულისხმება დონალდ ტრამპ ჯუნიორი, რომელმაც ვიდეო X-ზე მართლაც გააზიარა. X-ის პოსტზე თანდართულია საზოგადოებრივი შენიშვნა (Community Note), რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ „ზელენსკის სახე სხვა ადამიანის ვიდეოზე არის გადადებული. ცეკვას ვუსალ მეხტიევი ასრულებს, მამაკაცი რუსეთის ქალაქ ლიპეცკიდან“. ცნობისთვის, X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი შენივშნები დაურთონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.
ამგვარად, ვიდეო, რომელშიც თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი სამეჯლისო ცეკვას ასრულებს, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის რედაქტირებული.