Home » დეზინფორმაცია: POSTV-ის კადრებში ჩანს, როგორ არიგებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ფულს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

დეზინფორმაცია: POSTV-ის კადრებში ჩანს, როგორ არიგებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ფულს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“

რა გავრცელდა?

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ტელეკომპანია „პოსტვ-მ“ გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ფულს აქციის დაწყებამდე“. ვიდეოს აღწერაში წერია, რომ „POSTV-მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ანაწილებს რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ბზიშვილი, ფულს აქციის დაწყებამდე. ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის ფულს იღებს „ტვ პირველის” “ოპერატორი”, ლაშა ჯიოშვილი“.

პოსტზე თანდართულ ვიდეოში ჩანს რამდენიმე ადამიანი და მათი ინტერაქცია, მათ შორის – ფულის მიმოცვლა (დაარქივებული ვიდეო).

ვიდეო იდენტური შინაარსით გაავრცელეს საინფორმაციო სივრცეში მოქმედმა ისეთმა გვერდებმა, როგორებიცაა: Facebook-გვერდი „Anti Maidani“, ონლაინ გამოცემებმა „მარშალ პრეს“, „ნიუსჰაბი“, „სინდისისგან თავისუფალი მედია“,Apriori ge“,  ასევე Facebook-მომხმარებლებმა (ბმული 1, 2, 3, 4). ინფორმაცია გააზიარა ტელეკომპანიამ „იმედი“. ვიდეო სწრაფად გავრცელდა Tiktok პლატფორმაზეც (ბმული 1, 2).

 

ვინ არის ლაშა ჯიოშვილი?

ვიდეო და თანდართული ტექსტები მიუთითებენ, რომ პროტესტის მონაწილეები აქციაზე მისვლისთვის ფულს იღებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ლაშა ჯიოშვილზე და აღნიშნავენ, რომ ის ფულს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის იღებს“.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე „პოსტვ“ ავრცელებდა პოსტს, სადაც ამტკიცებდა, რომ მათი ინფორმაციით, „ტვ პირველის „ოპერატორი“ ლაშა ჯიოშვილი აქციებში მონაწილეობისა და ბინძური შინაარსის ბანერების ხელში დაჭერისთვის სისტემატურად იღებდა თანხას“ (დაარქივებული პოსტი).

ცნობისთვის, 18 თებერვალს პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქციის შემდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა და ნიღბიანმა პირებმა ლაშა ჯიოშვილი ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს.

„პოსტვ-ის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მტკიცებები, რომ კადრებში აქციამდე ფულის განაწილების პროცესი ჩანს და რომ „ზონდერობისა და ამორალური ბანერის ხელში დაჭერისთვის“ [სხვებთან ერთად] ფულს იღებს ლაშა ჯიოშვილი, „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა.

 

რას წერს თეონა ბზიშვილი?

ვიდეოს მასშტაბურად გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა თეონა ბზიშვილმა. მან პოსტში აღნიშნა, რომ ვიდეოში მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან მცირე თანხის კუპიურებს დიდი ღირებულების კუპიურებში ცვლიდა, რათა თავიანთი ნაცნობისთვის [კახაბერ ქარელიძე] დაბადების დღე მიელოცათ და საჩუქარი გაეკეთებინათ (დაარქივებული პოსტი, ვიდეო).

„17 თებერვალს იყო არაჩვეულებრივი ადამიანის, ჩვენი მემატიანის დაბადების დღე! ვაპირებდით სიმბოლურად მხოლოდ ტორტით მიგველოცა (საქართველოს და ევროკავშირის დროშებით), თუმცა ვინაიდან საჩუქრის თანხა ტორტის და სანთლების ღირებულებას გასცდა, გადავწყვიტეთ კონვერტში ჩაგვედო და გვეჩუქებინა! ვინაიდან ბანკომატმა წვრილი კუპიურები მოგვცა, მომერიდა საჩუქრად ამ ფორმით გადაცემა და ვიკითხე იქვე ხომ არ ჰქონდათ ვინმეს მსხვილი კუპიურები! საბედნიეროდ აღმოაჩნდათ და გადავცვალეთ!“, – წერია თეონა ბზიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

პოსტში ასევე აღნიშნული იყო: „19 თებერვალს დამირეკა „პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა,  რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდათ კადრები (გქონდეთ ძვირფასებო, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ) და მკითხა რისი თანხა იყო! ჯერ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ მაინც ვუპასუხე, რომ იყო საჩუქრის ფული და წვრილი კუპიურა გადავცვალე მსხილში! დაურეკეს რუსკა ბუზიაშვილსაც. რომელმაც ასევე უთხრა სიმართლე! ამ “მიუკერძოებელმა” მედიამ კი წაიღო და მტკიცებით ფორმაში დააწერა რომ აქციის ორგანიზატორი არიგებს ფულს!“.

ამის დამადასტურებლად თეონა ბზიშვილმა პოსტს თან დაურთო ფოტოანაბეჭდები, სადაც ჩანს დაბადების დღის საჩუქრის საკოორდინაციოდ შექმნილი Messenger სასაუბრო ჩატი და თანხის აგროვების პროცესი, „საქართველოს ბანკიდან“ ანგარიშზე ჩარიცხვის და ანგარიშიდან გადარიცხვის დამადასტურებელი ამონაწერები და ვიდეო, სადაც ჩანს კახა ქარელიძისთვის დაბადების დღის მილოცვის პროცესი.

ფოტო: კადრები თეონა ბზიშვილის Facebook-პოსტიდან

თეო ბზიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ 17 თებერვალს კახაბერ ქარელიძეს დაბადების დღე ნამდვილად მიულოცეს.

ფოტო: კადრი თეონა ბზიშვილის Facebook-პოსტიდან

სოციალურ ქსელში 17 თებერვალს Facebook-ზე მომხმარებელმა – რუსკა ბუზიაშვილმა, ასევე გამოაქვეყნა ამ დაბადების დღის  აღნიშვნის დამადასტურებელი ფოტო, სადაც ლაშა  ჯიოშვილიც ჩანს.

ფოტო: კადრი რუსკა ბუზიაშვილის Facebook-პოსტიდან

ამდენად, ცხადია, რომ 17 თებერვალს როგორც თეო ბზიშვილმა, ისე ლაშა ჯიოშვილმა სხვა ადამიანებთან ერთად კახაბერ ქარელიძის დაბადების დღე ნამდვილად აღნიშნეს.

 

რა მტკიცებულებები მოიპოვა „ჯეოფაქტსმა“?

„ჯეოფაქსტი“ ბზიშვილს დაუკავშირდა. მან „ჯეოფაქტს“ ის დეტალები მიაწოდა, რაც მის მტკიცებას, რომ „პოსტვ-ის“ ვიდეოში სინამდვილეში მცირე ღირებულების კუპიურების, უფრო მსხვილ კუპიურებში გადაცვლა ჩანს და არა აქციაზე ფულის განაწილება, სარწმუნოს ხდის.

ვიდეო რომ რეალურად აქციაში მონაწილეობისთვის თანხის საიდუმლოდ დარიგებას ასახავდეს, ლოგიკას მოკლებულია, ვინმეს, ამის ჩანაწერი თავად გაეკეთებინა. „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებულ კადრებში კი გარკვევით ჩანს, რომ ერთი-ერთი ახალგაზრდა  ქალი, მობილური ტელეფონით სწორედ ფოტოებს/ვიდეოს იღებს.

ფოტო: კადრი „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან

თეო ბზიშვილის მიერ „ჯეოფაქტსისთვის“ მიწოდებულ ფოტოებში, რომელიც „პოსტვ-ის“ ვიდეოს მიხედვით, სწორედ თანხის გადაცვლის მომენტში გადაიღეს, ნათლად ჩანს, რომ ის მის გვერდით მყოფ ადამიანს წვრილ კუპიურებს ნამდვილად მსხვილ კუპიურაში უცვლის (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

ფოტო: „პოსტვ-ის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახული მომენტი

ფოტო: იმავე მონაკვეთის ამსახველი კადრები, რომელიც თეო ბზიშვილმა „ჯეოფაქტსს“ მიაწოდა

ამ კადრებში, რომელშიც ის მამაკაცია გამოსახული, რომელიც „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, დასტურდება, რომ თეონა ბზიშვილმა მათ ნამდვილად მცირე ღირებულების კუპიურები მისცა. კადრში კარგად ჩანს, რომ მამაკაცს თეო ბზიშვილი გადასცემს კუპიურების დასტას, რომელიც მათ შორის შეიცავს 5-ლარიან კუპიურასაც. თავად ბზიშვილს კი უფრო მსხვილი ღირებულების (50 და 100-ლარიანი) კუპიურები უჭირავს.

დამატებით, „პოსტვ-ის“ მტკიცებაშია აღნიშნულია, რომ თეონა ბზიშვილი აქციის დაწყებამდე ფულს უნაწილებს ადამიანებს, მათ შორის ლაშა ჯიოშვილს „ზონდერობისთვის და ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“. ამის საპირისპიროდ, თეო ბზიშვილის პოსტში აღნიშნულია, რომ დაბადების დღის მისალოცად ის თანხას აგროვებდა და ამის დამადასტურებლად გამოქვეყნებულია მისთვის 17 თებერვალს ჩარიცხული თანხების საბანკო ამონაწერები. თუ თეონა ბზიშვილი აქციაზე მონაწილეობისთვის თანხებს ანაწილებდა და ლაშა ჯიოშვილს ფულს „ამორალური ბანერების ხელში დაჭერისთვის“ აძლევდა, არალოგიკურია, რომ ბზიშვილის ანგარიშზე თანხა პირიქით იმ ადამიანებმა – მათ შორის, ლაშა ჯიოშვილმა – გადარიცხეს, რომლებმაც „პოსტვ-ის“ მიხედვით, თანხა აქციაში მონაწილეობისთვის აიღეს.

თეო ბზიშვილმა „ჯეოფაქტსს“ ის ამონაწერიც გადასცა, სადაც ჩანს, რომ საბანკო გადარიცხვის საშუალებით,  მას თანხა ლაშა ჯიოშვილმაც ჩაურიცხა სწორედ დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით (იხილეთ ფოტო).

ფოტო: „საქართველოს ბანკის“ ამონაწერი, სადაც ჩანს რომ თეონა ბზიშვილს თანხას ლაშა ჯიოშვილი ურიცხავს

დამატებით, ფაქტი, რომ თანხა ნამდვილად დაბადების დღისთვის გროვდებოდა, „ჯეოფაქტსმა“ კიდევ ერთ ადამიანთან გადაამოწმა. ნინო ჩიფჩიურმა, რომელმაც თეონა ბზიშვილს თანხა იმავე მიზნით გადაურიცხა, „ჯეოფაქტსს“ გადარიცხვის ქვითარი მიაწოდა (იხილეთ ფოტო).

სხვა ადამიანებთან ერთად, როგორც ლაშა ჯიოშვილის, ისე ნინო ჩიფჩიურის მიერ თეონა ბზიშვილთან თანხის გადარიცხვა ჩანს თავად თეონა ბზიშვილის ანგარიშის ამონაწერში (იხილეთ ფოტო ქვემოთ).

ფოტო: თეონა ბზიშვილის ანგარიშის ამონაწერი

 

 

რა არის სხვა შეუსაბამობები „პოსტვ-ის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოსა და მტკიცებაში?

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც „პოსტვ-ის“ მტკიცებას არადამაჯერებელს, ხოლო თეონა ბზიშვილის ინფორმაციას სარწმუნოს ხდის, არის  ის ტერიტორია, სადაც კუპიურების გაცვლა ხდება. როგორც წესი, თუ ვინმე საიდუმლოდ, არასაჯაროდ თანხის დარიგებას ან ვინმესთვის გადაცემას აპირებს, ამისთვის ხალხმრავალ, ქალაქის ცენტრალურ ადგილს არ გამოიყენებდა, მით უმეტეს, სახელმწიფო დაწესებულის წინ. გეოლოკაციის დამდგენი ტექნიკების საშუალებით კი „ჯეოფაქტსმა“ დაადგინა, რომ ვიდეოზე ასახული პროცესი ქალაქ გორის საკრებულოს შენობასთან, ქალაქის ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილას მიმდინარეობს.

ამაზე მეტყველებს ვიდეოში ნაჩვენები კადრების მახასიათებლები. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები, შემაღლებულ ადგილას, შენობასთან დგანან, მათ წინ კიბის 6 საფეხურია. ასევე ჩანს შენობაში შესასვლელი კარები მუქი ყავისფერი ჩარჩოთი და შენობის ფასადის ნაწილი.

ეს აღწერილობა კი ზუსტად ემთხვევა გორის საკრებულოს შენობას. Google-ის რუკაზე დატანილი ფოტოებიდან ჩანს, რომ საკრებულოს მარცხენა მხარეს შენობას ყავისფერ ჩარჩოში ჩასმული შუშის კარ-ფანჯარა აქვს, კიბეს კი 6 საფეხური. ერთმანეთს ემთხვევა ვიდეოში ნაჩვენები შენობის წინა ფასადის თაღოვანი ნაწილის ბოძების და გორის მერიის შენობის ფოტოზე ნაჩვენები ექსტერიერის დიზაინიც.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ ფულის მიმოცვლის სურათი ვიდეოში თეონა ბზიშვილის კომენტარის გარეშეც დასტურდება.

კერძოდ, „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებული ვიდეო რეალურად რაიმე პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის თანხის დარიგების კადრებს რომ ასახავდეს, ამ შემთხვევაში, ლოგიკურად, ერთ ადამიანს სხვებისთვის თანხა უბრალოდ უნდა გადაეცა. ეს უფრო მარტივი და მოკლე პროცესი იქნებოდა, რადგან ერთი ადამიანი სხვებს თანხას დაურიგებდა და პროცესი ამით დასრულდებოდა. „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში რეალურად ჩანს, რომ თეონა ბზიშვილსა და საქართველოს დროშიან მამაკაცს შორის, რომელიც ლაშა ჯიოშვილია, ფულის მიმოცვლა შედარებით ხანგრძლივია, ვიდრე ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში ყოფილიყო, თუ ახალგაზრდა ქალს, მამაკაცისთვის ფული უბრალოდ უნდა გადაეცა. კერძოდ, „პოსტვ-ის“ მიერ გავრცელებულ კადრებში მართალია ბუნდოვნად, მაგრამ ჩანს ის მომენტი, როცა თეონა ბზიშვილი ცვლის ლაშა ჯიოშვილთან თანხას. ამის მერე ის კიდევ ერთხელ ტრიალდება ლაშა ჯიოშვილისკენ და სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ცვლის ფულის კუპიურას.

საბოლოო ჯამში, ვიდეოს დინამიკაც, ლოგიკურად, თეონა ბზიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უფრო ამტკიცებს, რომ ის მის ირგვლივ მყოფ პირებთან წვრილ კუპიურებს უფრო მსხვილ კუპიურაში ცვლიდა, ვიდრე „პოსტვ-ის“ მტკიცებას, რომ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ის თანხებს არიგებდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ირგვლივ ადამიანებთან ინტერაქციის შემდეგ მის ხელში რჩება ფულის კუპიურები.

შესაბამისად, „პოსტვ-ის“ მტკიცებას, რომ მათი კადრები „აქციის ორგანიზატორის“ მიერ აქციამდე ფულის განაწილებას ასახავს, ეჭვქვეშ თავად „პოსტვ-ის“ ვიდეო აყენებს, სადაც ფულის გადაცვლის მომენტი უფრო ჩანს, ვიდრე უბრალოდ დარიგების.

ამდენად „პოსტვ-ის“ მტკიცება, რომლის მიხედვით მათ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში თეონა ბზიშვილის მიერ ფულის დარიგება და ლაშა ჯიოშვილისთვის „ზონდერობისა და ამორალური ბანერების ხელში დაჭერის“ მიზნით, თანხის გადაცემა ჩანს, არ დასტურდება. ამის საპირისპიროდ, მტკიცებულებები ამყარებს თეონა ბზიშვილის პოსტს, რომლის მიხედვით, ისინი თანხას თავიანთი ნაცნობისთვის დაბადების დღის მისალოცად აგროვებდნენ და რომ ვიდეოში, სინამდვილეში, ფულის მცირე კუპიურების უფრო მსხვილ კუპიურებში გადაცვლა ჩანს.

ცნობისთვის, მტკიცებები, რომ საქართველოში მიმდინარე აქციის მონაწილეები აქციებზე დგომისთვის თანხას იღებენ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებადი მტკიცებაა, რომელიც აქციების მონაწილეების და აქციებზე გაჟღერებული მოთხოვნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]