Home » სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ეკა მიშველაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „არ აგარევინებთ“ ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) აღწერით: „რას იტყვით, ისწავლა რამე?“.  ვიდეოში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე წამყვანის კითხვაზე: „როგორც ვიცი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული, როგორ ფიქრობ ისწავლე რამე იქ?“, იღიმის და პაუზას აკეთებს. აღნიშნული ინტერვიუდან რედაქტირებული კადრი TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებელში აჩენს წარმოდგენას, რომ კითხვაზე ჟურნალისტი  უხერხულად დაფიქრდა და პასუხი ვერ გასცა. 

გადაცემაში „მძიმე კაცთან“ ეკა მიშველაძის ინტერვიუ 2016 წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მონაკვეთში (იხილეთ ბმულზე 09:30 წუთიდან) ქართულ მედიაზე და ჟურნალისტიკაზე საუბრისას, წამყვანის კითხვაზე: „შენ სწავლობდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული, ისწავლე რამე იქ?“, მიშველაძე პასუხობს: „იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ მე საბჭოთა ბავშვი ვარ, სკოლაშიც მაგ პერიოდში ვსწავლობდი და უნივერსიტეტშიც მაგ პერიოდში ვსწავლობდი. ნუ დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში. სწავლით მაინც ბევრი რამე ვისწავლე იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, რაღაცა ადამიანების გარემოცვაში, თუნდაც ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. მერე თან შედარების საშუალება როცა გაქვს, როცა შეგიძლია შეადარო იმ დროინდელი განათლება და მე, მერე კიდევ სხვაგანაც გავაგრძელე სწავლა, ეს რომ შეიძლება შეადარო იმხელა განსხვავებაა, გასაოცარია, მართლაც. მაგრამ დიდი გამოცდილებაა და რაღაცები ვისწავლე. ახლა, როგორ ვთქვა, რომ არ ვისწავლე-მეთქი“.

ამდენად, ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

აღსანიშნავია, რომ იმავე გადაცემიდან სხვა,  ასევე რედაქტირებული მონაკვეთი, TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა. ვიდეოში წამყვანის კითხვაზე: „ბიტლზის რომელი სიმღერა გიყვარს“, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პასუხობს: „ზოგადად, მე მიყვარს გემრიელი საკვები, მიყვარს იტალიური სამზარეულო. მიყვარს ტაილანდური სამზარეულო. უფრო სწორად, ნუ ეს ასარჩევად რომ გვქონდეს, ისე ყველაფერი მიყვარს, რაც გემრიელია“.  რეალურად, აღნიშნული ვიდეოც რედაქტირებულია, წამყვანის კითხვაზე მიბმულია სხვა მონაკვეთი, რომელშიც ეკა მიშველაძე საყვარელ კერძთან დაკავშირებით საუბრობს. სინამდვილეში კი წამყვანის კითხვაზე  ბრიტანული ჯგუფ „ბიტლზთან“ დაკავშირებით ეკა მიშველაძე პასუხობს (იხილეთ ბმულზე 01:15 წუთიდან): „რა კარგია კითხვა, მე თან ბავშვობაში ბიტლომანი ვიყავი და ბიტლზი ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია. რა ვიცი, ყველა სიმღერა მიყვარს, ბევრია ისეთი, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ ახლა რაც უცებ მომივა თავში  იმას ვიტყვი „let it be” ძალიან მიყვარს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]