სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები დონალდ ტრამპის დედას მერი ენ ტრამპს შემდეგ ციტატას (1, 2) (დაარქივებული ბმული) მიაწერს: „დიახ, იგი საღ აზრს და სოციალურ უნარებს მოკლებული იდიოტია, მაგრამ ჩემი შვილია. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკით არასოდეს დაკავდება. კატასტროფა იქნებოდა.” რეალურად, ციტატა ყალბია. არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსგავსი განცხადება ტრამპის დედას შვილზე ოდესმე გაუკეთებია.
აღნიშნული ციტატა სოციალურ ქსელში ამერიკაშიც ფართოდ გავრცელდა, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, Lead Stories; Check Your Fact; Snopes და Factcheck.org გამოეხმაურა.
არც ერთ ღია წყაროში მერი ენ ტრამპის მსგავსი განცხადება არ ვრცელდება. წესით, ეს ციტატა რეზონანსული უნდა ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპი მრავალი წელია, ცნობილი ბიზნესმენია. თანაც ტრამპმა პრეზიდენტობის პრეტენზია 1990-იან წლების ბოლოსაც გამოთქვა, არც ერთ ჟურნალსა თუ წიგნში მსგავსი განცხადება არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, მერი ენ ტრამპი 1912 წელს შოტლანდიაში დაიბადა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი ფრედ ტრამპი, რომელზეც 1936 წლის იანვარში დაქორწინდა და მასთან ხუთი შვილი – მათ შორის დონალდი გაუჩნდა. მერი ენი 88 წლის ასაკში 2000 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა – დიდი ხნით ადრე, სანამ მისი ვაჟი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდებოდა.
ამდენად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედამ მას „სოციალურ უნარებს მოკლებული იდიოტი“, ხოლო მის პოლიტიკაში შესაძლო წასვლას „კატასტროფა“ უწოდა.