Home » სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ანონიმურმა Facebook-გვერდმა „უკვე ევროპაში ვართ“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „იულიუს კეისარი გეი იყო და ქვეყანას აზანზარებდა!.. მეამაყება, რომ ჩვენს მსვლელობას სათავეში გეები უდგანან!..“

პოსტს თან დართული აქვს მტკიცება, რომ გუბაზ სანიკიძემ აღნიშნული „თბილის პრაიდის“ მისამართით გააჟღერა (დაარქივებული პოსტი).

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება ყალბია და არ დასტურდება, რომ გუბაზ სანიკიძემ მსგავსი განცხადება გააკეთა.

ციტატა 2021 წელსაც იძებნება. მაშინ ციტატა „ნიუსფრონტმა”, გამოაქვეყნა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად News-front-ის ქსელის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით არის შექმნილი.

„ნიუსფრონტის“ სტატია უკავშირდებოდა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენებს, როდესაც წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და დაარბიეს „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. ამ მოვლენების გამო Tbilisi Pride-მა დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმა.

2021 წლის 8 ივნისს 5 ივნისის მოვლენების შესახებ გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ გადაცემაში ინგა გრიგოლიასთან ისაუბრა. თუმცა მასში მსგავსი ციტატა სანიკიძეს არ გაუჟღერებია. მეტიც, მან აღნიშნა (25:10 წუთი), რომ „სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაში მე მაქვს ისეთი რამ გაკეთებული, საკუთარ თავს გადავახტი და მათი უფლებები დავაკანონე კანონით, ამიტომ მე ვალი გასწორებული მაქვს მათთან, მე თანავუგრძნობ მათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მე მათი მხარდამჭერი არ ვარ და არც ვიქნები“.

ამასთანავე, როდესაც 2023 წელს ეს ციტატა კიდევ ერთხელ გავრცელდა, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა, მათთან საუბარში გუბაზ სანიკიძემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ციტატა მას არ უთქვამს.

 

თეგები

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]