სოციალურ ქსელში ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ინფორმაციას აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა მსოფლიოში ტურბო კიბოს აფეთქება გამოიწვია. „Pfizer-მა გამოუშვა Super Bowl-ის რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია ბავშვი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს. მაგრამ ირონია ის არის, რომ სწორედ Pfizer-ის ვაქცინებმა, გამოიწვია ტურბო-კიბოს აფეთქება მსოფლიოში“, – წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, მათ შორის Pfizer, კიბოს რიცხვის ზრდას იწვევს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მტკიცება, თითქოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები „ტურბო კიბოს“ რიცხვის ზრდას იწვევს, სოციალურ ქსელში დიდი ხანია ვრცელდება, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის უცხოენოვანი გამოცემა Reuters; FactCheck.org; AFP და ქართული „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურნენ.
პირველ რიგში, Reuters აღნიშნულ საკითხზე ხუთ სხვადასხვა მეცნიერს ესაუბრა, რომლებმაც კოვიდ ვაქცინების მიერ კიბოს, მით უფრო აგრესიული ტიპის, ე.წ. „ტურბო კიბოს“ გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. იმუნოლოგიის ექსპერტმა, ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა, ჯიჯი გრონვალმა აღნიშნა, რომ ნარატივი მთლიანად გამოგონილი და ყალბია. პროფესორი ჯასტინ სტებინგი, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კიბოს მედიცინისა და ონკოლოგიის განყოფილების პროფესორი, აღნიშნავს, რომ მართალია, ზოგიერთი კიბო უფრო აგრესიულია, ვიდრე დანარჩენი, თუმცა ტერმინი „ტურბო კიბო“ მას არასდროს სმენია. აქვე აღსანიშნავია, რომ ტერმინის „ტურბო კიბო“ თავდაპირველი გამოყენება კონსპიროლოგებსა და ანტივაქსერებს უკავშირდებათ. ისინი ამ სიტყვებით აღწერენ აგრესიულ და სწრაფად განვითარებად კიბოს, პროცესების დაჩქარებას კი სწორედ ვაქცინებს უკავშირებენ. სამედიცინო სფერო ამ ტერმინს არ იყენებს.
საკითხის ექსპერტებმა გამოცემასთან პანდემიის პირობებში და მისი დასრულების შემდეგ კიბოთი დაავადებულთა რიცხვის საგრძნობ ცვლილებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, COVID-19 პანდემიის მიმდინარეობისას კიბოთი დაავადებულთა დიაგნოსტირების შედარებით დაბალი რიცხვი სამედიცინო სისტემების გამორთვამ განაპირობა, ბევრმა ადამიანმა პანდემიის დროს უბრალოდ გადადო კიბოს სკრინინგი და მკურნალობა. ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ კიბოს გვიანი სტადიის მქონე პაციენტთა რიცხვის ზრდა, მათ მიერ ექიმთან ვიზიტის ხანგრძლივი ლოდინის შედეგია და კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დიაგნოზს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებთან კავშირი არ აქვს.
მეტიც, აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტი თავის ვებგვერდზე წერს: „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid-19 ვაქცინები იწვევს კიბოს, მის ხელახალ განმეორებას ან დაავადების პროგრესირებას“.
მართალია, COVID-19-ის სწრაფად გავრცელების შემდეგ, ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, თუმცა, მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. არაერთი კლინიკურმა კვლევა აჩვენებს, რომ mRNA COVID-19 ვაქცინები Pfizer/BioNTech-ი და Moderna უსაფრთხოა.
ამგვარად, არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ Pfizer-ის ვაქცინები „ტურბო კიბოს“ იწვევს.