სოციალურ ქსელში 4 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით USAID, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სამმართველოსთან ერთად, 56 მილიონი დოლარით აფინანსებდა ოპიუმის ყაყაჩოების კულტივაციას და ჰეროინის წარმოებას, შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით (დაარქივებული პოსტი).
პოსტის მტკიცება ეფუძნება ფოტოს, რომელიც ერთ-ერთი სტატიიდან არის აღებული.
„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა.
პოსტთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, სტატიას, რომელზე დაყრდნობითაც მტკიცება გავრცელდა, ეწოდება FEDS: U.S. Taxypayer funds helping irrigate, fertilize afghan opium funding taliban (აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა დაფინანსება [რომელიც] ხელს უწყობს ირიგაციას, ანაყოფიერებს თალიბანის დაფინანსებას – ავღანურ ოპიუმს). აღნიშნული სათაურით სტატია 2018 წლის 21 ივნისს გამოქვეყნდა ამერიკულ ვებგვერდზე სახელწოდებით Breitbart (იხ. დაარქივებული სტატია).
სტატიაში აღნიშნულია ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხებში აშშ-ის გენერალური ინსპექტორის (SIGAR) ანგარიში, რომლის მიხედვით, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ალტერნატიული განვითარების (ADP) პროექტები ავღანეთში ავღანელი ფერმერებისა და კონტრაბანდისტების მიერ ყაყაჩოს მოშენებისთვისაც გამოიყენებოდა.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებმა – კერძოდ, იმ პროგრამებმა, რომლებიც [სარწყავი] არხების რეაბილიტაციისთვის გამოიყენებოდა და რომელთა საშუალებითაც ვაშინგტონის დასახლებაზე სამჯერ დიდი ტერიტორია განაყოფიერდა – დაუდევრად (inadvertently) ხელი შეუწყო ყაყაჩოების მოსავლის მოყვანას. სტატიის მიხედვით, SIGAR-მა დაადგინა ისიც, რომ USAID-ის ზოგიერთმა პროექტმა უზრუნველყო რესურსები ფერმის აღჭურვილობისა და სასუქისთვის, რომელიც გამოიყენება ოპიუმის გასაშენებლად.
ამდენად, სტატიაში განხილულია SIGAR-ის ის ანგარიში, რომელიც იტყობინებოდა ამერიკული დაფინანსებით განხორციელებული პროექტების შედეგების საშუალებით ნარკო ფერმერებისა და ტრეფიკერების მიერ სარგებლის მიღების შესახებ.
მტკიცება, რომ USAID, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სამმართველოსთან ერთად განზრახულად და პირდაპირ აფინანსებდა ოპიუმის ყაყაჩოების კულტივაციას და ჰეროინის წარმოებას, შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით, აღნიშნულ სტატიაში არ წერია. უფრო მეტიც, სტატიაში არსადაა აღნიშნული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში დასახელებული USAID-ის 56 მილიონიანი დაფინანსება.
აღსანიშნავია ისიც, რომ Media Bias Fact Check, რომელიც სხვადასხვა მედიის სანდოობის ხარისხს მეთოდოლოგიურად ადგენს, გამოცემა Breitbart-ს საეჭვო წყაროდ აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს შეფასება ეფუძნება ვებგვერდის უკიდურეს მემარჯვენე მიკერძოებულობას და კონსპირაციული თეორიებისა და პროპაგანდის, ისევე როგორც მრავალი ცრუ მტკიცების გავრცელების ფაქტებს.
ამდენად, „ჯეოფაქტსმა“ ის ანგარიშიც მოიძია, რომელიც Breitbart-ის სტატიაშია განხილული.
ანგარიში 2018 წელს გამოქვეყნდა და განიხილავს და აღწერს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტების (DOD) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ნარკოტიკების აღკვეთის ადმინისტრაციის (DEA) მცდელობებს, შეეკავებინათ ფერმერები და მოვაჭრეები ოპიუმის კულტივაციასა და ვაჭრობაში მონაწილეობისგან, გაეძლიერებინათ ავღანეთის მთავრობის ნარკოტიკების საწინააღმდეგო შესაძლებლობები და განევითარებინათ ქვეყნის კანონიერი ეკონომიკა. საბოლოო ჯამში, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ავღანეთში 2017 წელს ყაყაჩოების კულტივაციამ და ოპიუმის წარმოებამ რეკორდულ რაოდენობას მიაღწია, ანგარიში ასკვნის, რომ აშშ-ის კონტრნარკოტიკულმა აქტივობებმა ხანგრძლივი შედეგი ვერ გამოიღო. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეკომენდაციებთან და „ნასწავლ გაკვეთილებთან“ ერთად ანგარიში 13 მიგნებას წარადგენს. მათგან მხოლოდ ერთი (მე-9 მიგნება) ეხება იმ ფაქტს, რომელიც breitbart-ის სტატიაშია განხილული.
კერძოდ, მე-9 მიგნებაში აღნიშნულია, რომ ალტერნატიული განვითარების პროგრამები იყო ძალიან მოკლევადიანი და ხშირად ეყრდნობოდა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ყაყაჩოს მარტივ ჩანაცვლებას. ამ პროგრამებმა ოპიუმის ყაყაჩოს კულტივაციის გრძელვადიანი შემცირება ვერ გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში, ყაყაჩოს წარმოების გაზრდასაც შეუწყო ხელი.
ანგარიშში მოყვანილია ის მაგალითიც, როცა ზოგიერთ რაიონში განვითარების პროგრამებმა უნებურად ხელი შეუწყო ყაყაჩოს წარმოებას. ასეთი მაგალითია (გვ. 117) ალტერნატიული განვითარების პროგრამებით სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია და განვითარება, რომლებმაც გაზარდეს 113,808 ჰა მიწის პროდუქტიულობა. ანგარიშში წარმოდგენილია მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ რეაბილიტირებულმა სარწყავმა სისტემებმა უნებურად ხელი შეუწყო ყაყაჩოს კულტივაციის ზრდას.
ანგარიში აღნიშნავს, რომ ეს ანალიზი ასახავს სარწყავი სისტემების გაუმჯობესების რისკებს, იმავე ადგილებში სოფლის მეურნეობის დივერსიფიცირებისთვის ადეკვატური მხარდაჭერის მიწოდების გარეშე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მსგავს მაგალითზე საუბრობს, ეს წარმოდგენილი არაა, როგორც USAID-ის ან ალტერნატიული განვითარების პროგრამების მიერ ყაყაჩოების კულტივირების და ოპიუმის წარმოების გაზრდისკენ განზრახ მიმართული ნაბიჯი.
ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მტკიცება, რომ USAID, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სამმართველოსთან ერთად 56 მილიონი დოლარით აფინანსებდა ოპიუმის ყაყაჩოების კულტივაციას და ჰეროინის წარმოებას, შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით, მცდარია.