Home » სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლეიენის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლეიენის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს  ფოტოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, სადაც სავარაუდოდ ჩანს ურსულა ფონ დერ ლეიენის ბებია ადოლფ ჰიტლერთან ერთად…ლიბერალური ფაშიზმი მართავს ევროპას“. შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახულია ადოლფ ჰიტლერი ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ფონზე და ის ხელს ართმევს ქალს. სწორედ ამ უკანასკნელზე ამტკიცებს პოსტის ავტორი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლეიენის ბებიაა. რეალურად, ფოტოში ასახული ქალი ჰილდეგარდ ცანტოპია, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლეიენთან არაფერი აქვს საერთო.

ფოტო იმგვარი სათაურით, თითქოს ადოლფ ჰიტლერი ხელს ურსულა ფონ დერ ლეიენის  ბებიას ართმევს, გავრცელდა უცხოენოვან სოციალურ ქსელშიც (1, 2, 3) და ინფორმაცია გადაამოწმეს ისეთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: Reuters, Open, Maldito Bulo, The Journal.

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ადოლფ ჰიტლერთან ერთად ფოტოზე გამოსახულია ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლეიენის ბებია. Reuters-თან იმეილ მიმოწერაში, ევროკომისიის პრესსპიკერმა ერიკ მამერი უარყო, რომ ფოტოზე ფონ დერ ლეიენის ბებიაა გამოსახული.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძებნის ინსტრუმენტი (reverse image search) გამოიყენა და გაირკვა, რომ პოსტში გავრცელებული ფოტო აღმოსავლეთ პრუსიის სურათების არქივის ვებგვერდზეცაა ატვირთული. არქივში შეგროვებულია იმ რეგიონის ფოტოები, რომლებიც დღეს რუსეთის ანკლავს, კალინინგრადს მოიცავს. არქივში აღნიშნული ფოტო შემდეგი აღწერითაა განთავსებული: „ნაუნინენი. ჰილდეგარდ ცანტოპი ნაუნინენიდან აღმოსავლეთ პრუსიის ახალგაზრდებს მოსავალს წარუდგენს ბუკებერგში ფერმერთა ფესტივალის დროს“ (Naunienen, Hildegard Zantop aus Naunienen überreicht die Erntekrone der ostpr. Landjugend beim Bauerntag in Bückeburg).

Reuters ასევე დაუკავშირდა აღნიშნული ბიბლიოთეკის პრესსპიკერს, რომელმაც განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი ჰილდეგარდ ცანტოპია და მტკიცება, რომ ის ურსულა ფონ დერ ლეიენის ბებიაა, მცდარია.

ურსულა ფონ დერ ლეიენის გენეალოგიის ვებგვერდის მიხედვით, დედის მხრიდან მისი ბებია იყო გერტრუდ შტრომაიერ-ოლღოგე, ხოლო მამის მხრიდან ადელჰაიდ ალბრეხტ-ბერგ. ურუსლა ფონ დერ ლეიენის გენეალოგიაში არ გვხვდება ბებია სახელად ჰილდეგარდ ცანტოპი.

დამატებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო იძებნება Getty Images-ის ვებგვერდზეც. ფოტოს ატვირთვის თარიღია 2004 წლის 15 აპრილი, ხოლო გადაღებულია 1937 წლის 1-ელ იანვარს. ფოტო დასათაურებულია შემდეგნაირად: „შეხვედრა ჰიტლერთან. 1937: ადოლფ ჰიტლერი ხელს ართმევს ტრადიციულად ჩაცმულ გლეხ გოგონას ბუკებურგში ვიზიტის დროს“.

ამრიგად, მტკიცება, რომ ადოლფ ჰიტლერთან ერთად ფოტოზე ურსულა ფონ დერ ლეიენის ბებიაა გამოსახული, მცდარია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]