Home » სოციალურ ქსელში გადაცემის „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში გადაცემის „The Talk შოუ“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook და TikTok ანგარიშები რუსთავის 2-ის გადაცემიდან „The Talk შოუ“ მონაკვეთს ავრცელებენ, სადაც წამყვანი მარიამ სანოგო ამბობს, რომ მამაკაცები სახლში უნდა ისხდნენ: „სჯობს იჯდეს სახლში და მე მირჩევნია, გაზარდოს კარგად ბავშვები, დამახვედროს მოწესრიგებული სახლი და ცოტა უხერხულია ხო, რომ კაცი დადის აქეთ-იქეთ სამსახურში, მერე მეგობრებთან. არა, ქალებს გვაქვს იმდენი საშუალება, რომ კაცები ისხდნენ სახლში, მიხედონ და ჩვენ ვარჩენთ“. სინამდვილეში, გადაცემის სრულ ვერსიაში წამყვანები აღნიშნავენ, რომ ხუმრობენ და ამ გზით ეხმიანებიან იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც ხუმრობის გარეშე, ქალების მისამართით ხშირად იმეორებენ (დაარქივებული ბმული).

აღნიშნული გადაცემა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 2021 წლის 13 დეკემბერს გავიდა და მისი მთავარი თემა თანამედროვე კაცები იყო. გადაცემის დასაწყისში ერთ-ერთი თანაწამყვანი სტეფანე მღებრიშვილი თანაწამყვანებს კითხვას უსვამს: (02:00-დან) „გოგოებო, ზოგადად მაინტერესებს, როგორი კაცები მოგწონთ და, საერთოდ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კაცი, რომ ქალმა ქმრად მოიყვანოს?“, სადაც ცხადი ხდება, რომ წამყვანები ქალების მიმართ არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს მამაკაცებს არგებენ და ირონიულად საუბრობენ. მათ შორის, მარიამ სანოგოც (02:37-დან) ამ კითხვაზე პასუხად ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიტყვებს. მარიამ სანოგოს საუბრის ბოლოს, წამყვანი ნატა ასათიანი ხაზს უსვამს და ადასტურებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხუმრობენ: „მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ფრაზები ხშირად გაგვიგია ყოველგვარ ხუმრობას მოკლებული, მხოლოდ ერთი განსხვავებით – ქალების მისამართით“. წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ასეთი სტერეოტიპული მიდგომები მრავალი თაობის აღზრდაზე მოქმედებდა და საზოგადოებაში თითქოს ნორმად იქნა მიჩნეული.

ამდენად, გადაცემიდან აღნიშნული მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]