Home » სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ მანიპულაციური პოსტები ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის დასწრების შესახებ მანიპულაციური პოსტები ვრცელდება

2025 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა. პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლირების დროს (ვიდეოში 22:04-ე წუთიდან) კადრში გამოჩნდა მონაკვეთი, სადაც ჩანს სალომე ზურაბიშვილი, მოგვიანებით, კადრი იცვლება და იმ დარბაზში, სადაც სალომე ზურაბიშვილი ზის, ჩანს ტელეეკრანი, სადაც ინაუგურაციას გადმოსცემენ.

პირდაპირ ტრანსლაციიდან ამ მონაკვეთის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა პოსტები, რომელთა მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დარბაზში არ იმყოფებოდა და მან ბილეთი იმისთვის იყიდა, რომ ინაუგურაციისთვის თვალი ეკრანიდან მიედევნებინა.

„მორიგი სპექტაკლი. ჩავიდა სალომე ვაშინგტონში და ინაუგურაციის დარბაზში არაა, ვერც იქნებოდა ცხადია. ტელევიზორით ვაშინგტონიდან უყურებ ინაუგურაციას თუ ჩუმლაყიდან, რა განსხვავებაა? ან ეს რა მონობაა, ჩანგალზე ჩასვლა და სამარცხვინოდ სპექტაკლების დადგმა? ის ფული რაც ამ კუდაბზიკობაში დახარჯეთ, ვინმე გაჭირვებულისთვის რომ მიგეცათ, უფრო იხეირებდა ქვეყანა“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

„ამდენი ფული დახარჯა ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპისთვის ტელევიზორში რომ ეყურებინა? ამანაც საიტზე იყიდა ბილეთები, – წერია ერთ-ერთი ვიდეოს აღწერაზე.

„თუ ტელევიზორში უნდა გეყურებინა, ფულს რაღას იხდიდი, განა ჩვენ არ გვაქვს ტელევიზორები“, – აღნიშნულია კიდევ ერთ პოსტში.

აღნიშნული პოსტები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე დასასწრებად ბილეთი შეიძინა, თუმცა საინაუგურაციო დარბაზში ვერ მოხვდა (დაარქივებული ბმული).

სად ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას?

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შედგა. ტრადიციის მიხედვით, ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის გარეთ უნდა გამართულიყო, თუმცა მოსალოდნელი სახიფათოდ ცივი ტემპერატურის გამო, გადაწყდა, რომ ინაუგურაცია კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართებოდა. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა 17 იანვარს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად 200 000-ზე მეტ მსურველს ელოდნენ, უამინდობის გამო, ინაუგურაციის ცერემონიალის შიდა სივრცეში გადატანამ იმ ადამიანების სია შეზღუდა, ვინც ცერემონიალს უშუალოდ დაესწრებოდა.

როტონდას, სადაც ინაუგურაცია გაიმართა, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ტევადობა აქვს და ის დაახლოებით 600 ადამიანს იტევს. ტრამპთან ერთად ინაუგურაციაზე ამ ადგილას იმყოფებოდნენ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე, სამხედრო ლიდერები, ყოფილი პრეზიდენტები და მათი მეუღლეები, კაბინეტის ნომინირებული წევრები და ტრამპის მოწვევით მყოფი უცხოელი ლიდერები – მათ შორის, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი ხან ჭენგი. სხვებთან ერთად როტონდაში ინაუგურაციას დაესწრნენ ტრამპის ოჯახის წევრები და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები: ჯეფ ბეზოსი (Amazon), სუნდარ პიჩაი (Alphabet inc), მარკ ზაკერბერგი (Meta), ილონ მასკი (Tesla).

ფოტო: Reuters. როტონდა ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ

ის ადამიანები, რომლებიც როტონდაში ვერ მოთავსდნენ, ტრამპის ინაუგურაციას ემანსიპაციის დარბაზში დაესწრებოდნენ. ამ დარბაზში, რომელიც ასევე კაპიტოლიუმის შენობაში, ვიზიტორთა ცენტრში მდებარეობს, განთავსებული იყო დაახლოებით 1800 სავარძელი იმ სტუმრებისთვის, რომლებიც როტონდაში ვერ დაეტეოდნენ. ამ დარბაზში მყოფ სტუმრებს, მათ შორის გუბერნატორებს, ღირსების მედლების მფლობელებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, კონგრესის წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მეუღლეებს ფიცის დადების ცერემონიის ეკრანებზე ნახვა მოუწევდათ. გეგმის მიხედვით, როტონდას ცერემონიის შემდეგ დონალდ ტრამპი ემანსიპაციის დარბაზში უნდა გადასულიყო.  სალომე ზურაბიშვილიც ინაუგურაციას ემანსიპაციის დარბაზში დაესწრო. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი თავისი მეუღლის, უკვე ვიცე პრეზიდენტის – ჯეი დი ვანსის, მაიკ ჯონსონის და სხვა პირების თანხლებით ემანსიპაციის დარბაზში სიტყვით გამოვიდა და შეკრებილ აუდიტორიას მიმართა. ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოში ასევე ჩანს სალომე ზურაბიშვილიც.

ფოტო: კადრი ინაუგურაციის შემდეგ ემანსიპაციის დარბაზში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლიდან

ამ ფაქტის ამსახველი კადრები სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი Facebook-ანგარიშიდან პირდაპირი ეთერით თავადაც გადაიღო, რაც იმას ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ემანსიპაციის დარბაზში იმყოფებოდა არა მხოლოდ იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ამ დარბაზს ესტუმრა, არამედ მაშინაც, როცა ამერიკის 47-ე პრეზიდენტი როტონდაში საპრეზიდენტო ფიცს დებდა.

მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის პირდაპირ ეთერში, სადაც ასახულია დონალდ ტრამპის ემანსიპაციის დარბაზში ჩამოსვლის პროცესი, ჩანს დარბაზში არსებული ქანდაკებები.

ფოტო: კადრი სალომე ზურაბიშვილის Facebook Live ვიდეოდან

ეს ქანდაკებები ასევე ჩანს ტრამპის ინაუგურაციაზე გადაღებულ და პირდაპირ ეთერში გადმოცემულ კადრებში.

ფოტო: კადრი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პირდაპირი ეთერიდან

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის შენობაში გადატანამდე კაპიტოლიუმის შენობასთან ინაუგურაციაზე დასასწრებად 200 000-ზე მეტ მსურველს ელოდნენ. იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებმაც უამინდობის გამო შეცვლილი დღის წესრიგის გამო კაპიტოლიუმში შესვლა ვერ მოახერხეს, ინაუგურაციის პირდაპირ ეთერში გადმოცემას Capital One არენაზე უყურა, სადაც დაახლოებით 20.000-მდე ადამიანის დატევაა შესაძლებელი.

ამდენად, სალომე ზურაბიშვილი იმ მცირე რაოდენობის ადამიანებს შორის იყო, რომლებმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პროცესის დროს კაპიტოლიუმის შენობაში (როტონდასა და ემანსიპაციის დარბაზში) იმყოფებოდა და ვისაც დონალდ ტრამპმა უშუალოდ მიმართა.

 

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე?

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი შეიძინა.

სინამდვილეში, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ბილეთის შეძენას დაადასტურებდა. ამის საპირისპიროდ, ინაუგურაციამდე თითქმის 1 თვით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, მიიწვია.

„მოხარული ვარ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა გავუგზავნო“, – აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილის ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ წინასაინაუგურაციო მიღებაზე ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო მაღალი თანამდებობის პირებთან და მასთან დაახლოებულ პირებთან წარადგინა.

მაგალითად, 18 იანვარს, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც სალომე ზურაბიშვილი აშშ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან,  სავარაუდო მომავალ თავდაცვის მდივანთან, პიტერ ჰეგსეტთან და დონალდ ტრამპის შვილთან ერთად შეხვედრაზეა გადაღებული.

ამ შეხვედრების ფოტოები თავად სალომე ზურაბიშვილმაც გამოაქვეყნა პოსტში, სადაც აღნიშნა, რომ ის რესპუბლიკური პარტიის წინასაინაუგურაციო შეხვედრას დაესწრო და ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქართველი ხალხის თხოვნა გადასცა.

უშუალოდ ინაუგურაციის დღეს კი ჯო უილსონმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სალომე ზურაბიშვილთან ერთად და აღნიშნა, რომ როგორც წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, ისე ინაუგურაციაზე, სალომე ზურაბიშვილს ის მასპინძლობდა.

ფოტო: კადრი ჯო უილსონის X-დან

„მოხარული ვიყავი, მემასპინძლა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და დღეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო გათავისუფლდება!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამდენად მტკიცება, რომ სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბილეთი შეიძინა, მტკიცებულებებს მოკლებულია. ამის საპირისპიროდ, საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია და ის ცერემონიას კაპიტოლიუმის შიგნით, თუმცა ემანსიპაციის დარბაზში დაესწრო, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მას შემდეგ გადავიდა, რაც შენობის სხვა ნაწილში, კერძოდ, როტონდაში, ფიცის დადების ცერემონიალი დასრულდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]