Home » დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ ადასტურებს. „ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად, ორთაბრძოლა თავიდან უნდა შედგეს და მოუწოდებს UFC-ს დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ახალი ორთაბრძოლის თარიღი, მანამდე კი, მერაბ დვალიშვილი  ჩვენს მიერ ლეგიტიმურ ჩემპიონად არავითარ შემთხვევაში არ იქნება ცნობილი“, – ვკითხულობთ პოსტში. რეალურად, ევროპარლამენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

2025 წლის 19 იანვარს UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით, დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. პირველ რიგში, აღნიშნულ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური ქსელის გვერდებზე (Facebook, Instagram, X) მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. ამავდროულად, თავად პოსტის ავტორსაც არ აქვთ თანდართული წყარო, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაადასტურებდა.

ზოგადად, ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტია და სპორტულ ღონისძიებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებს არ აქვეყნებს, მას ასევე არ აქვს კავშირი კერძო ამერიკულ ორგანიზაცია UFC-თან.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილის მიერ უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ ბრძოლის შესახებ სხვა შინაარსის დეზინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს ხაბიბ ნურმაგომედოვმა საქართველოს მერაბ დვალიშვილის გამარჯვება მიულოცა.

ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს ევროპარლამენტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას არ აღიარებს, ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]