სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტოა ასახული. კერძოდ, თითქოს ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის გამოსახულებიანი მოსაცმელი ეცვა. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია და სინამდვილეში, ზურაბიშვილს მსგავსი მოსაცმელი არ სცმია.
2025 წლის 20 იანვარს აშშ-ში 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელსაც რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილმა თავად გამოაქვეყნა საკუთარ ოფიციალურ Instagram-ანგარიშზე ფოტოები სათაურით: „ინაუგურაციისკენ მიმავალ გზაზე“. ფოტოებში ვხედავთ, რომ მას არა აშშ-ის დროშის გამოსახულებებით გაწყობილი, არამედ წითელ მოსაცმელი აცვია.
პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული სურათი ონლაინ მედია „ტაბულას“ გაყალბებულ ფოტო-ანაბეჭდს წარმოადგენს. „ტაბულამ“ სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ორიგინალი ფოტო მისივე Instagram-ანგარიშიდან გამოაქვეყნა და ამ შემთხვევაშიც, რეალურ პოსტში მე-5 პრეზიდენტს წითელი მოსაცმელი აცვია.
სალომე ზურაბიშვილის ფოტო აშშ-ის დროშის გამოსახულებებით გაწყობილ მოსაცმელში არც ერთ სანდო მედიასა თუ ოფიციალურ პირს არ გაუვრცელებია. გაყალბებული ფოტოები მხოლოდ იმ Facebook-ანგარიშებმა გაავრცელეს, რომელთაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ, მაგალითად 1, 2 (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები 1, 2).