Home » რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა ვიცით მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ არსებული წიგნის შესახებ

Facebook-მომხმარებლების ნაწილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, McDonald’s-ში უფასოდ დარიგებული წიგნებია ასახული. პოსტის ავტორები წიგნებს საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციებს უკავშირებენ და მცირე ასაკის ბავშვებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხების მიმართ ინტერესის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯად წარმოაჩენენ. მაგალითად, პოსTV-ის წამყვანმა ლიზა გეგეჭკორმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნაჩვენები იყო მხოლოდ სურათები და გამაფრთხილებელი ნიშნები „ ამას არიგებენ მაკდონალდში “.

სავარაუდოდ, სწორედ ეს პოსტი გამოიყენა ტელეკომპანია „იმედმა“ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ ქრონიკის სიუჟეტში.

სიუჟეტში წამყვანი ამბობს: „ბავშვების ემოციებზე ზემოქმედების ამორალური ფორმა – ასე შეფასდა მაკდონალდს საქართველოს ახალი პროვოკაცია. კომპანიამ ბროშურები დაამზადა, სადაც პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი და მოზარდებს „ჰეფი მილთან“ ერთად გადაეცემათ“. თავად სიუჟეტში კი აღნიშნულია: „ფსიქოლოგიური ზემოქმედების მორიგი კამპანია არასრულწლოვანებზე. უნივერსიტეტების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შემდეგ იმ კვების ობიექტების ჯერია, რომელთა მომხმარებლები მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ბროშურაში, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები „ჰეფი მილთან“ ერთად საჩუქრად იღებენ, საუბარია ცვლილებებისთვის ბრძოლასა და საპროტესტო აქციებში ჩართვაზე“. სიუჟეტში აღნიშნული ქმედება მაკდონალდსის მხრიდან კიდევ ერთ „პროპაგანდად, საპროტესტო მუხტის გაღვივებად, ტირაჟირებად“, ასევე „ბავშვებში ფსიქოლოგიური ზემოქმედების მორიგ კამპანიადაა“ შეფასებული.

აღნიშნული სიუჟეტი სოციალურ ქსელ Facebook-ზე გააზიარა ახალი ამბების ონლაინ გამოცემამ Tia.ge, მათ პოსტში სიუჟეტზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ „მაკდონალდს საქართველომ“ ბროშურები დაამზადა, სადაც პროტესტის სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი და ისინი მოზარდებს „ჰეფი მილთან“ ერთად გადაეცემათ.

ბროშურის შესახებ უარყოფითი შინაარსის პოსტები გავრცელდა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებში: „ამ წიგნებს მაკდონალდსის ქსელებში არიგებენ უფასოდ. მოდი ვნახოთ,  აქ რა ხდება: მისი  ამერიკელი თანაავტორი, ვილმა  მანკილერი 2010 წელს გარდაიცვალა. მაგრამ საოცარი სიზუსტით აღწერა, თუ  რა მოხდებოდა საქართველოში მისი აღსასრულიდან 14 წლის შემდეგ. ან მეორე ვარიანტიც მაქვს, რომ ჩვენი ძვირფასი USAმშობლო“პროტესტანტები” სწორედ ამგვარი  წიგნებით და ინსტრუქციებით იმართებიან, ჰა, თქვენ რომელი ვერსიის უფრო გჯერათ?“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

„ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელი სასტავი, არიქა, ფული ახლა ბავშვების გონების არევაში უკვე პოლიტიკით, ცოტა ადრე გარყვნით და ათას სისულელეში რიგდებაოო და თარგმნეს და გამოსცეს საბავშვო წიგნები დონორის დაკვეთით. ეხლა არიგებენ. უკვე უფასოდ. მაგალითად ეს წიგნები მაკდონალდში რიგდება“, – აღნიშნულია ირმა ხახუტაიშვილის პოსტში

„ჯეოფაქტსი“ დაინტერესდა სინამდვილეში რაზე მოგვითხრობს ჰეფი მილის წიგნი, უკავშირდება, თუ – არა ის საქართველოში მიმდინარე პროტესტს.

აღსანიშნავია, რომ წიგნი, რომელიც როგორც „ქრონიკის“ სიუჟეტში, ისე სოციალური ქსელის მომხმარებლების პოსტებშია ნაჩვენები სათაურით „მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის“ McDonald’s Georgia-მ „ჰეფი მილის“ პროდუქტში ჯერ კიდევ 2024 წლის 26 იანვარს ჩაუშვა. ამაზე მეტყველებს McDonald’s Georgia-ს Instagram და Facebook-ანგარიშებზე 2024 წლის 26 იანვარს გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც „ჰეფი მილის“ მენიუში სწორედ ამ წიგნის დამატებას ეხებოდა (დაარქივებული ბმული).

ცნობისთვის, მასშტაბური საპროტესტო აქციები 2024 წელს გაზაფხულზე „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იგივე ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას, შემოდგომაზე კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა,  ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის გახსნის საკითხი დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დაეყენებინათ. შესაბამისად, წიგნი მაკდონალდსის „ჰეფი მილში“ მაშინ ჩაეშვა, როდესაც საქართველოში არც გაზაფხულის და არც შემოდგომის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ამასთანავე, წიგნები პერიოდულად ახლდება, მაგალითად, 2024 წლის 26 თებერვალს McDonald’s Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც „ჰეფი მილის“ მკითხველის სერიაში „პატარები დიდი ოცნებებით“ ახალი წიგნი – „მე შემიძლია ვიყო შესანიშნავი მეცნიერი“, წარმოადგინეს. 22 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში კი იმავე სერიის სხვა წიგნი – „მე შემიძლია ვიყო შთამაგონებელი მწერალი“, არის ნაჩვენები. 24 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ჰეფი მილის“ შეძენისას მყიდველს წიგნის – „მე შემიძლია ვიყო ასტრონავტი“, არჩევა შეეძლოთ.

ამდენად, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ McDonald’s-ის რესტორნებში წიგნის – „მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის“, გაყიდვაში ჩაშვება საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება და ეს 2024 წლის დასაწყისში მოხდა.

ამასთანავე, წიგნები უფასოდ არ რიგდება და მას მსურველი „ჰეფი მილს“ მენიუსთან ერთად ყიდულობს. „ჰეფი მილის“ შეძენისას მომხმარებელს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება წიგნსა და სათამაშოს შორის. წიგნის თემატიკის ან სათაურის ნახვა კი მომხმარებელს წინასწარ შეუძლია, რადგან მათი ყდა სათამაშოების მიმდინარე კოლექციასთან ერთად „ჰეფი მილის“ სარეკლამო მასალაზე არის მოცემული.

როგორც უკვე აღნიშნულია, წიგნი „პატარები დიდი ოცნებებით“ სერიიდანაა. აღნიშნული სერია 33-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, სერიიდან 12 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული. სერიის წიგნები მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერების, პოლიტიკოსების, აქტივისტების და სხვა პროფესიის ადამიანების ისტორიას ეხება.

სოციალურ ქსელში ნაჩვენებ წიგნში – „მე შემიძლია ვიბრძოლო ცვლილებებისთვის“, ვილმა მანკილერისა და ემელინ პანკჰერსტის ისტორიებია წარმოდგენილი.

სერიის „პატარები დიდი ოცნებებით“ ვებგვერდზე (Little people, BIG DREAMS) ამ ორი ადამიანის შესახებ ისტორია, ორ სხვადასხვა წიგნადაა წარმოდგენილი.

მაგალითად, მკვიდრი ამერიკელი (ამერიკელი ინდიელი) ქალის ვილმა მანკილერის შესახებ წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ წიგნი ვილმა მანკილერის – ჩეროკების ერის მთავარ ხელმძღვანელად არჩეული პირველი ქალის – ცხოვრებას ასახავს. ხოლო ემელინ პანკჰერსტის შესახებ წიგნის აღწერა მკითხველს სთავაზობს, გაიცნოს ემელინი – ქალთა უფლებების შთამაგონებელი აქტივისტი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ქალთა მომავალი თაობებისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ „მან ცხოვრება არჩევნებში ქალთა ხმის უფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა და ბეჯითი მუშაობითა და დიდი სიმამაცით ულიდერა გასაოცარ მოძრაობას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“.

შესაბამისად, აღნიშნული წიგნები ბავშვებს ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ქალებზე მოუთხრობს. ის, რომ წიგნების შინაარსი სწორედ ადამიანის, კერძოდ კი ქალთა უფლებებზეა, იმ ფოტოებიდანაც ჩანს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კერძოდ, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს წინადადება „როდესაც მთავრობა მათ შეჩერებას შეეცადა, უფრო მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ზოგიერთი სუფრაჟისტი დააპატიმრეს კიდეც“. სუფრაჟისტებს ზოგადად სწორედ იმ მოძრაობის წევრებს უწოდებდნენ, რომლებიც ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებას ითხოვდნენ.

 

ამდენად, წიგნის ის ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ემელინ პანკჰერსტისა და სხვა სუფრაჟისტების მიერ სწორედ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შეეხება. ამ კონტექსტში პროტესტის ის სტრატეგიები, რომლებიც წიგნშია ნახსენები – ქუჩაში სიტყვით გამოსვლა, მარშები, შეხვედრების ჩაშლა, მოაჯირზე თავის მიბმა – ემელინ პანკჰერსტის ისტორიის თხრობის ნაწილს წარმოადგენს.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები, რომლებიც წიგნს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე აქციებს უკავშირებს, არ დასტურდება. ამასთანავე, მცდარია მტკიცება, რომ წიგნი McDonald’s Georgia-ს რესტორნებში უფასოდ რიგდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]