სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „Kristy Labadze” და რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi ფოტოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). ფოტოს თან ახლავს აღწერა: „გიჟმაჟინები ოჯახის სიწმინდის დღეს იცავენ დუბაის საკანში“. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული, თუმცა ამ მითითების გარეშე ის შეცდომაში შემყვანია.
გავრცელებული პოსტის კომენტარების მიხედვით, მომხმარებლების ნაწილი შეცდომაში შევიდა და ფოტო ნამდვილად აღიქვა, ნაწილი კი პოსტის ავტორს კითხვით მიმართავდა, ფოტო ნამდვილი იყო თუ ფოტოშოპი.
მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ირაკლი ზარქუასა და გიორგი გოგოლაძის კანი საკმაოდ გლუვი და არაბუნებრივია. არაბუნებრივი და გაბლარულია (ბუნდოვანია) მათ თავებთან კედლის ფორმაც. ასევე, გოგოლაძის ზურგთან ჩანს თეთრი კონტური, რომელიც სავარაუდოდ, შემოხვეული ხელი უნდა იყოს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელი არაბუნებრივად და ხარვეზებით არის შექმნილი.
ფოტოს შესაქმნელად, სავარაუდოდ, გამოყენებულია გიორგი გოგოლაძის სოციალური ქსელიდან აღებული ფოტო, რომელშიც მას იგივე სვიტერი და ყელსაბამი უკეთია.
ამავდროულად, პროგრამა isitai.com, რომელიც სხვადასხვა სახის მასალაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კვალის ამოცნობას ცდილობს, აღნიშნულ ფოტოზე 80%-იანი ალბათობით უთითებს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
ცნობისთვის, 13 იანვარს დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კიდევ ერთი სავარაუდო თავდამსხმელი გიორგი გოგოლაძეა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ სასტუმროს თანამშრომლისთვის თეფშის სროლისა და მისი დაშავებისთვის დააკავა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო განცხადების თანახმად, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.