Home » სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ლოგოს „ფარული“ მნიშვნელობა „სატანიზმსა და მასონებთანაა“ დაკავშირებული. კერძოდ, ვიდეოში ვხედავთ ენერგეტიკული სასმლის ბრენდს „Monster”, ორცხობილას „Oreo“, Gmail (Google Mail)-ისა და Facebook-ის ლოგოებს და მათ კავშირებს სხვადასხვა მასონურ თუ სატანისტურ სიმბოლოსთან. რეალურად, ვიდეო  ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს შეიცავს და ცნობილი ბრენდების ლოგოების   მასონურ-სატანისტურ სიმბოლოებთან კავშირი არ დასტურდება.  

 

ენერგეტიკული სასმლის ბრენდის Monster ლოგო

ჯერ კიდევ 2014 წელს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით მაყურებლამდე მიაღწია ვიდეომ იმის შესახებ, რომ ენერგეტიკული სასმლის ბრენდი Monster საკუთარ ლოგოში ორგვარ სატანისტურ სიმბოლოს იყენებს. პერიოდულად, აღნიშნული თემა სოციალურ ქსელებში აქტიურდება ხოლმე და ქართულენოვან სივრცეშიც ვრცელდება. სასმლის ლოგოსთან დაკავშირებით ვიდეოში ორი მტკიცებაა. პირველი მტკიცების მიხედვით, ბრენდის მთავარი ლოგო (ლათინური ასო M) იმგვარადაა გამოსახული, რომ ებრაული ენის ასო-ბგერა „ვავ-ს“ მოგვაგონებს.

„ვავ“ სემიტური ენების ანბანში რიგით მე-6 ასოა, მათ შორის არაბულში, არამეულში, ებრაულში და სხვა. ებრაულ ენაში „ვავ“ აგრეთვე აღნიშნავს ციფრ ექვსს.  სწორედ აღნიშნულის შედეგად კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ სასმლის ლოგოზე „ვავ-ის“ მსგავსი მოხაზულობის სამჯერ გამოხატვა სამ ექვსიანს, ანუ 666-ის დატვირთვას ატარებს. შეთქმულების თეორიების მიხედვით კი, 666 ანტი-ქრისტესთან, სატანასთან ასოცირდება.

მეორე მტკიცება ყურადღებას  ბრენდის სახელის სპეციფიკურ დაწერილობაზე ამახვილებს. კონკრეტულად, სიტყვა monster სასმლის შეფუთვაზე შემდეგნაირად  გვხვდება:

დამატებით, კონსპიროლოგები ასო-ბგერა o-ს მოხაზულობას, რომელიც სასმლის სმისას ამოტრიალებულ ჯვარს ჰგავს, ანტი-ქრისტესთან აკავშირებენ.

რეალურად, „სატანის“ ციფრის, ანუ 666-ის ებრაული თარგმანი არ წარმოადგენს სამჯერ დაწერილ „ვავ-ს“, არამედ ის შემდეგნაირად აღინიშნება „თა (400), რეშ (200), სამეხ (60), ვავ (6)“:

აღნიშნულ სიმბოლოთა ერთიანობა კი ენერგეტიკული სასმლის ლოგოს მოხაზულობას არ ჰგავს.

აღნიშნული კონსპირაციის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია PolitiFact-მაც, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს Monster Energy (ენერგეტიკული სასმლის კომპანია) პრესსპიკერმა, მაიკ სითრიქმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ლოგოსთან დაკავშირებული მტკიცება მცდარია და ბრენდის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. ამასთანავე, ბრენდის ლოგოს შემქმნელისა და მარკეტინგის წარმომადგენლის განცხადებით, ასო-ბგერა M დაკბილული კიდეებით წააგავს კვალს, რომელიც შესაძლოა ცხოველის (მონსტრის) კლანჭების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნას.

რაც შეეხება ამოტრიალებულ ჯვარს, აღნიშნული მტკიცებაც მცდარია. რეალურად, ამგვარად გამოსახული ასო O პრე-ქრისტიანული, ბერძნული ასო ფი-ა (phi), რომელსაც სატანისტურ, ანტი-ქრისტიანულ სიმბოლოსთან საერთო არაფერი აქვს.

ამერიკული ორცხობილა Oreo

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ამერიკული სენდვიჩის ტიპის ორცხობილა „ორეო“ და მასთან დაკავშირებული შეთქმულების თეორია. კერძოდ, ვიდეოს მიხედვით, ორცხობილაზე სიტყვა „OREO-ს“ თავზე გამოსახულია ორმაგი ჯვრის სიმბოლო, რომელსაც მომხმარებელი „სატანურ, მასონურ ჯვარს“  ადარებს.

ორეოს ორცხობილაზე კონსპირაციები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე 2014 წლიდან ვრცელდება და სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მაგალითად, Snopes და Logically Facts.

ორეოს ორცხობილას დიზაინი წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 1912 წელს ორეოს უბრალო, ფლორასთან დაკავშირებული დიზაინი ჰქონდა (ფოტოზე მარცხნიდან 1-ლი). 1924 წელს დიზაინი განახლდა (ფოტოზე ცენტრში) და ორცხობილაზე ორი კუ იყო გამოსახული. 1952 წლის ვერსია (ფოტოზე მარცხნიდან მე-3) კი დღევანდელ დიზაინს წარმოადგენს.

წყარო: The Atlantic

1912 წელს ორეოს ორცხობილა „ნაბისკოს“ კომპანიამ (1875 წელს დაარსებული საკვები პროდუქტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია) წარადგინა და მისი თავდაპირველი კონცეფციაცა და დიზაინიც „Sunshine Biscuits-ის“ მიერ 1908 წელს შექმნილ პროდუქციას – Hydrox – უკავშირდება. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა სენდვიჩის მსგავს ორცხობილას, რომლის შიგთავსიც თეთრი კრემი იყო. მსგავსი ორცხობილას წარმოებაში ჩაშვება სენსაცია იყო და 4 წლის შემდეგ Sunshine Biscuits-ის მეტოქემ Nationala Biscuit Company-მ (Nabisco) დაიწყო ორეოს ორცხობილას წარმოება. Hydrox-საც, რომლის ინსპირაციითაც შეიქმნა ორეო, მსგავსი ორნამენტული გამოსახულებები ჰქონდა ორცხობილაზე და შესაძლოა, ორეოს დიზაინიც  სწორედ აღნიშნულთან იყოს კავშირში.

ჟურნალ Mental Floss-ის მიხედვით, 1952 წელს ნაბისკოს თანამშრომელს, უილიამ ტერნიერს დაევალა  ორცხობილას ახალი დიზაინის შექმნა. გავრცელებული კონსპირაციების საპასუხოდ, ამერიკული ჟურნალი „Mental Floss“ დიზაინერის შვილს, ბილი ტერნიერს დაუკავშირდა,  რომელმაც განაცხადა, რომ მამამისს, უილიამს არანაირი კავშირი და დაინტერესება არ გააჩნდა რელიგიური, სულიერი ან მასონური სიმბოლოებისადმი და მისი დიზაინი სრულად ესთეტიკური მოტივაციით იყო შექმნილი. კერძოდ, მისი განცხადების მიხედვით, უილიამ ტერნიერი შთაგონებული იყო მის ეზოში აყვავებული ცეცხლოვანი, ოთხფურცლიანი ყვავილითა და ადრეული შუა საუკუნეების ხელნაწერებით და დიზაინიც ამის მიხედვით შექმნა. ამასთანავე, მისი თქმით, დიზაინერმა პატარა სამკუთხედები სიტყვა „ორეოს“ სიახლოვეში ცარიელი ადგილების შესავსებად გამოიყენა.

ამდენად, ორცხობილას დიზაინის  დაკავშირება „სატანისტურ“ სიმბოლოებთან უსაფუძვლოა.

Google-ის ელექტრონული ფოსტა – Gmail

ვიდეოში კიდევ ერთი კონსპირაცია Google Mail-ის, იგივე Gmail-ის ლოგოსთან დაკავშირებით ვრცელდება. როგორც ვიდეოში ჩანს, მეილის ლოგო დაკავშირებულია მასონთა სამეფო მანტიასთან.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ Gmail მსგავს ლოგოს 2020 წლის შემდეგ აღარ იყენებს. დღევანდელი ლოგო შემდეგნაირად გამოიყურება:

Gmail-ის ლოგომ წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა დიზაინის ძირითადი ჩარჩო არ გამქრალა. კერძოდ, M-ის ფორმის კონვერტი 2004 წლიდან, Gmail-ის შექმნის დღიდან, არსებით მახასიათებლად რჩება. ლოგო, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, 2013-2020 წლებში წარმოადგენდა Gmail-ის სახეს და მას M-ფორმის კონვერტთან ერთად დიზაინში წითლისა და ნაცრისფრის სხვადასხვა ტონის შერევის შედეგად 3D ეფექტი ჰქონდა დამატებული. აღნიშნული ლოგო ბევრად უფრო მინიმალისტური და უბრალო იყო, ვიდრე მისი წინამორბედები, თუმცა რებრენდინგის მიზნით, 2020 წელს ისიც ჩანაცვლდა უფრო მარტივი, მაგრამ ფერადი M-ფორმის კონვერტით. ელექტრონული მეილის ლოგოდ M-ფორმის კონვერტის გამოყენება მარკეტინგული გათვლა იყო Gmail-ის დანიშნულების (ასო-ბგერა M აღნიშნავს სიტყვა Mail-ის ინიციალს, Mail კი ინგლისურად ფოსტას ნიშნავს)  გამოსახატავად და მისი კავშირი მასონურ სამეფო მანტიასთან არ დასტურდება.

სოციალური ქსელი Facebook

ვიდეოს ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სოციალური პლატფორმის, Facebook-ის ლოგოზე, რომელიც თუბალ-კაენის სიმბოლიზმთანაა დაკავშირებული.

ბიბლიაში თუბალ-კაენი ადამისა და ევას შთამომავალია კაენის ხაზით და იგი სპილენძისა და იარაღის მჭედელია. მასონურ სწავლებებში მისი ოსტატობისა და ხელოსნობაში წვლილის წყალობით, მას განსაკუთრებული როლი ენიჭება და მიჩნეულია, როგორც „ჩვენი მასონური წინაპარი“. თუბალ-კაენის მასონური სიმბოლო წააგავს Facebook-ის ლოგოს, თუმცა მტკიცება, რომ მარკ ცუკერბერგმა ლოგო მასონური გავლენით შექმნა, არ დასტურდება. ამ სოციალური ქსელის ლოგო რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა და თითოეულს თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ლოგომ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაირა, თუმცა ლურჯი ფონი არცერთხელ არ შეცვლილა. როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის შემქმნელი და დამფუძნებელი, დალტონიკია და წითლის, მწვანისა და ყვითლის აღქმა უჭირს, ხოლო საუკეთესოდ სწორედ ლურჯის დანახვა შეუძლია – მისივე თქმით, „ლურჯი ყველაზე მდიდარი ფერია ჩემთვის, ყველანაირი ლურჯის დანახვა შემიძლია“. რაც შეეხება, ლოგოზე გამოსახულ ასო-ბგერა f-ს, იგი Facebook-ის ინიციალია, ეს სახელი კი მარკ ცუკერბერგმა საკუთარ პლატფორმას ჰარვარდის უნივერსიტეტში დარიგებული ცნობარების შთაგონებით დაარქვა. აღნიშნული ცნობარები (face book) სტუდენტების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა და მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარებოდა. ბოგდან სანდუს, ვიზუალურ ბრენდინგში სპეციალიზებული ვებსაიტების დიზაინერის თქმით, ასო-ბგერა f-ის ლოგოდ გამოსახვა კომპაქტურია, რადგან აპლიკაციაზე მისი სიმბოლოს დატანა მარტივია და თან კომპანიის იდენტობასაც ინარჩუნებს. გარდა ამისა, სახელწოდების ამგვარი სიმარტივით გამოტანით, სანდუს თქმით, ადამიანის ტვინი მარტივად,  ზედმეტი ძალიისხმევის გარეშე ცნობს ლოგოს. ბოლოს, ლოგოზე ასო-ბგერა “f” კონკრეტული, სპეციალურად შერჩეული ფონტითაა დატანილი. კერძოდ, დიზაინისთვის გამოყენებულია Klavika, რომელიც, სანდუს მიხედვით, გეომეტრიული ფორმისა და სტრუქტურის საშუალებით უფრო მეგობრულ შეგრძნებებს იწვევს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ Facebook-ის ლოგო სრულად მარკეტინგული გათვლითაა შექმნილი და მისი მასონურ სიმბოლიზმთან კავშირი არ დასტურდება.

ამრიგად, ვიდეოში გამოთქმული მტკიცებები არ დასტურდება.

თეგები
1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]