Home » პლაკატი, რომელიც პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვას შეიცავს და მიმდინარე აქციების დისკრედიტაციას ემსახურება, ყალბია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

პლაკატი, რომელიც პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვას შეიცავს და მიმდინარე აქციების დისკრედიტაციას ემსახურება, ყალბია

სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, ვირუსულად ვრცელდება პლაკატის ფოტო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის მოწოდებას შეიცავს. „აწიოს პატრიარქმა ფითქინა ***** და მოვიდეს აქ“ – წერია პლაკატზე. აღნიშნულ პლაკატს სოციალური ქსელის მომხმარებლები საქართველოში 28 ნოემბრიდან გამართულ აქციებს უკავშირებენ (იხილეთ პოსტი 1, 2, 3, 4, 5) (დაარქივებული ბმული 1, 2, 3).

„გადაეცით, რომ იუდების პოზიციაზე ხართ, არ გეპატიებათ ამათი გამართლება და გვერდით დგომა!“ – ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

„92 წლის პატრიარქს როცა გიგინებენ, მასზე ასე საუბრობენ ამ ლოზუნგებს იყენებენ, შენ კი გვერდით უდგეხარ და მართლმადიდებელ ქრისტიანს ეძახი შენ თავს, არ გრცხვენიათ როცა ამას უშვებთ?!“ – აღნიშნულია კიდევ ერთ პოსტში.

აღნიშნული პლაკატის ფოტოზე დაყრდნობით ინფორმაცია Instagram-სა და TikTok-ზეც გავრცელდა.

ამდენად, აღნიშნული პლაკატის ფოტოს საპროტესტო აქციის მონაწილეების მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ადამიანების მომხრეებად წარმოსადგენად იყენებენ, რაც მთლიანად პროტესტის და მისი მიზნების დისკრედიტაციას ისახავს.

„ჯეოფაქტსმა“ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პლაკატის ფოტო გადაამოწმა. სურათების უკუძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) გამოყენებით აღნიშნული პლაკატის ფოტოებს 2019 წელს გამოქვეყნებულ პოსტებში მივაგენით. შესაბამისად, ის 2024 წლის ნოემბერში დაწყებულ საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება. მეტიც, „ჯეოფაქტსმა“ იპოვა ის ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში ბანერი უჭირავს და რომელმაც დაადასტურა, რომ ბანერზე ილია მეორეს შესახებ ტექსტი რედაქტირებულია.

 

როგორ მივაგენით პიროვნებას, რომელსაც ბანერი უჭირავს?

სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტო ყველაზე ძველი თარიღით 2019 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ  რამდენიმე პოსტში იძებნება (დაარქივებული პოსტი 1, 2, 3).

შესაბამისად, ფოტომ სოციალურ ქსელში გავრცელება სულ მცირე 2019 წელს დაიწყო.

2019 წელს გამოქვეყნებულ პოსტებში პლაკატის ფოტოსთან ერთად ჩანს სამი ახალგაზრდის ფოტოც, რომლებსაც ხელში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით „ხატები“ უჭირავთ. სავარაუდოა, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს სოციალურ ქსელში ილია მეორეს შესახებ პლაკატის გავრცელება სწორედ გირჩის აქტივისტების მიერ 2019 წლის 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის სახის გამოსახულებით ხატს მიმსგავსებული ბანერების გამოტანას უკავშირდება. ამ დღეს „გირჩის“ აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ივანიშვილს „ვხედავ მეცხვარეს“ უმღერეს. სავარაუდოა, რომ 2019 წელს გამოქვეყნებულ პოსტებში გამოყენებული ორივე ფოტო ერთი კონტექსტით – ეკლესიის, ქრისტიანობის, პატრიარქის საწინააღმდეგო ნაბიჯადაა წარმოდგენილი და ორივე 2019 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ აქტივისტების მიერ მოწყობილი აქცია-პერფორმანსისგან განსხვავებით, რომლის ამსახველი ინფორმაცია და ფოტოები არაერთ ონლაინ მედიას აქვს გაშუქებული (ბმული 1, 2, 3, 4), ახალი ამბების გამოცემებში პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატის ამსახველი ფოტო არ მოიძებნება. მისი პოვნა მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლების პოსტებშია შესაძლებელი. ეს ქმნის ეჭვს, რომ აღნიშნული პლაკატი სინამდვილეში შეიძლება, არც არსებობს და ის ფოტომანიპულაციის შედეგად სწორედ იმისთვის გააყალბეს, რომ სოციალურ ქსელებში გაევრცელებინათ.

ვინაიდან პლაკატის სავარაუდოდ ყველაზე ძველი ხელმისაწვდომი ფოტო 2019 წლის 26 ნოემბრით თარიღდება, ის, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის დროსაა გადაღებული. ფაქტზე, რომ ფოტო სწორედ რუსთაველის გამზირიდანაა, მეტყველებს ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში ნაჩვენები შენობის ნაწილი, რომელიც მიგვითითებს, რომ შენობა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმია, რომელიც სწორედ პარლამენტის მოპირდაპირედ მდებარეობს.

საპროტესტო აქციები 2019 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ მიერ 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. ამ მიზეზით საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს დაიწყო და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე რამდენიმე ნიშანია, რასაც შეიძლება, ყურადღება მივაქციოთ. კერძოდ, იმ ადამიანს, რომელსაც პლაკატი უჭირავს აცვია ჯინსის ქურთუკი, რომლის სახელოები აკეცილია. ამ ადამიანს ასევე აცვია მუქი ფერის დახურული მაისური, რომელიც ფარავს მაჯას და ორივე ხელის მტევნის ნაწილს. შეიძლება დავაკვირდეთ თავად პლაკატის პროპორციებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს მაღალი გარჩევადობის ხარისხში მოპოვება შეუძლებელია, მაინც შესამჩნევია პლაკატის მჭერი ადამიანის მარჯვენა ხელის არათითზე არსებული ბეჭედი.

ამ დეტალების გათვალისწინებით, „ჯეოფაქტსმა“ 2019 წლის საპროტესტო აქციებისას დემონსტრანტების მიერ აქციებზე მიტანილი პლაკატები შეამოწმა.

2019 წლის 15 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნდა ვიდეოკოლაჟი, მასში ნაჩვენებია ერთ-ერთი პლაკატი, რომელიც შეგვიძლია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან შევადაროთ. კერძოდ ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გადაღებულ ფოტოზე დაფიქსირებულ იმ ადამიანს, რომელსაც ხელში ბანერი უჭირავს, ასევე ჯინსის ქურთუკი აცვია, სახელოები კი აკეცილი აქვს. ქურთუკის ქვეშ მას მუქი ფერის მაისური აცვია, ხოლო მარჯვენა ხელის არათითზე ჩანს მბრწყინავი ნივთი, რაც სავარაუდოდ ბეჭედია. ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ რეალურად პლაკატზე არსებული წარწერა ბიძინა ივანიშვილს მიემართება: „ბიძინა, თუ გეწყინა, გამოდი“ – ვკითხულობთ მასზე.

ფოტო: კადრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეო-კოლაჟიდან

აღნიშნული მოწოდება მიემართება ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას რომელშიც მან აღნიშნა, რომ ის, რჩებოდა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრედ და „გულწრფელად სწუხდა“ იმის გამო, რომ ეს ვერ მოხერხდა.

ამ ბანერის ფოტო გამოქვეყნებული აქვს ონლაინ გამოცემა „პუბლიკასაც“. ფოტოზეც ბანერი უჭირავს ადამიანს ჯინსის ქურთუკითა და მუქი ფერის სამოსით, გრძელი სახელოებით. ამ ფოტოშიც ბანერზე ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული მოწოდება წერია.

ფოტო: „პუბლიკას“ მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებული ფოტო

2019 წლის 14 ნოემბერს ბანერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართება, „ნეტგაზეთმაც“ გამოაქვეყნა. ფოტოზე ბანერი ახალგაზრდა ბიჭს უჭირავს, თუმცა მის წინ ჩანს, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჯინსის ქურთუკი და მუქი ფერის შიდა დახურული მაისური აცვია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ახალგაზრდა ქალს ეჭირა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბანერი, რომლის ამსახველი ფოტოც მოგვიანებით ფოტომანიპულაციების გამოყენებით გააყალბეს.

ფოტო: „ნეტგაზეტის“ მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებული სურათი

დეტალების დასაზუსტებლად „ჯეოფაქტსი“„ნეტგაზეთის“ პოსტზე ფოტოში მონიშნულ პიროვნებას დაუკავშირდა და დაადგინა, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი ნინია პაჭკორიაა, რომელმაც „ჯეოფაქტსთან“ მიმოწერაში დაადასტურა, რომ როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ბანერების ფოტოებზე, ისე ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ნეტგაზეთის“ ფოტოებზე სწორედ ის არის გამოსახული. მან ისიც დაადასტურა, რომ ფოტო, რომელზეც ილია მეორეს მისამართით გაჟღერებული მოწოდება წერია, სინამდვილეში რედაქტირებულია. ბანერზე სინამდვილეში აღნიშნულია: „ბიძინა, თუ გეწყინა, გამოდი“. მან სოციალურ ქსელში თავადაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფოტო, რომელსაც აქციების დისკრედიტაციისთვის იყენებენ, გაყალბებულია (დაარქივებული ბმული).

დამატებით, ბანერზე, რომელსაც დემონსტრაციების დისკრედიტაციისთვის იყენებენ, ფოტომანიპულაციის ნიშნები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. ასეთ ნიშნებს შორის არის არაბუნებრივი შუქ-ჩრდილები, განსხვავებული ფერი პლაკატის სხვადასხვა ნაწილებზე და ა.შ.

ფოტო: არაბუნებრივი სხვაობა ბანერის ფერებს შორის

ამასთანავე, ფაქტზე, რომ სოციალურ ქსელში აქციების მადისკრედიტირებელი პლაკატის ამსახველი ფოტო ფოტომანიპულაციაა, მეტყველებს გაყალბებული ფოტოების ამომცნობი პროგრამაც. მაგალითად, Fakeimagedetector-ის მიხედვით, ფოტო კომპიუტერის მიერ გენერირებული ან მოდიფიცირებულია.

დასკვნა

მტკიცება, რომ ილია მეორეს მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატი 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ აქციებს უკავშირდება, მცდარია. სოციალურ ქსელში ამ პლაკატის ფოტოები სულ მცირე 2019 წლიდან იძებნება. თუმცა, თავად 2019 წლის პოსტებში გამოქვეყნებული ეს ბანერიც ფოტომანიპულაციის შედეგია და ის გაყალბებულია. რეალურად პლაკატზე, რომელიც შემდეგ გააყალბეს აქციაზე მისვლისკენ არა პატრიარქს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებდნენ.

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]