სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პოსტის სახით (დაარქივებული ბმული) ავრცელებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვიდან ამონარიდს, რომელიც მან მარ-ა-ლაგოს მამულში გამართულ პრესკონფერენციაზე 2024 წლის 7 იანვარს გააკეთა. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინის გვერდზე ზის, სავარაუდოდ, სავახშმო მაგიდასთან და ორივე მათგანს ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და სინამდვილეს არ ასახავს.
მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს. მაგალითად, ფოტოზე ვხედავთ, რომ ჭიქას, რომელიც პუტინს უჭირავს ხელში, ორი ფეხი აქვს და თან რუსეთის პრეზიდენტის თითებს არაბუნებრივად ერწყმის. გარდა ამისა, კიდევ ერთ ჭიქას ვხედავთ ფოტოს მარცხენა კუთხეში, რომლის ზედაპირიც მორფირებულია, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოს მახასიათებელია. დამატებით, სურათზე ვხედავთ დონალდ ტრამპის ყურს, რომელიც არაბუნებრივად, კონტურების გარეშე ერწყმის მისსავე თმას, რაც AI-გენერირებული ფოტოს ერთ-ერთი ნიშანია.
ფოტოს სიყალბეს ამტკიცებს ისიც, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა. გარდა ამისა, რეალურად, ფოტოს პირველწყარო Instagram-გვერდია სახელად „nftplug”, რომელმაც პოსტი 2024 წლის 9 იანვარს გაავრცელა შემდეგი აღწერით: „ხელოვნური ინტელექტი ქმნის შეხვედრის სცენარებს პუტინისა და ტრამპის მონაწილეობით“. ფოტოები შექმნილია Midjourney-ის მეშვეობით, რომელიც AI-ს მიერ გენერირებული ფოტოების პროგრამაა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ეს ფოტო სხვა უცხოურმა თუ ქართულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც რედაქტირებულად შეაფასეს: მაგალითისთვის, იხ. ბმული 1, 2, 3.